მარი წერეთელი, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფოს წარმომადგენელია და მიაჩნია, რომ შაბათ დღეს მედიამ არ უნდა შეაწუხოს, ამიტომ საშუალება არ მოგვეცა, დაგვეზუსტებინა საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიმართ ახორციელებს.
ეს პოლიტიკა კი საკმაოდ უცნაურად და სკანდალურადაც ჟღერს. მაგალითად, თუ თქვენ იზრდებით საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, 18 წლის შესრულების შემდეგ შეგიძლიათ, ჩაერთოთ სხვადასხვა კერძო პროგრამაში და დასაქმების გარანტიები მიიღოთ. მაგრამ თუ კერძო ოჯახში (კანონის ენაზე, მინდობით აღზრდაში) იმყოფებით, სრულწლოვნობის ასაკის მიღწევისთანავე სახელმწიფო წყვეტს თქვენზე ზრუნვას, ანუ თქვენ ვერ ისარგებლებთ იმ სპეციალური პროგრამით, რომელიც კიდევ ერთი წელი მოგცემდათ დასაქმებისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის საშუალებას.
„ნატახტარი“ არის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) მსხვილი ფონდი, რომელიც სახელმწიფო მზრუნველობიდან გასულ ბავშვებს ეხმარება, თუმცა პროგრამა ვრცელდება მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებიც საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში იზრდებიან. ფონდ „ნატახტარის“ წარმომადგენლის, მანანა ომარაშვილის განმარტებით, ისინი უმეტესობას კი არა, თითქმის ყველას ეხმარებიან: „ჩვენ ვეხმარებით 15-დან 18 წლამდე ყველა იმ ბავშვს, რომლებიც მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ და გახდებიან 18 წლის“.
პრობლემაა, რომ სახელმწიფო ასეთივე შესაძლებლობებით არ უზრუნველყოფს მინდობითი აღზრდის პროგრამიდან გამოსულ ბავშვებს. მეტიც, როგორც ირკვევა, ყველამ არც იცის, რომ მინდობით აღზრდაში თუ იმყოფები, 18 წლის შემდეგ არავინ დაგეხმარება.
„ეთქვათ, რომ, თუ ბავშვთა სახლში ვიქნებოდი 18 წლამდე, მეტი უპირატესობა მექნებოდა და ქუჩაში არ დავრჩებოდი. ანუ რადგან ოჯახში წამოვედი, ქუჩაში ვრჩები და უფლებები ჩემზე აღარ ვრცელდება. მაშინ სულ არ წამოვიდოდი აქ, ვიქნებოდი მანდ და თუ მეცოდინებოდა, რომ დახმარება მექნებოდა და სახლს მიქირავებდნენ, ელემენტარულ სამსახურს დამაწყებინებდნენ. ანუ იმის გამო წამოვედი აქ, რომ მათ ჩემზე ვალდებულება მოვუხსენი? ჩემი ნება იყო წამოსვლა, თუმცა არავის არაფერი აუხსნია. არავის არაფერს უხსნიან, მარტო ისაა მათი ვალდებულება, ეს ბავშვები 18 წლისანი გახადონ. გავხდი 18 წლის, მაგრამ რა გავაკეთო? სად წავიდე, მეგობართან ვიცხოვრო მართლა? ჩემი ბრალი ხომ არ არის, რა ვქნა, ასეთი გავჩნდი“.
მარი წერეთელი იმის მაგივრად, რომ ვითარებაში გაერკვეს და შეამოწმოს, რამდენად თანაბრად იღებენ ბავშვები ინფორმაციას, „პრაიმტაიმისგან“ მკაცრად მოითხოვს იმ არასრულწლოვანი მოზარდის დასახელებას, ვინც ინფორმირებული არ იყო.
„საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? ვინ მოგაწოდათ? ეს არის პერსონალური მონაცემები და თქვენ არ გაქვთ უფლება, დაწეროთ ამ ბავშვზე რამე, მეურვის თანხმობის გარეშე. მითხარით მისი სახელი და გვარი“.
მთავარი კითხვა: რატომ აქვს საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს თუნდაც ფონდ „ნატახტარის“ პროგრამაში ჩართვის საშუალება და მიმღები ოჯახიდან გამოსულ მოზარდებს – არა? მარი წერეთელს მოგვიანებით ისევ დავუკავშირდით.
სამწუხაროდ, პასუხი ისევ ვერ მივიღეთ: „შაბათია და, მგონი, მაქვს უფლება, დავისვენო“.
გვრჩება შთაბეჭდილება, რომელიც შესაძლოა, ობიექტური არაა, თუმცა მიღებულ ინფორმაციებსა და კომენტარებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფო მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს მიმღებ ოჯახებს, რომ მინდობითი აღზრდის პროგრამიდან გასული უსახლკარო ბავშვები ისევ ამ ოჯახებმა შეიფარონ.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა იმ ოჯახს, სადაც ამ პროგრამაში ჩართული ბავშვი იზრდება. დროებითმა მშობელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ წლების შემდეგ, თუ მოზარდი ქუჩაში მეთვალყურეობის გარეშე, მარტო აღმოჩნდება, მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს.
კიდევ უფრო კომიკური ვითარება, როგორც ჩანს, არასამთავრობო სექტორშია. არასამთავრობო ორგანიზაცია „გენეზისი“ ერთადერთია, ვინც პრობლემით დაინტერესდა და საკანონმდებლო ინიციატივითაც კი მიმართა პარლამენტს. თუმცა კანონმდებლებმა პროექტის განხილვა ფინანსური დასაბუთების არარსებობის გამო ვერ შეძლეს.
„ჩვენ მივმართეთ პარლამენტს ინიციატივით. არ გვქონდა ფინანსური გაანგარიშება, ჩავთვალეთ, რომ ბიუჯეტის გაწერა მომდევნო ეტაპი იქნებოდა. ეს, ალბათ, ჩვენი შეცდომა იყო“, – განაცხადა „გენეზისის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერი ჩანჩიბაძემ.
დასავლეთში სახელმწიფო პროგრამები მზრუნველობიდან გასულ ბავშვებს 23 წლამდე ეხმარება დასაქმებაში, პროფესიულ განვითარებაში და საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.
ექსპერტების შეფასებით, ამ სფეროს რეფორმირება დაიწყო, თუმცა გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია და განვითარებას საჭიროებს.
ს.ჩ. მიმღებ ოჯახში იზრდება, ის აგვისტოში 18 წლის გახდება და მინდობითი აღზრდის პროგრამიდანაც გავა. რადგან ოჯახში იზრდება და არა ბავშვთა სახლში, ის იგივე „ნატახტარის“ პროგრამაში ვერ ჩაერთვება. შესაბამისად, რა მოხდება ერთი წლის შემდეგ მის ცხოვრებაში, ამაზე წარმოდგენაც არ აქვს და მომავალს შიშით უყურებს:
„18 წლამდე მესმის, რომ კომფორტულად ცხოვრობ, მაგრამ 18 წლის შემდეგ ყველა იცილებს პასუხისმგებლობას, მარტო მე ხომ არ ვარ? მთელ ბავშვთა სახლების პრობლემაზე ვლაპარაკობ, ვინც იქ იზრდება და იქ უნდა გაიზარდოს, ყველა ასეთი პრობლემის წინაშე დადგება. მარტო ჩემზე არ მაქვს ლაპარაკი, ბევრი მეგობარი მყავს თბილისში, რომლებიც მეგობრებთან ცხოვრობენ და არავინ არაფრით არ ინტერესდება“.
მარი წერეთლის განმარტებით, თითოეულ ბავშვთან მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, რომლებიც ეხმარებიან მათ სამომავლო საჭიროებების განსაზღვრაში. მისი თქმით, 18 წლის შემდეგ ბავშვები უკვე სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და ფლობენ უნარებს, რომლებიც ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში ეხმარებათ.
მერი ჩანჩიბაძე წერეთლის ოპტიმიზმს არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ბავშვები სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან: „დამოკიდებულება ასეთია, რომ ისინი უკვე სრულფასოვანი პიროვნებები არიან და ყველა შემთხვევაში საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ. ვფიქრობ, სახელმწიფომ თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით უნდა გააცნობიეროს“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართული ბავშვების სრული რაოდენობა 1643-ია. აქედან მინდობითი აღზრდის პროგრამაში ჩართულია 1205 ბავშვი, ხოლო საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში 335 ბავშვი ცხოვრობს.
წყარო: http://primetimenews.ge