„მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან შეიძლება, ინფექციამ ნებისმიერ დროს იჩინოს თავი“ – ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსზე
იმუნოლოგ–ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყანა მუდმივი შეზღუდვების ქვეშ, რაც კორონავირუსის გავრცელების საშიშროებით არის გამოწვეული, ვერ იცხოვრებს და ეს გამორიცხულია. აღნიშნული განცხადება კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში გააკეთა.
მისი განცხადებით, მიუხედავად გარკვეული შეზღუდვების მოხსნისა, მოსახლეობის პასუხისმგებლობა უცვლელი დარჩა:
„სანამ ამ დაავადებასთან ბრძოლის გარდამტეხი ფაქტორები (ვაქცინა, მედიკამენტი) არ იქნება, ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, ეს გამორიცხულია.
ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან შეიძლება, ინფექციამ ნებისმიერ დროს იჩინოს თავი.
ეს იმდენად მაღალი გავრცელების უნარის მქონე ვირუსია, ფაუჩი მას “ცეცხლს” ადარებს და ამბობს, რომ ვირუსი, როგორც ცეცხლი, ისე ვრცელდება.
ამიტომ, ჩვენ ცეცხლის კერები შენარჩუნებული გვაქვს, ჩვენი ეპიდემიოლოგები გამალებით იბრძვიან, რომ ცეცხლის კერები სხვაგან არ გავრცელდეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.