ნუ იქნებით ასეთი პატარძლები – ქართული ქორწილის ნაცნობი შტრიხები

და იდგა სიონთან თეთრი სიფრიფანა კაბით კაფანდარა გოგო და შემოდგომის გრილი ნიავი თმას უწეწავდა… ხო, წესით ასე უნდა იწყებოდეს ყველა პოსტი ქორწილის და პატარძლის შესახებ, მაგრამ არა: ეს სულ სხვა ისტორიაა.
ვიდექი სიონთან, შევყურებდი ახლადჯვარდაწერილ, ნეილონის, ქართულ მოტივებზე შეკერილ კაბაში გამოწყობილ პატარძალს, მის პრიალა, გახრიგინებულ “ლოკონებს” ქარი რომ ძვრას ვერ უშვრებოდა და ლურჯად შეღებილ თვალებს დაბნეული რომ აცეცებდა. გვერდით თეთრჩოხიანი ქმარი ედგა. როყიო (კაი ხანია ეს სიტყვა არ წამომცდენია). ნეფე როყიო იყო. ედგა პატარძალს სხვათაშორის. გაჩერებაზე რომ ვინმე ამოგიდგება გვერდში, აი, ეგრე ედგა.
შინდისფერკაბიანი, “ჰაიჰილზებზე” შემდგარი მეჯვარე პატარძალს თავზე დასცქეროდა და დიდ ძუძუებზე მანდილს იფარებდა. ქარი ჯიუტობდა. მანდილს ებრძოდა. მის ძუძუებს თვალს არიდებდა ქამარ-ხანჯალში ცერათითებჩაყოფილი შავჩოხიანი მეჯვარე. ქალები დადიოდნენ კისერწაგრძელებულები და მუხლებში ჩაკეცილები. ადვილი არ არის “ჰაიჰილზე” დგომა. აქა-იქ ქუსლები კაბის გრძელ ბოლოებზე ედებოდათ და ასეთ დროს ფერად და სულელ ფლამინგოებს ემსგავსებოდნენ, ცალ ფეხზე დარჩენილები, კაბის ბოლოს ქუსლიდან განცალკევებას რომ ლამობდნენ.
ნაჭრები იყო ხავერდის. ატლასის. შიფონისაც. ეს ის მაყარი იყო, ტანგას რომ არ ცნობენ, მაგრამ გულამოღებულ და მოტკეცილ კაბებზე უარს ვერ ამბობენ. დუნდულებზე და ხორციან ფერდებზე ზედმეტად შემოჭერილი კაბები ქალების საცვლების კონტურებს ხაზს უსვამდა და ამჯერად მათ ჩათქვირებული ფლამინგოების ელფერს აძლევდა. დრო და დრო პატარძალთან მიეხონხლებოდნენ, “სონი”-ის კამერით ფოტოს იღებდნენ, ეგრევე კამერის ეკრანს ეძგერებოდნენ და აუუუუ, ერთი კიდევ გადავიღოთო, პატარძალთან ბრუნდებოდნენ, რომელიც ნელ-ნელა სევდიან თეთრ ბუს ემსგავსებოდა. ცოტა ხანში ჩოხიანმა ქმარმა ცოლს მხარი გაკრა, ჰა, წავიდეთო და პატარძალმაც წაიგდო წინ კისერი. ისიც “ჰაიჰილზებზე” მდგარა…
და დაიძრა სიონიდან ნეფე-პარატძალი, გაფოფრილი ფლამინგოების მაყრიონით და ალბათ ახლაც ყლურწავენ მექორწილეები ღვინოს. ორი აზრი არაა, პატარძალი ქალიშვილია. ისიც ზის ახლა ალბათ და დარდობს. რა გამოულევს ამაღამ “სადარდებელს”… ალბათ უწყვია ხელები ნეილონის კაბის კალთებზე და თითებზე წამოცმულ ოქროს ბეჭდებს ათვალიერებს. დრო და დრო გაბიჟვინებული თამადის მორიგ სადღეგრძელოზე მორჩილად წამოდგება, მადლობას გადაიხდის და თავის ადგილს დაუბრუნდება. ჰო, ეს ის პატარძალია “თავისი ადგილი” რომ ეცოდინება მთელი ცხოვრება. მორჩილი ცოლი და სანიმუშო დედა რომ იქნება. სულ რომ ემახსოვრება ახლადჯვარდაწერილი ქმრის მხრის წამოკვრა ეკლესიის ეზოში, სხვათაშორის რომ ედგა გვერდში. და იცხოვრებენ ისინი დიდხანს და… “ბედნიერად”, სანამ ცოლი ჭკვიანად იქნება… ჰო, ეს ის პატარძალია, მთელი ცხოვრება ჭკვიანად რომ იქნება.
ვიდექი სიონთან, ვუყურებდი “ჰაიჰილზებზე” შემდგარ, “ლოკონებიან” პატარძალს, ქართულ მოტივებზე შეკერილი ნაქირავები კაბა მკერდზე რომ დიდი ჰქონდა და მინდოდა დამეყვირა: “გაიძრე ფეხსაცმელი და გაიქეცი”…
პ.ს. და ამომიტივტივდა ერთი კადრი, ამ ზაფხულს, ფრანკფურტის მთავარ მოედანზე ნანახი – მოკლეკაბიანი პატარძალი ტატუთი და წითელი “ჰაიჰილზებით”. გაიქეცით “ლოკონებიანო” პატარძლებო!!!
ნინო თარხნიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები