რას ამბობს ლევან რატიანი ანდერძით მიღებულ სადავო ქონებაზე: პროფესორის ხელით დაწერილი ანდერძი ნამდვილად არსებობს..
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ონლაინ მედიაში გამოქვეყნდა. საუბარია აწ გარდაცვლილ ცნობილ მეცნიერზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის პროფესორ მაია დგებუაძეზე.
ლევან რატიანი „ჯორჯიან თაიმსთან აცხადებს, რომ ანდერძი, რომლითაც მას დგებუაძის მემკვიდრეობა გადაეცა, ნამდვილად არსებობს. ექიმი ყვება რა აკავშირებდა მაია დგებუაძესთან და როგორ გახდა მისი სამართალმემკვიდრე.
ლევან რატიანი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მისი უდანაშაულობის შესახებ მტკიცებულებებს ასაჯაროებს.
„პროფესორის ხელით დაწერილი ანდერძი ნამდვილად არსებობს, რომელიც შედგენილია ივლისში, მე კი ნოემბერში მომიტანა. ამ ანდერძის შესახებ არ ვიცოდი ჯერ კიდევ ნოემბერში, როცა ქალბატონი მაია გამოკვლევებს იკეთებდა. ის იყო ჩემი პროფესორი, მასწავლიდა ანატომიას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე მესწავლა. ის ჩემი საუკეთესო უფროსი მეგობარი იყო.
კოვიდიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი მასთან კონტაქტი არ მქონია და დაახლოებით, 2020 წლის მაისში მითხრა, რომ ვერ ყლაპავდა, ვერ სვამდა და ჩვენთან კლინიკაში მოვიდა. მას თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა აბსოლუტურად ყველა კვლევა. ბიოფსიის შედეგად დადგინდა დიაგნოზი – თავქვე სიმსივნე, რომელიც იწვევდა სასიცოცხლო ფუნქციების მოშლას. თოდუას კლინიკაშივე დაიგეგმა ოპერაციაც. მაია ანატომი იყო და თავიდან ბოლომდე იცოდა ყველაფერი, რა და როგორ იქნებოდა. მას უნდოდა გერმანიაში ოპერაცია ექიმ ასლან გერმანიშვილთან გაეკეთებინა. საბედნიეროდ, ასლანი საქართველოში იყო ჩამოსული. კვლევების საფუძველზე, ასლან გერმანიშვილი და დიმა კორძაია ქალბატონ მაიასთან ერთად ოპერაციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ, ბატონმა ასლანმა ეს ოპერაცია ჩემს კლინიკაში ჩაატარა,”– აცხადებს რატიანი.
ექიმის თქმით, მაია დგებუაძემ, რომელმაც დიაგნოზიდან გამომდინარე იცოდა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, რატიანს ანდერძის სახით ის ყველაფერი დააბარა, რაც გარდაცვალების შემდეგ მას უნდა შეესრულებინა. რატიანის თქმით, პროფესორმა ანდერძის მიხედვით, უძრავ ქონებასთან ერთად, სამეცნიერო ნაშრომებიც გადასცა, რომელთა დასრულება, შემდეგ კი გამოქვეყნება დააბარა.
„ნოემბერში, როცა უკვე ოპერაცია დაგეგმილი იყო, მაიამ მითხრა, რომ იმ დღეს მასთან სახლში ადრე მივსულიყავი. მაჩვენა რომელი ფეხსაცმელი და სვიტერი უნდა ჩამეცმია მისთვის გარდაცვალების შემდეგ და მითხრა, როდესაც ის სიცოცხლეს დაასრულებდა, რა უნდა გამეკეთებინა. მან მომცა ჩანთა და დააყოლა, რომ იქ ყველაფერი ეწერა, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა შემესრულებინა. თუ არ ვცდები, 10 დეკემბერი იყო, როცა აღნიშნული ჩანთა გავხსენი და ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ის დიდი ტვირთი, რასაც ანდერძი ერქვა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
კითხვაზე, რატომ უანდერძა პროფესორმა რატიანს თავისი მემკვიდრეობა, ექიმი აცხადებს, რომ პროფესორს ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ამის მიზეზი ანდერძშიც ეწერა.