რაგბის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, ბრიტანეთში ქართველი სამხედრო მორაგბეებიც ასპარეზობენ (ფოტოკოლაჟი)
გაერთიანებულ სამეფოში შეიარაღებულ ძალებს შორის საერთაშორისო რაგბის ტურნირის ფარგლებში, ქართველმა სამხედრო მორაგბეებმა პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდის წინააღმდეგ იასპარეზეს. დამარცხების მიუხედავად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რაგბის ნაკრებმა დიდი გამოცდილება მიიღო.
სამხედრო მორაგბეების გასამხნევებლად ინგლისის ქალაქ პორტსმუსმში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩავიდა.
„ეს არის უდიდესი გამოცდილება ჩვენი ბიჭებისთვის. სამხრეთ აფრიკის გუნდი ერთ-ერთი ძლიერი გუნდია ქვეჯგუფში. ჩვენმა სამხედროებმა ღირსეულად ითამაშეს. ეჭვი არ მეპარება, რომ თამაშიდან თამაშამდე თავის შედეგს გააუმჯობესებენ. უპირველეს ყოვლისა, მთავარია გამოცდილების მიღება, ახალი ტაქტიკური მონახაზების ათვისება და შემდეგისთვის მომზადება. ეს უდიდესი გამოცდილებაა ჩვენი ბიჭებისთვის. თამაში ნამდვილად ღირსეული იყო. მახსოვს ის პერიოდი, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დამარცხებებით იწყებდა, მაგრამ მიაღწია იმას, რასაც მიაღწია. ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ წინ ვივლით და მივაღწევთ შესაბამის შედეგს,“ – აღნიშნა გენერალ-მაიორმა თამაშის დასრულების შემდეგ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების რაგბის ნაკრები ახლად ჩამოყალიბებული გუნდია. ქართველი სამხედრო მორაგბეები საერთაშორისო ტურნირზე პირველად მონაწილეობენ. ჩემპიონატის ფარგლებში შეიარაღებული ძალების ნაკრები დიდი ბრიტანეთისა და ტონგას გუნდებს 12 და 15 ოქტომბერს დაუპირისპირდება.