სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ფაეისბუქის საკუთარ გვერდზე შვილს მორიგ წერილს უძღვნის:
„მარიამის ე.წ შიშველმა ფოტოებმა, არა მხოლოდ მისი გულწრფელი ღიმილი, სიბინძურეში, სიძულვილში, ვნებებში და ბოღმაში ჩაძირული საზოგადოება გააშიშვლა…
მართლაც, რა მართალი ყოფილა ილია, ,,კაცია ადამიანი” პირთან მიიტანეთ და ჩაიხედეთო… დღეს კი ამ ნაწარმოების როლი, პატარა, მხიარული გოგონას ფოტოებმა იტვირთა!.. ,,სარკე” კი იმდენად სუფთა აღმოჩნდა, ყველა სიმახინჯე დაუფარავად გამოვლინდა. ისედაც ვიცოდი, მაგრამ საოცარი პარადოქსი გამოიკვეთა-ქვებს მთელი ძალით ისინი ისროდნენ, ვისაც ყოველ შაბათ-კვირას თაფლის სანთელი არა მხოლოდ ქსოვილს, სხეულსაც უწვავს, მაგრამ გონება მაინც ვერ გაუნათდა, ვინც უამრავი აკრძალვების მსხვერპლი გახდა, შინაგანად კი ვერ დაიტია და მარიამის თავისუფლებაში მისი შეზღუდვები ვერ აიტანა. ამიტომ, რაც მას გაუგებრად აეკრძალა, გადაწყვიტა სხვაშიც ქვებით და ტალახით ჩაეხშო…
ფარისევლებო!..
სულიერება მხოლოდ სახარების ყიდვა და ხატების კუთხეში დადება რომ ჰგონიათ, მას გადაშლა და წაკითხვა უნდა… იტყვით, ვკითხულობთო, შეიძლება, მაგრამ უკუღმა…
ორგულნო!..
სხეულის სიწმინდით რომ მედიდურობთ და სული ეშმაკისთვის მიგიყიდიათ… თეოლოგიურად დიდაქტიკოსობთ, fb-კედელი ხატებითა და ჯვრებით, ლოცვებითა და ცრუ ქადაგებებით, საკურთხევლად რომ გიქცევიათ, მაგრამ სიყვარულის ნატამალი არ შეგრჩენიათ… მოყვასი განადგურებისთვის გაგიწირავთ და მის ,,ცხედართან” როკვა გაგიმართავთ…
ფსევდომორწმუნენო!..
გვერდით მდგომი, უღმერთოდ შეგძულებიათ და ბაგეზე იესოს სახელი უგემოვნო საცხით მიგიწერიათ…
ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრდით, ამ პატარა ბავშვში რამხელა აგრესია შეგეძლოთ გამოგეწვიათ?! ყველას არ ჰყავს მამა პეტრე. სწორედ თქვენნაირების დამსახურებაა, ეკელსიამ ღირსეული შვილები რომ დაკარგა და ისევ თქვენ ამბობთ-მტრები არიანო… არადა, დაუძინებელი მტრები თქვენ ხართ, რადგან ისინი მტრად თქვენ ჩამოაყალიბეთ… როდემდე უნდა იცხოვროთ ტყუილში და საკუთარი ,,სიწმინდეების” დაცვაში…
დიახ, მარიამის თაობა ჩამოგხსნით სახეზე შემხმარ ნიღაბს და აუცილებლად ჩაგახედებთ ლეჩაქგადაფარებულ სარკეში…
მადლობა, რომ ბრძოლისთვის განმაწყვეთ…
ახლა კი, მარიამს:
მარი, პირველ კლასში იყავი, „ნატვრის ხე” რომ წაიკითხე… მანამდე, „კენგურუთი” საჯარო ბიბლიოთეკაში დამყავდი… შენი უძირო, ფირუზისფერი თვალებით ამომხედავდი და ალბათ ფიქრობდი, რას მერჩის მამაჩემიო…
მაშინაც გიკვირდა და ახლა მითუმეტეს, რატომ გაწირეს მარიტა?! რას ერჩოდნენ მას?!
,,ყველა უხერხულობდა მარიტას სახელის ხსენებას. ბავშვიც კი შეყოყმანდებოდა ხოლმე, ხოლო თუკი ენაზე მოადგებოდაეს სახელი, ენის ტარზევე შეირჩენდა და არც კი წარმოთქვამდა…
ჩუმად იყვნენ მარიტას ნამეგობრალებიც… ყველა მიხვდა თავის შეცდომასა და ბოროტებას, ყველამ გაითვალისწინა საკუთარი დანაშაული…”
ეს ნაწილი გახარებდა… შენთვის პირველი გააზრებული წიგნი იყო და ალბათ მისი უკვდავი გმირის ცხოვრებაც დაგებედა… წიგნი დახურე და-ამიერიდან მარიტა ვარო-წარმოთქვი… მართალი აღმოჩნდა… ვერ ვიტყვი სამწუხაროდ, რადგან წრფელი ხარ, მამი…
შენ იმ ქვეყნის შვილი ხარ, სადაც ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, ქალი მართავდა ქვეყანას… სადაც ტყვე ქალწულმა წარმართი ქართველობა მოაქცია, სადაც პირველი დიპლომატიური ნაბიჯები ისევ ქალებმა გადადგეს… რასაც დღეს ხედავ, ეს არ არის ნამდვილი… ნამდვილი გუშინ იყო, ხვალინდელი შენ უნდა შექმნა…
შარშან ამ დროს, შენი საუკეთესო მეგობარი ავტოკატასტროფით გარდაიცვალა… ვერავინ გეკარებოდით… შორიდან ცალკე თაკოს, ცალკე კი შენს ნაადრევ ტრაგედიას ვგლოვობდი… წელს ისე გაგწირეს „მორწმუნეებმა”, სიკვდილი მონაგონი გახდა… მე მრცხვენია მათ ნაცვლად, მე გიხდი ბოდიშს… გეხვეწები, აპატიე… შენ ძლიერი ხარ და ვიცი, გამოგივა… მადლობა, შენმა ფოტოებმა საზოაგოების ბნელი მხარეები რომ გამოავლინა, მადლობა, ღიმილი რომ ისევ შეგიძლია, მადლობა, ქრისტეს რომ ეთაყვანები… ათასი მადლობა, რომ ჩემ შვილად მოევლინე დედამიწას…
მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს-წელში გასწორდი, მხრებში გაიშალე და იარე წინ, თამარის ეპოქისაკენ!..“
სხვა სიახლეები