ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე სოციალურ ქსელში ქალი მაშველების მიმართ გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშს იხდის.
დუმბაძე განმარტავს, რომ ეს ხუმრობა იყო.
დეპუტატი ასევე ამბობს, რომ კაცი მაშველების მიმართ იმავე შინაარსის კომენტარს არ დაწერდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი რომა დოლაბერიძე ნოდარ დუმბაძეს ქალი მაშველების მიმართ დისკრიმინაციული და სექსისტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.
დოლაბერიძე ასევე ითხოვს, რომ საკრებულოს წევრმა ომარ მახარაძემ, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, მანდატი დატოვოს. დოლაბერიძე ამ საკითხების დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაყენებას აპირებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის სანაპიროზე წელს მაშველი გოგოები გამოჩნდებიან, 13 ივნისს გავრცელდა. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე მაშველი გოგოები სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან.