„მის მსოფლიო“ გადაიდო – 23 მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მის მსოფლიოს” კონკურსი, რომელიც გუშინ პუერტო-რიკოში უნდა გამართულიყო, გადაიდო. CNN-ის ინფორმაციით, ღონისძიებაში 97 მონაწილიდან 23-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ორგანიზატორებმა ღონისძიების გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მონაწილეების, ორგანიზატორების, მომსახურე პერსონალისა და საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკურსი გადაიდო.

მალაიზიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მათი მონაწილე, ლავანია სივაჯი იმათ შორის იყო, ვინც ტესტირების შედეგად კოვიდდადებითი აღმოჩნდა. „მის მალაიზია“ იზოლაციაში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა მსუბუქია.

კოვიდდადებითი აღმოჩნდა „მის ინდონეზიაც“, მან „ინსტაგრამზე” დაწერა, რომ თავს ბევრად კარგად გრძნობს.

როგორც პუერტო-რიკოს ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, კონკურსთან დაკავშირებულ სულ 38 ადამიანს დაუდგინდა კოვიდი – პერსონალიდან 15 ადამიანს და 23 მონაწილეს.

„მის მსოფლიოს“ ორგანიზატორების თქმით, ფინალი მომდევნო 90 დღის განმავლობაში გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები