მამა პეტრე: თამუნა უძღები შვილია… – რას ფიქრობს ეკლესია მედავითნეზე, რომელიც “პლეიბოისთვის” შიშვლდება

რას ფიქრობს ეკლესია მედავითნეზე, რომელიც “პლეიბოისთვის” შიშვლდება, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია “ამბები.გე”-სთან აკეთებს.

– მამაო, ეკლესია ასეთ სიტუაციას ზოგადად როგორ განიხილავს?
– არ ვიცნობ თამუნას, მაგრამ გავეცანი მის მისწრაფებებს. მთავარია შრომის უნარიანი, ბეჯითი, მიზანსწრაფული იყოს და ყველაფერი გამოუვა. რაც შეეხება ეკლესიის დამოკიდებულებას, ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს არჩევანის საშუალება და ამაში ის არ არის შეზღუდული. არც ის არის გასაოცარი, ადრე თუ მედავითნე იყო და ახლა მოდელი გახდა. ყველა მედავითნე ვერ იქნება და ვერც მოდელი. მთავარია, უფალს არ დაშორდეს და შინაგანი კავშირები არ გაწყვიტოს მასთან. ვიმედოვნებ, თამუნა ისევ დაუბრუნდება ეკლესიას და წიგნის მკითხველების გვერდით თუ არა, მორწმუნეებს შორის ჩადგება და სინანულის მეშვეობით დაიბრუნებს იმას, რაც დაკარგა.

– ასეთ შემთხვევაში ეკლესია რაიმე მკაცრ სასჯელს ხომ არ აწესებს?
– რატომ გვინდა, სულ სასჯელებზე ვისაუბროთ, თან, მკაცრზე?! უფლის გულმოწყალება ჩვენს ყოველგვარ ცოდვას აღემატება. ვისაც ერთხელ მაინც უგრძვნია საღმრთო ლიტურგიის დროს მიღებული სითბო, შეიძლება ბევრი უხეტიალია უაზროდ, მაგრამ საბოლოოდ ღვთის წიაღში დაბრუნებულა. ჩავთვალოთ, რომ თამუნა უძღები შვილია და მალე შეიმოსება სამოსელი პირველით…

– ზოგადად ასეთ ადამიანს აქვს თუ არა უფლება, ვთქვათ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ეკლესიაში მსახურების დროს ფსალმუნები ისევ წაიკითხოს?
– წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, – “სჯობს მზემ შეწყვიტოს არსებობა, ვიდრე ადამიანმა ფსალმუნთა კითხვა”. ღვთის სახლი, მონანული ცოდვილებისთვის დაარსდა. გავიხსენოთ, სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი პირველად მრუშობით დაავადებულ მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა, სავლე პავლედ გარდაიქმნა. ყველას დაჰყვება პეტრეს მამალი ქვეცნობიერად, რომელიც სინანულის მომასწავებელია…

– თუ ვთქვათ, ამაში უჩვეულო არაფერია, მაშინ, ხალხს რატომ უკვირს მსგავსი შემთხვევები? და რატომ განიკითხავენ ადამიანებს?
– ვის არ განიკითხავს ხალხი?! რატომ არის იმ ხალხის აზრი ავტორიტეტული, პიროვნული კომპლექსების გამო ყველაფერს რომ იკადრებს?! თამუნაზე მეტად მისი “გულშემატკივრების” გამკვირვებია. ამ გოგონამ ის გააკეთა, რაც სურდა და ყველამ დავინახეთ… ეკლესიაში

ალბათ, ძალიან ბევრი “თამუნა” დადის, ოღონდ, ვერ ბედავს არა ღვთის შიშის გამო, არამედ სწორედ იმ “ხალხის” შიშით, ვინც ქვებით სავსე ხურჯინით დადის და მალე უმისამართოდ დაიწყებს სროლას. ახლა მე მაქვს კითხვა?! ვისი მდგომარეობა სჯობს? – იმათი, ვინც თამუნას განიკითხავს და თვითონ იბოღმება, ამის გაკეთება რომ ვერ შეძლო, თუ თამუნასი, რომელიც ტაძრიდან წამოვიდა, მაგრამ ამ მდგომარეობას განიცდის და ისევ დაუბრუნდება უფალს?!

– მამა პეტრე, თქვენ როგორ მოიქცეოდით მისი მოძღვარი რომ ყოფილიყავით?
– როგორც ქრისტე მოიქცეოდა – “მოვედით ჩემდა, ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ”… თუ კი მას ამის სურვილი ექნებოდა, ცხადია…

– გზა, რაც მან ახლა აირჩია, ანუ რუსული “პლეიბოისთვის” უნდა გაშიშვლდეს. არის თუ არა მის ცხოვრებაში ერთგვარი განსაცდელი?
– რაც შეეხება გაშიშვლებას, მხოლოდ ყოფილი მედავითნე კი არა, არავინ უნდა გაშიშვლდეს. მეტი მოკრძალება და თავაზიანობა გვმართებს. თვითონ ნიშნის მოგებით აკეთებს ამას და ვიღაცას უმტკიცებს, რომ გაშიშვლდა. ბუნებრივია, გაღიზიანდება საზოგადოება. წლების მანძილზე რაც შეეზღუდა, თამუნამ ერთიანად აინაზღაურა.

უფალმა სინანული მისცეს და განცდა საკუთარი ცოდვისა, ამინ…

ლალი ფაცია

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები