მხატვრული ფილმი ”ლაზარეს თავგადასავალი”, კინორეჟისორი ძმების: ქართლოს და რამაზ (ბუბა) ხოტივარების ნამუშევარი პირველად კინოს სახლში უჩვენეს. გეგა კობახიძისა და ავთანდილ მახარაძის ტანდემთან ერთად ეკრანზე კახი კავსაძე, ზოზო ბაქრაძე, გურამ ნიკოლაიშვილი, ვასილ ჩხაიძე, ჯემალ ღაღანიძე და სხვა მსახიობები ჩანდნენ. ობოლი ბიჭისა და მოხეტიალე ბრმის ამბავი, რომლებიც სოფლიდან სოფელში ლუკმაპურის საშოვნელად დადიან, პრემიერის მეორე დღიდანვე მოექცა ყურადღების ცენტრში. თუმცა, მანამდე ქალაქში არანაკლები რეზონანსი მოჰყვა იმ ტრაგედიას, რაც ამ სურათის შექმნის პერიოდში ცნობილი კადრების ”მიღმა” დატრიალდა…
ხოტივარები რაჭველები არიან. ლევან ხოტივარსა და თამარ მიქელაძეს სამი შვილი ჰყავდათ: გოგონა და ორი ვაჟი. ლევან ხოტივარი დამდგმელი რეჟისორია ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორიცაა ”მხიარული რომანი”, ”ჭრიჭინა”, ”უდიპლომო სასიძო”, ”განაჩენი” და სხვა. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ფილმის სცენარი და ასევე 10-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. თამარ მიქელაძე კი თბილისში ცნობილი გინეკოლოგი გახლდათ.
1968 წლის გაზაფხულზე ქართლოსმა თავის უმცროს ძმას მოსკოვში დაურეკა. იმხანად ბუბა ”ვგიკის” კინოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. უფროსმა ძმამ გახარებულმა აუწყა, რომ ფილმის გადაღება დაამთავრა და მალე მონტაჟის პროცესს იწყებდა. ფილმ ”სერენადას” გულისხმობდა, რომელიც რეზო გაბრიაძისა და ქართლოს ხოტივარის სცენარის მიხედვით დაიდგა. თავად რეჟისორი ნამუშევრით ძალიან კმაყოფილი იყო და დადებითი შეფასებები მოისმინა მათგან, ვის აზრსაც დიდად აფასებდა. მოგვიანებით, ამ ფილმმა არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა და ჩვენს კინოისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოკლემეტრაჟიან სურათად მიიჩნევა.
ბუბა ხოტივარმა დიპლომი 1971 წლის ივნისში დაიცვა და თბილისში ჩამოვიდა. იმხანად “ლაზარეს თავგადასავალზე” მუშაობა ქართლოს ხოტივარს უკვე დაწყებული ჰქონდა. მასალა მშვენიერი გამოდიოდა, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში ისეთი რამ მოხდა, რამაც მთლიანად შეცვალა რეჟისორის და, საუბედუროდ, სხვების ცხოვრებაც. ბუნებრივია, ამ ამბავმა დიდი ტკივილი დატოვა არა მხოლოდ ორ ოჯახში, არამედ მათშიც, ვინც იმ დროს მათ გვერდით იყო. დღემდე ბუბა ხოტივარს პირად, ოჯახურ ტრაგედიაზე საუბარი არ სიამოვნებს და დეტალების გახსენებას თავს არიდებს: ”ალბათ, ამას ვერასოდეს ვერავინ დაადგენს, რა და რატომ მოხდა, მაგრამ მე მთელი ცხოვრება გამომყვა, როგორც უდიდესი ტრავმა…”
ვინაიდან ამ ტრაგედიის მოწმე არაერთი ადამიანი აღმოჩნდა, მათგანვე სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. იმ პერიოდში ბევრ ჭორ-მართალს მოისმენდით, ხალხი მტყუან-მართლის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ მაინც ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა.
”ლაზარეს თავგადასავალს” სოფელ წინარეხში იღებდნენ. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფიც იქვე დაბანაკდა. მათ ბინასთან ახლოს გეოლოგიური ექსპედიცია ჩავიდა, გეოლოგები მალე დაუმეგობრდნენ გადამღები ჯგუფის წევრებს. ერთად სადილობდნენ, ვახშმობდნენ, მოკლედ, დიდ დროს ატარებდნენ გვერდიგვერდ. ქართლოს ხოტივარს ქართლში თან ცოლ-შვილი ჰყავდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ რეჟისორმა ცოლისა და ერთ-ერთ გეოლოგის სავარაუდო ურთიერთობის გამო ეჭვიანობა დაიწყო.
ერთი ვერსიის მიხედვით, სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, ხელოვანებმა გორში გადაინაცვლეს გადაღების გასაგრძელებლად. ერთ დღესაც გეოლოგებმა მეგობრებს იქ ჩააკითხეს. სუფრას რომ შემოუსხდნენ და დალიეს, რეჟისორი და ახალგაზრდა გეოლოგი წაკამათდნენ. ამის შემდეგ ქართლოს ხოტივარმა სტუმარს დანაც მოუქნია, რომელიც მას საძილე არტერიაში მოხვდა და ომარ დანელია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სისხლისგან დაიცალა.
თუმცა, მაშინვე მეორე ვერსიაც გავრცელდა: 27 სექტემბერს ომარ დანელია მეგობრებთან ერ-თად გორში “ინტურისტის” რესტორანში წასულა სავახშმოდ და ეს ტრაგიკული ამბავიც სწორედ იქ დატრიალდა. 36 წლის ქართლოს ხოტივარი გორში, რესტორანში შევიდა, სუფრასთან მყოფებს მიესალმა, ომარ დანელიას ხელი მოხვია და საძილე არტერია გადაუჭრა იმ ხანჯლით, რომელსაც როგორც რეკვიზიტს, გადაღებების დროს იყენებდნენ.
მოკლულს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რასაც საკმაოდ ხანგრძლივი სასამართლო პროცესი მოჰყვა. სასამართლოზე გაირკვა, რომ გეოლოგს რეჟისორის მეუღლესთან არანაირი რომანი არ ჰქონია. რეჟისორი სასჯელს ჯერ რუსთავში, შემდეგ ციმბირისა და ურალის სასჯელაღმკვეთ დაწესებულებებში იხდიდა.
ბუნებრივია, ”ლაზარეს თავგადასავლის” გადაღებები შეწყდა, არადა, ფილმის მეოთხედი ნაწილი უკვე გადაღებული იყო. მოგვიანებით ის მისმა ძმამ, ბუბა ხოტივარმა დაასრულა, რომელიც რეზო ჩხეიძის ”წაქეზებით” ჩაუდგა სათავეში ფილმის წარმოების პროცესს.
”ლაზარეს” გადაღების დროს გეგას გაბრაზებული სახის ეპიზოდის გადაღება მინდოდა,- იხსენებდა რამდენიმე წლის წინ ”რეიტინგთან” ინტერვიუში ბუბა ხოტივარი,- ”არაფრით არ გამოდიოდა ეს სცენა. არ ვიცოდი, რა მექნა, რატომ უნდა მეტკინა პატარა ბავშვის სათუთი გული. ბოლოს ვითომ ვიღაცაზე გავბრაზდი, ავყვირდი, დავყვირდი, მოკლედ, ცუდი საქციელი ჩავიდინე. გეგა მე ასეთს არ მიცნობდა და გაკვირვებული მიყურებდა, მერე იმასაც შევუბღვირე, რას ბღავი აქ, დადექი კამერასთან და არ დავინახო ცრემლი-მეთქი!
ჩამოუშვა ცხვირი, მაგრამ დამემორჩილა, დადგა კამერასთან და ზუსტად ის სახე ჰქონდა, რაც საჭირო იყო. გეგას გაცინე-ბის სცენაც რთული გადასაღები გამოდგა. თუ გახსოვთ ეპიზოდი, როცა მღვდელი, დიაკვანი და ანარქისტი დიდი ჩხუბის მერე შერიგდებიან და ქეიფობენ. ამას უყურებს ლაზარე და კვდება სიცილით. გეგა იმ დღეს ცუდ ხასიათზე იყო. ვერაფრით გავაცინე, არადა, გულწრფელი სიცილია საჭირო. მაშინ კამერის უკან დავიწყე ხტუნვა და ათასგვარი მაიმუნობა. ბავშვს გულიანი სიცილი აუტყდა და სწორედ ეს კადრი ჩაჯდა ფილმში. ბოლოს უკვე გეგას საკმაო პრაქტიკა ჰქონდა გავლილი და რასაც ვეუბნებოდი, აკეთებდა…”
1972 წელს ფილმი მზად იყო. ქართლოს ხოტივარმა გადაღების დასრულებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლო ენახა თავისი წამოწყებული და ძმის მიერ დასრულებული ფილმი- ”ლაზარეს თავგადასავალი”. ამის ნება მას რუსთავის კოლონიაში ყოფნისას, იქვე შენობაში დართეს.
იმ წლების განმავლობაში, როცა ქართლოს ხოტივარი სასჯელს იხდიდა, მისი მეუღლე გა-თხოვდა. ათი წლის შემდეგ კი ციხიდან გამოსული რეჟისორი საერთოდ ჩამოშორდა კინოს. შემდგომ წლებში რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ სუიციდის მცდელობა დროულად აღკვეთეს. თუმცა სიცოცხლე მაინც ტრაგიკულად დაასრულა- 54 წლის ასაკში ქართლოს ხო-ტივარმა თავი მოიკლა…
წყარო: რეიტინგი