ცოლ-ქმარმა, რომლებსაც შვილი მკაცრ ვეგანურ დიეტაზე ჰყავდათ, მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ბრალდება აღიარეს. დედ-მამა, რომელთა ვინაობასაც არ ამხელენ, ქალიშვილს ქერით და ბრინჯის რძით კვებავდნენ. შედეგად, ბავშვს რაქიტი განუვითარდა. წლინახევრის გოგონა ახლა მიმღებ ოჯახში ორ უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს, რომლებიც 4 და 6 წლისები არიან.
მას მერე რაც გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, მისმა დედამ დიეტოლოგს იმ მკაცრი დიეტის შესახებ უამბო, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი იყენებდა.
აღმოჩნდა, რომ გოგონა ერთი დღის განმავლობაში ერთ თეფშ ქერის ფაფას ბრინჯის რძესთან ერთად და ნახევარ ბანანს ჭამდა. კვების ასეთმა რეჟიმმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ მას ვიტამინების სერიოზული დეფიციტი განუვითარდა. ამასთან, მას მოტეხილობები აღმოაჩნდა. ექიმები თვლიან, რომ გოგონას ძვლები იმდენად სუსტია, რომ შეიძლება ჩვეულებრივი შეხებისგან გატყდეს.
ბავშვის საშინელი მდგომარეობის შესახებ მას მერე გახდა ცნობილი, რაც იგი საავადმყოფოში ეპილეფსიური შეტევით გადაიყვანეს. გოგონას არ შეეძლო ხოხვა და პრაქტიკულად არ ლაპარაკობდა. თავიდან საავადმყოფოს პერსონალი პატივს სცემდა მშობლების სურვილს, რომ მათი შვილი ვეგანი ყოფილიყო, სანამ არ შეამჩნიეს მისი მძიმე მდგომარეობა. თუმცა, ცოლ-ქმარი მაინც ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო.
არადა, გოგონა 4,9 კილოგრამს იწონიდა, მას არ ჰქონდა გაკეთებული არცერთი აცრა, ის დაბადების შემდეგ ექიმთან არცერთხელ არ ჰყოლიათ. როდესაც გოგონა მიმღებ ოჯახში მიიყვანეს, ნახევარ წელიწადში ბავშვმა 6 კილოგრამი მოიმატა, დაიწყო ხოხვა და დამოუკიდებლად დგომაც ისწავლა. მისი მშობლები კი ახლა განაჩენს ელოდებიან, რომელიც 16 იანვარს გახდება ცნობილი.