„მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს“ – ბექა ღვინიაშვილი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

პანდემიით დაზარალებული სპორტის სფერო, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თუმცა დაავადების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვები სპორტსმენებს კვლავ არაერთ პრობლემას უქმნის.
ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარი პროპაგანდისტები – სპორტსმენები – საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ბექა ღვინიაშვილი ამბობს, რომ ვაქცინა ერთადერთი გზაა გადარჩენისთვის. ქართველი ძიუდოისტი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოუწოდებს, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
„აუცილებელია ვაქცინაცია, მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს სჭირდებათ აცრის გაკეთება და მნიშვნელოვანია ხანშიშესული ადამიანების გააქტიურება ამ პროცესში.
სპორტსმენები განსაკუთრებით დავზარალდით პანდემიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მე დაბრკოლება მხოლოდ პანდემიის „პირველი ტალღის“ დროს შემექმნა, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა. ჩემი მეგობრები, სხვა სპორტსმენები ძალიან დაზარალდნენ. ბევრი შეჯიბრი და ჩემპიონატი გადაიდო, ზოგიც გაუქმდა. თუმცა ახლა რაც ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება. კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ აცრით შევძლებთ ამ ვირუსის დამარცხებას.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სანამ ვაქცინას გაიკეთებენ, მანამდე გამოკვლევები ჩაიტარონ მოქალაქეებმა, რათა დაზღვეულები ვიყოთ გართულებებისგან. ყველა წამალს აქვს უკუჩვენება, ასევეა ვაქცინის შემთხვევაშიც, თუმცა ეს არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი და არც შიშის საფუძველი უნდა გახდეს.
მოვუწოდებ ყველას, ჩაიტარონ ვაქცინაცია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ბექა ღვინიაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები