გოჩა პატაშური წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მის შესახებ, იქ ყველამ იცის, რადგან მას სახლში, არც მეტი, არც ნაკლები, მოშინაურებული მიმინო ჰყავს. 3 წლის წინ მონადირეებმა მიმინოს ორი პატარა ქულა მოუყვანეს და მას შემდეგ მათზე ზრუნვა დაიწყო. მოშინაურებული მიმინოს ისტორიის შესახებ გოჩა პატაშური “კვირა+”-ს ესაუბრა.
“3 წლის წინ მონადირეებმა მიმინოს ორი ქულა მომიყვანეს. ხე მოჭრეს და იქიდან ჩამოცვივდნენ. ერთ-ერთი მათგანი რომ წამოიზარდა გავუშვი. მეორე კი დავიტოვე და აგერ უკვე 3 წელია ჩემთან ცხოვრობს”, – იხსენებს გოჩა პატაშური.
პატაშური ჰყვება, რომ მიმინოს მოვლა მისთვის, არც თუ ისე, რთულია.
” მოვლა არც ისე რთულია, უბრალოდ, ჩემ გარდა, არავის იკარებს და ახალი ხორცის გარდა, არაფერს ჭამს” , – ამბობს გოჩა.
მიმინოს სანახავად ხშირად სტუმრობენ, როგორც თავად პატაშური ამბობს, განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ ფრინველის ნახვა და სურათების გადაღება.
“ხშირად მოდიან მის სანახავად, განსაკუთრებულად ბავშვებს მოსწონთ. უკვირთ, რა თქმა უნდა. სურათებსაც უღებენ”, – აღნიშნავს მიმინოს პატრონი.
წეროვანის დასახლების მკვიდრი ამბობს, რომ ფრინველი აგრესიას მხოლოდ მის მიმართ არ ამჟღავნებს, რადგან ჯერ კიდევ ქულა იყო, როცა მასზე ზრუნვა დაიწყო.
“მხოლოდ ჩემ მიმართ არ ამჟღავნებს აგრესიას, ძალიან პატარაობიდან გავზარდე და ალბათ, ამიტომ. ისე, უცხოები არ უყვარს”, – ჰყვება გოჩა პატაშური.
როგორც გოჩა “კვირა +”-სთან საუბრისას აღნიშნავს, მიმინო ქათმის წიწილებს ჩეკავს და მათ იქამდე უვლის, სანამ მიხვდება, რომ მისი შვილები არ არიან.
“ქათმის წიწილებს ჩეკავს და უვლის, სანამ მიხვდება, რომ მისი შვილები არ არიან”, – დასძინა პატაშურმა.