უკვე მერვე წელია დაოჯახოებული ვარ, ჰოდა მინდა ვთქვა, რომ ამ 8 წლის მანძილზე, არასოდეს დავხმარებივარ ჩემს მეუღლეს. საინტერესო ისაა, რომ მომავალშიც ასე ვაპირებ ცხოვრებას, კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ამით ჩემი მეუღლე ბედნიერია, ჰოდა რადგან ის ბედნიერია, ეს მე მახარებს და რატომ უნდა დავეხმარო მომავალში?!
ალბათ ფიქრობთ, რომ ვარ ადამიანი, რომელიც მთელი დღე ტელევიზორთან პულტით ხელში ზის და სამსახურიდან ცოლის მოსვლა მხოლოდ იმიტომ ახარებს, რომ საჭმელს გაუმზადებს, ბავშვსაც დაბანს და სახლსაც მიხედავს. თქვენ წარმოიდგინეთ არ ვარ ეგეთი. საჭმელსაც ვაკეთებ, სახლსაც ვალაგებ, სარეცხსაც ვრეცხავ, თქვენ წარმოიდგინეთ და ვფენ კიდეც, ჩემს შვილსაც ვბან – სხვათაშორის ეს ჩემი უსაყვარლესი საქმიანობაა, რადგან ამ ჩამოთვლილებიდან მხოლოდ ესაა დროებითი – ცოტა ხანში უკვე დამოუკიდებლად დაიბანს, ჰოდა ამ სიამოვნებას როგორ მოვიკლებ?!.. მიუხედავად ამისა, მაინც ვთვლი, რომ მე ჩემს ცოლს არ ვეხმარები.
დახმარება ისაა, როდესაც ადამიანს მხარში ამოუდგები და იმას გააკეთებინებ, რაც შენი საქმე არაა და რაც შენ არ გევალება, ზემოთ ჩამოთვლილი საქმეებიდან რომელი არ მევალება, მე როგორც მამას და როგორც ოჯახის წევრს?! სახლის დალაგება? აბა, მეუღლის მოსვლამდე ჭუჭყში ვიჯდე და სამსახურიდან დაღლილ მეუღლეს სახლში ორი იმდენი საქმე დავახვედრო, რომლის დასრულებისთანავეც ერთი სული ექნება დაიძინოს? აბა როდისღა ველაპარაკო? როდის გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი შთაბეჭდილებები, თუნდაც ბოლოს ნანახ ფილმზე?! როდის გადავწყვიტოთ რა სჯობს ჩვენი შვილის მომავლისთვის? სარეცხის დარეცხვა არაა ჩემი საქმე? თანაც რა იოლია, შეყარე სარეცხის მანქანაში, დაიმახსოვრე რა ნაჭერი რა გრადუსზე გარეცხო, მიაჭირე თითი ღილაკს და მორჩა. აი, რატომ არის საჭირო ამაში აუცილებლად ქალის ხელი?! იქნებ ის არაა ჩემი საქმე რომ ჩემს შვილს მოვუარო, საჭმელი ვაჭამო და მერე ეს ნაჭამი ჭურჭელიც დავრეცხო?!
მგონია, ეს ყველაფერი ყველას საქმეა, ჰოდა თუკი ჩემ საქმეს ვაკეთებ, მაშინ რაღატომ უნდა ვთქვა რომ მეუღლეს ვეხმარები?! თუკი ეს დახმარებაა, მაშინ გამოდის რომ ჩემი მეუღლეც მეხმარება მე, მაშინ როცა ორივე იმას ვაკეთებთ რაც გვევალება.
2016 წელს მკვლევარებმა 217 ქვეყნის მონაცემები შეაჯამეს და გამოთვალეს, რომ სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, ბავშვების და მოხუცი მშობლების მოვლა – ამ ყველაფერში ქალი საშუალოდ 23 წელს ხარჯავს, მაშინ როცა, კაცები ამ მოვალეობებისგან, როგორც წესი, გათავისუფლებული არიან. ქალები ორჯერ მეტ სახლის საქმეს აკეთებენ, ვიდრე კაცები და ხშირად საოჯახო საქმეების გამო, უარს ამბობენ კარიერასა და განათლებაზე.
სამწუხაროდ, მამაკაცების უმეტესობა სახლის საქმეს ქალის საქმედ მიიჩნევს, თუ რომელიმეს გააკეთებს იმაზე ნერვიულობს, სამეგობრომ, მეზობელმა და სხვებმა არ გაუგონ, უფრო მეტიც არ დაინახოს, თორემ “მოეჭრება თავი” და ასე სხვის თვალში “მაგარი ბიჭობის” გამო იმ დროს რაც შეიძლება მეუღლესთან ერთად გაატაროს (რადგან მეუღლეს საჭმელი აღარ ექნება სახლში გასაკეთებელი ან პატარა არ ეყოლება დასაბანი), ატარებს მარტო.
მე კაცი ვარ, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ მიშლის ხელს “სახლის საქმის” კეთებაში. დარწმუნებული ვარ კაცობა არავის უშლის ხელს, თუნდაც ჭურჭლის დარეცხვაში, ხელის შემშლელი უფრო ჩვენი შეგნებაა, რომელიც კაცსაც და ქალსაც ერთნაირი გვაქვს.
ლადო გოგოლაძის ბლოგი