“მარწყვის რეცხვას ვიწყებ კარგი დედასავით და ნახევარს რეცხვისას ვყლაპავ მუჭა–მუჭა” – ნათია ფანჯიკიძის სახალისო სტატუსი
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს:
“დედებმა და ბებიებმა, ვისიც უნდა ყოფილიყვნენ ისინი, რომ იცოდნენ რამე გემრიელზე, – მე არა, დედა, არ მინდა, თქვენ ჭამეთ… ან ხაზგასმით პატარა თეფშზე რომ გადაიღებდნენ ჩიტის საკენკივით ლუკმებს, ვერ ვიტანდი სასტიკად. სულ მეგონა, სხვას ვუჭამდი, დამნაშავედ ვგრძნობდი თავს და ხასიათი მიფუჭდებოდა.
ხოდა, ახლა გამოვიგონე ასეთი მხიარული თამაში, რომ არ მომწყინდეს, – მარწყვის რეცხვას ვიწყებ რაღაცნაირად, საყვარლად, კარგი დედასავით და ნახევარს რეცხვისას ვყლაპავ მუჭა-მუჭა. მერე რაც მომრჩება, გაწკრიალებულს, ლამაზი თასით შემოვდგამ მაგიდაზე და მე არა, დედა.. თქვენ ჭამეთ, ვეუბნები სიყვარულის ვარსკვლავებიანი მზერით. შენც არ მომიკვდე, სულ არ ადარდებთ ეს ამბავი ჩემს შვილებს, მაგრამ მე მაინც მიხარია და ვიცინი გაუჩერებლად”, – წერს ფანჯიკიძე.