მაღალშემოქმედს დიდისიხარული ან დიდი ტკივილი ბადებს

  • ლევან ცუცქირიძე – ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი. მას ეკუთვნის „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაციები. ასევე ილუსტრაციები თხზულებებისა: „შუშანიკის წამება“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“, „ხევისბერი გოჩა“ და სხვა. გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით შექმნილი მისი ნამუშევრები გამოფენილია ვაიმარში, გოეთეს სახლ-მუზეუმში. მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო მოსკოვში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იუგოსტავიასა და ა.შ.შ-ში. 2016 წლის 12 იანვარს, 90 წლის იუბილეზე, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.

    “წუთია ეს წუთისოფელი. ეს წუთი კი მარადიულობის ის ნაწილია, რითაც განგებამ ჩვენ აგვირჩია ამ წუთის საუფლოდ. ბედნიერია კაცი, ვისაც ღმერთმა უფლება მისცა, ჟამთასვლის უსასრულო დინებაში ჭვრეტდეს მშვენიერებას. მაღალ შემოქმედს დიდი სიხარული ან დიდი ტკივილი ბადებს. ’’ ასე იწყებს თავის დღიურს მხატვარი ლევან ცუცქირიძე. ის პატარა ბიჭი, ოდესღაც, სოფელ მოლითში, წყაროსთან მიყრილი დოქებისა და ჯამების ნამსხვრევებზე ნახშირით რომ ხატავდა. წყარომდე რეპრესირებული მამისა და გერმანელების მიერ დახვრეტილი საყვარელი ბიძის დაკარგვამ მიიყვანა. უფროსები არ აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას მის გატაცებას, არც ლევანს უცდია მხატვრობის შესწავლა, მთელ დროს წიგნებისა და პოეზიის კითხვაში ატარებდა, ალბათ ასე იქნებოდა შემდეგაც, რომ არა ერთი შემთხვევა : „ მაშინ დაახლოებით ჩვიდმეტი-თვრამეტი წლისები ვიქნებოდით. ჩემს მეგობარს ერთი პატარა გოგონა მოსწონდა და ღია ფანჯარაში ბანბანერკა გადაუგდო. ჩვენ ეს დანაშაულად მივიღეთ და გავიქეცით. შემთხვევით სამხატვრო აკადემიის სახურავზე აღმოვჩნდით, სადაც მინის გადახურვიდან დავინახე მხატვარი, რომელიც ისეთი ხალისით და ინტერესით ხატავდა, გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. მისაღებ გამოცდაზე არ ვიცოდი რა იყო კომპოზიცია და მეგობარს ვთხოვე ჩემთვის აეხსნა, მან გაზეთიდან ამოჭრილი შავი ფოტო მომცა და მითხრა ეს არისო. დავიწყე გადახატვა. შუა პროცესში ვიღაცამ ხელი მხარზე დამადო და მკითხა: „ყმაწვილო რა გვარის ხარო ’’ შემეშინდა. მეგონა, ეს „შპარგალკა’’ იყო და გამოცდიდან მომხსნიდნენ. უცნობმა ჩემი გვარი ჩაიწერა და წავიდა. მაშინ ძალიან ვინერვიულე. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ მიმიღეს, სულ ხუთები მივიღე. მოგვიანებით კი გავიგე, რომ ის უცნობი კაცი დავით კაკაბაძე იყო.’’ სტუდენტობის წლებში, სოცრეალიზმის უარყოფის გამო, ლევან ცუცქირიძე არაერთხელ დატოვეს კურსზე და სტიპენდიასაც არ უნიშნავდნენ. ასეთ მხატვრებს ფორმალისტებს უწოდებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ყურადღება ფორმაზე, ანუ ხაზისა და ფერის მნიშვნელობაზე ჰქონდათ გადატანილი და შინაარს უგულებელყოფდნენ. სინამდვილეში, მათ უბრალოდ არ აინტერესებდათ იმის ხატვა, რაც საბჭოთა იდეოლოგიით იყო დაწესებული. „მე საბჭოთა კავშირის დროს უარყოფილი ვიყავი. ჩემს ნახატებს გამოფენიდან ხსნიდნენ. ის პერიოდი ზოგადად უარყოფითად მოქმედებდა ჩვენს თაობაზე. მეოთხე კურსიდან პირველზე მსვამდნენ, მესამედან მეორეზე… შენებურად ნუ ხატავო. მიუხედავად ამგვარი წინააღმდეგობისა, ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებდით ჩვენს საქმეს. ჩვენ ისე ვხატავდით და ისე ვაზროვნებდით, როგორც ჩვენთვის იყო მისაღები. ნამდვილი ხელოვნებისადმი დიდი წინააღმდეგობა იყო. თუმცა მხატვარს აქვს ერთი უფლება, შეუძლია სახელოსნოში დაჯდეს, შეასრულოს, რაც მას გაეხარდება, შემდეგ ის ტილო მიატრიალოს და ახალი დაიწყოს. თავიდან აკადემიისთვის თავის დანებება მინდოდა. მაწვალებენ, ალბათ არ ვარ ღირსი აკადემიის, წავალმეთქი… მოგვიანებით, ლადო გუდიაშვილმა ნახა ჩემი ნამუშევრები. მან იმდენი თბილი რამ მითხრა, სულ ფრთაშესხმული დავბრუნდი სახლში… იმ დროს მეგონა მთებს გადავდგამდი. ’’ ერთ-ერთი ნამუშევარი მხატვარმა სტუდენტობისას, ხევსურეთში შეასრულა. ეს არის ახალგაზრდა ქალის დაუმთავრებელი პორტრეტი, რომელსაც ძალით ათხოვებდნენ და სანამ სასიძო ცხენით მოაკითხავდა, ცუცქირიძემ საღებავებით ჩახატა მისი სახე. ნამუშევარმა ცოცხლად შემოინახა იმ მომენტის იდუმალება.

      მთაში ლევან ცუცქირიძე ვაჟა-ფშაველას სამყაროს შესაცნობად წავიდა. ვაჟა-ფშაველას პოეზია მხატვრის ერთ-ერთი შთაგონების წყარო იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო დავით გარეჯის ფრესკების ასლებზე მუშაობა. ხატვის საფუძვლიან ცოდნასთან ერთად სწორედ პოეზია და ფრესკა წარმოადგენდა იმ საყრდენს, საიდანაც მისი თვითმყოფადი მხატვრული სტილი ამოიზარდა. „აკადემიის დასრულების შემდეგ ასპირანტურაში ვაბარებდი და სწორედ იქ გადავწყვიტე ვეფხისტყაოსანის ილუსტრაციები გამეკეთებინა. ექვსი წელი ვმუშაობდი. თხუთმეტი ილუსტრაცია გავაკეთე. ძალიან მიყვარს პოეზია, რუსთაველი, ვაჟა-ფშავეელა, გალაქტიონი. სწორედ პოეზიის სიყვარულმა გამიჩინა იდეა, გამეკეთებინა ილუსტრაციები. ყველაზე მეტად ქართულმა ფრესკებმა აღმაფრთოვანა. კედლის მხატვრობა მხატვრობის უმაღლესი დონეა. მონუმენტური ხელოვნება კი ჩვენთან დიდად განვითარებული იყო. მე ჩემს თავს მონუმენტალისტს ვუწოდებ, რადგან ეს მიმართულება ყველაზე ახლოსაა ჩემთან. ’’

    „რაც მინდოდა, ასე თუ ისე, შევძელი და გავაკეთე. მხატვარი, თუ ის ჭეშმარიტი მხატვარია, ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არის. ის სულ ფიქრობს უკეთესი და უკეთესი გააკეთოს.. უდიდესი განცდაა, როცა ერთ სურათს ვამთავრებ და ახალს ვიწყებ… ახლა, როცა უკან ვიხედები, კმაყოფილი ვარ იმით, რომ დრო არ დამიკარგავს. რა თქმა უნდა, დასანანია რომ დიდი დრო გავიდა… დღეს ოთხმოცდაათი წლის ვარ… ძველი, კარგი მეგობრები ნელ-ნელა მეცლება …. თუმცა წინ კიდევ ბევრი იდეა მაქვს განსახორციელებელი და ვნახოთ, დრო მეყოფა თუ არა.“

კომენტარები

სხვა სიახლეები