„მან შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა: “გადამარჩინეთ!” – რას წერს ვერაზე მომხდარი ტრაგედიისას გამოძახებაზე მისული ექიმი
სასწრაფო დახმარების ექიმი თამუნა საგარეიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას გამოძახებაზე მივიდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„გუშინ, ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე, შემოვიდა მისამართი:
– ხორავას ქუჩაზე ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავყოვნდით, მისამართის მიღებიდან 5 წთ-ში აღნიშნულ მისამართზე მივედით.
ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. შევედით ეზოში და აი ისიც, დათო სარალიძე, თავისივე სისხლის გუბეში ჩაწოლილი, კანი ცივი, ფერმკრთალი, ღრმად დაბინდული ცნობიერებით. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ვხვდებოდი, რომ მისი გადარჩენა რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა…
მან შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა: “გადამარჩინეთ!”
ელვისებური სისწრაფით გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ღმერთს ვევედრებოდი, გული არ გაეჩერებინა მისთვის და დედისთვის შვილი არ წაერთმია. დავითს კი ვთხოვდით, თვალები არ დაეხუჭა და ებრძოლა სიცოცხლისათვის. ჩაძახილზე, თუ როგორ ესმოდა ჩვენი, ის თითების ჟესტით გვანიშნებდა, რომ მას ჩვენი ესმოდა. სტაციონარის ეზოში შესვლისას, თვალები დახუჭა, სუნთქვას აჩერებდა. სასწრაფოდ შევიყვანეთ კლინიკაში და იქვე გული გააჩერა. მთელი კლინიკის ექიმები მობილიზებულები იყვნენ, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის რითმი მალევე აღდგა. მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს.
ის სიცოცხლისათვის 23 სთ-ი იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა.
ლევან დადუნაშვილი მე არ მინახავს, მას სხვა ბრიგადა ემსახურებოდა, ისეთივე უმწეო, ისეთივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით იყო, როგორც დათო, ის კლინიკაში მისვლამდე, სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა“,- წერს თამუნა საგარეიშვილი.