ნინო ბურჯანაძეს: თქვენს ბოდიშს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს

”აქტიურ ჟურნალისტიკას 2007 წლიდან ჩამოვშორდი, თუმცა პერიოდულად ბეჭვდითი მედიის ფურცლებზე ალაგ-ალაგ მაინც გამოვჩნდები ხოლმე. არც 2007 წლამდე და არც შემდეგ პოლიტიკაზე არ დამიწერია, ხოლო თუ ჩემს რომელიმე სტატიაში პოლიტიკოსის სახელი გაიჟღერებდა, მხოლოდ სალაღობო ფორმით (თუმცა, ეს სალაღობო ფორმა ხშირ შემთხვევაში ყველაზე ძლიერ ურტყამდა ამა თუ იმ პოლიტიკოსის შეუბღალავ იმიჯს).

დღესაც არ ვაპირებ პოლიტიკაზე საუბარს, თუმცა რაღაც დოზით პოლიტიკოსს მაინც შევეხები და ამის მიზეზი ნინო ბურჯანაძის მიერ 30 იანვარს ხელისუფლების გლობალური „დაუნიზმის” შესახებ გაკეთებული განცხადებაა.

6 წლის ანგელოზივით გოგონა მყავს, ნინო. ნინიკო დაუნის სინდრომითაა დაბადებული. დღიდან მისი ამ ქვეყნად მოსვლისა ვიბრძვი, რათა საქართველოში დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითი დავავიწყო ხალხს, სტიგმა დავამსხვრიო, ჩემს შვილს ნორმალური მომავალი შევუქმნა. და ვიბრძვი არა მარტო მე. ათასობით დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვისა და მოზარდის მშობლისა და ახლობლის ყოველდღიურ საქმედ იქცა ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის. მიზანს, გაგიკვირდებათ და, მეტ-ნაკლებად მივაღწიეთ – მთავრობა გვისმენს, ცდილობენ თუ ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებენ, გაითვალისწინონ მაინც ჩვენი მოთხოვნები. საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალობა შეიცვალა – ჩვენს შვილებს ზიზღით, შიშით და სიბრალულით კი არა, აღტაცებით უყურებენ. დაბრკოლებები რა თქმა უნდა, გვხვდება, მაგრამ …

ყველაზე მტკივნეულად რას განიცდის შშმ ბავშვისა და მოზარდის მშობელი, თავად შშმ ადამიანი? – როდესაც მის გენეტიკურ მახასიათებელს (დაუნის სინდრომის შემთხვევაში) ან ფიზიკურ თუ გონებრივ შეზღუდვას, რისი მიზეზიც ძალიან ხშირად არაადაპტირებული გარემოა, დამაკნინებელ ფორმაში და ვინმეს შეურაცხოფის მიზნით გამოიყენებენ. ყველაზე გავრცელებულ, შეურაცმყოფელ სიტყვად, ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე რჩება სიტყვა “დაუნი”, “დაუნო”, “დაუნიზმი”. არაფერს ისე არ გამოვყავარ მდგომარეობიდან, როგორც ტელევიზიორის ეკრანებიდან გაჟღერებულ თუ გაზეთის ფურცლებზე წაკითხულ “დაუნს”წლების წინ მწვავედ დავუპირისპირდი თაკო ჩხეიძესა და ია ფარულავას, როდესაც იმედის ეთერში “დაუნ რობოტებზე” იხალისეს, მერე იყო ნინა წკრიალაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი… ამ უკანასკნელს დღეს ბოდიში მინდა მოვუხადო. იმდენს აკეთებს შშმ პირებისათვის, იმდენად აქტიურადაა ჩაბმული მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მე არ მაქვს უფლება არ ვიფიქრო, რომ ნანუკას მიერ მაშინ მოხდილი ბოდიში ყველაზე გულწრფელი და ალალი რაც კი ოდესმე მომისმენია. ბოდიში ნანუკა, შენ ჩემგან შეურაცხოფას არ იმსახურებდი…

ახლა დავუბრუნდეთ იმას, რითაც დავიწყე… წლების წინ ერთ-ერთ გაზეთში ნინო ბურჯანაძის დელისის ქუჩაზე მშენებარე სახლზე მქონდა სალაღობო წერილი რუბრიკაში “ალია-ბალია”. გაზეთის გამოსვლის დღეს პარლამენტში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რუსი სამშვიდობოების აფხაზეთიდან გაყვანის საკითხი განიხილებოდა. პირველი გამომსვლელი ქალბატონი ნინო გახლდათ და იცით რაზე ისაუბრა? – დელისის ქუჩაზე მშენებარე ეგრეთწოდებულ “ტყუპებზე”. დღეს ეს ქალბატონი მორალის, კანონისა და სამართლიანობის აღდგენაზე ღაღადებს… სალაღობო წერილს მალევე მოყვა უკან დასაბუთებული სტატია იმის შესახებ, რომ მშენებარე სახლში ხშირად ხედავდნენ ნინო ბურჯანაძესა და მისი ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ, ჟურნალისტი, რომელმაც ეს სტატია დაწერა, ცოცხალი აღარაა. გაზეთის გამოსვლის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში სტატიის ავტორი გაზეთიდან წავიდა… ცოტა ხნის შემდეგ მე გადავედი სხვა გაზეთში სამუშაოდ… დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელსაც ჩემი ჟურნალისტური ფსევდონიმის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა – შენ ხარ მაკა დვალი? რაც ჩვენ შენ გეძებეთ… სამაგიეროდ ზეპირად იცოდა, რომ მეორე სტატიის ავტორი სიდედრ-სიმამრთან ცხოვრობდა, იცოდა რომელ საბავშვო ბაღში დაჰყავდა ბავშვი და რომელ საათზე გამოდიოდა თუ ბრუნდებოდა სახლში. – გადარჩენილი ხარო, მითხრა, ძალიან გააბრაზე ქალბატონი ნინოო…

დღეს ჩემი და ნინო ბურჯანაძის გზები ისევ გადაიკვეთა – ჩემს შვილს მიაყენა შეურაცხოფა. ერთმა ქალბატონმა ჩემი საპროტესტო მიმართვა დააკომენტარა – წამოცდა, თავადაც დედაა, ცუდად არ იტყოდაო… 7 ნოემბერსაც იყო ნინო ბურჯანაძე დედა, მაგრამ არ გაჭირვებია შვილის ტოლი ბიჭების დასისხლიანებული სახეებისთვის გაღიმებულს ეყურებინა, თუმცა ახლა “იმან” მაიძულაო, ამბობს. კოდორის ხეობა რომ რუსებს გადასცესეს ლანგარით მაშინაც იყო დედა, აფრასიძეებს რომ ხოცავდნენ მაშინაც, თუმცა როგორც თავად ამბობს, არც მონაწილეობა არაფერში მიუღია თურმე. ხო, ჩემი მეგობარი ჟურნალისტის ბავშვს რომ უთვალთვალებდნენ მაშინაც დედა იყო და ყველა დროს პარლამენტის თავმჯდომარე. მახსოვს, პირველი იყო ქართულ ოცნებას მოლაპარაკებები გაუმარტა, მიმსახურეთ და გემსახურებითო. არ იმსახურეს და “დაუნიზმი” დამართა ყველას.

ახლა პირადად ნინო ბურჯანაძეს:

ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ პოლონეთში. საქართველოში ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილები”-ს დამაარსებელი და თავმჯდომარე. ორგანიზაცია დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვების პრობლემებზე მუშაობს. დღეს ხუთსაათიან ქრონიკაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნინო ბურჯანაძე შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით დაუნის სინდრომით დაბადებულ ადამიანს.

მოგმართავთ თხოვნით ორგანიზაცია “მზის შვილები”-სა და პირადად ჩემი, დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვის მშობელის სახელით გაავრცელოთ შემდეგი მიმართვა:

დიდ ბოდიშს ვიხდი იმ არაკორექტული მიმართვის გამო, რომელსაც ქვემოთ გავაკეთებ, მაგრამ, როდემდეეეე? ნინო ბურჯანაძე, სიტყვა ქალბატონო-თი მომართვა ამ შემთხვევაში ზედმეტად მეჩვენება – რომელ მორალზე და რომელ რეაქციებზე ლაპარარაკობთ? საერთაშორისო ორგანიზაციებმა რომ თქვენი ეს მიმართვა წაიკითხონ, ალბათ იმ მოსალოდნელ რეაქციას გულისხმობთ? განათლებულ და ერუდირებულ პოლიტიკოსად მოგაქვთ თავი, თუმცა შინაგანი განათლება აშკარად გაკლიათ. მჭევრმეტყველებით არც ადრე გამოირჩეოდით და ამ თქვენმა განცხადებამ ხომ სულ წყალს გაატანა თქვენს მიერ დაზუთხული თეზისები და კანონები. თუ ცოტა ხნით მაინც პოლიტიკოსის მანტიას შემოიძარცვავთ და ნებას იბოძებთ და საკუთარი განათლების დონის ასამაღლებლად ცოტა დროს გამონახავთ, აუცილებლად გაიგებთ, რომ დაუნიზმი, როგორც ასეთი, არ არსებობს. არიან დაუნის სინდრომით დაბადებული ადამიანები და თქვენ ამ ადამიანებს თქვენი არაკორექტული და ქსენოფობიური განცხადებით შეურაცხოფა მიაყენეთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვენგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. გამეცინა. ბოდიში? არა, პირადად მე , დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვის დედა, თქვენგან ბოდიშს არ მივიღებ, თქვენს ბოდიშს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს“

ინგა ლოლაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები