ლაშა გურული: ჩავთვალოთ, რომ 2021 წელს ცხოვრება ახალი ფურცლით უნდა დავიწყოთ და ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს განწყობებზე

სოციალურ ქსელში, ვებგვერდზე – სპორტის სახლი/ონლაინ მაღაზია ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის, ლაშა გურულის  ინტერვიუ ვრცელდება. მასალის მიხედვით, ის ქართველებს რჩევებს აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაატარონ მათ პანდემიის პერიოდი შედარებით უმტკივნეულოდ.

როგორც სპორტსმენი გვირჩევს, უკეთესი იქნება, თუკი პრიორიტეტად ცხოვრების ჯანსაღ წესს ავირჩევთ.

“ყველაფერი ფსიქოლოგიიდან მოდის!
ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს განწყობაზე, იმაზე, თუ როგორ შევხვდებით მომავალ წელს. რთული წელი გავიარეთ – 2020-მა ბევრ საკითხზე დაგვაფიქრა…
ვიტყოდი, ეს იყო რესტარტის, ღირებულებების გადაფასების, დაფიქრების, ანალიზის წელი… სამყარომ უდიდესი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ეს გაკვეთილები მომავალში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. არაფერი მომხდარა და ხდება უსაფუძვლოდ…
ჩავთვალოთ, რომ 2021 წელს ცხოვრება ახალი ფურცლით უნდა დავიწყოთ და ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს განწყობებზე, იმაზე, თუ რამდენად პოზიტიურად მოვმართავთ თავს… ყველა ნეგატივი აუცილებლად უნდა გავუშვათ… საერთოდ, მჯერა, რომ ყველა რთულ პროცესში შეიძლება, ვიპოვოთ პოზიტივი – პანდემია რომ არა, ჩვენ, ადამიანებს ამდენი დაფიქრების, გადაფასების, ანალიზის შესაძლებლობა არ მოგვეცემოდა… ხომ გაგიგიათ – რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!
სამყარო შეიცვალა და ის ძველებური, ალბათ, ვეღარასდროს იქნება, მაგრამ მასთან ერთად ჩვენც უნდა შევცვალოთ მისდამი, საკუთარი თავისა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებები. ღირსეულად უნდა გავიაროთ ეს პერიოდი და დანარჩენი სახელმწიფოსა და მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად გაუმკლავდება რთულ ეკონომიკურ მოცემულობას.
მე, როგორც სპორტსმენი, საქართველოს მოქალაქეებს ვურჩევ, პრიორიტეტად აქციონ ჯანსაღი ცხოვრების წესი. გასაგებია, რომ დღეს სპორტული დარბაზები, ფიტნეს კლუბები დახურულია, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდეთ! მინიმუმ, გადით ჰაერზე, ისეირნეთ, ბევრი იარეთ, ივარჯიშეთ სახლის პირობებში, თუნდაც, ონლაინ ინსტრუქტორების დახმარებით და, რაც მთავარია, სწორად იკვებეთ!
სულ ვეუბნები მამაჩემსაც, რომ ყოველდღე გავიდეს სტადიონზე და რამდენიმე წრე სიარულით დაარტყას…
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი უფროსი თაობისთვის, ასევე, მათთვის, ვინც არ არის აქტიური სპორტსმენი!
სიარული გულისთვის, სისხლის მიმოქცევის დარეგულირებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.
მესმის, რომ ზამთარია, ცივა, მაგრამ უნდა მოძებნოთ თავში ძალა და ყოველდღე, ცოტა ხნით მაინც, გახვიდეთ გარეთ… პოზიტიურ შედეგებს ძალიან მალე იგრძნობთ და განწყობაც აგიმაღლდებათ!
ვფიქრობ, ჯანსაღი ცხოვრების წესის სიკეთეები განსაკუთრებით ამ პერიოდში დავინახეთ – მნიშვნელოვანია ადამიანებს ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეთ, რასაც ხელშეწყობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, პანდემიის პერიოდში ბევრმა ადამიანმა უკვე გაიაზრა მისი მნიშვნელობა.
არ გვაქვს უფლება, თავი დავხაროთ! დღეს, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს ვჭირდებით და ჩვენი სწორი მიდგომებით, სახეცვლილ სამყაროსაც აუცილებლად მოვერგებით!
ყველას, ვისაც ჩემგან რჩევა, ან კონსულტაცია გჭირდებათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მომწეროთ ინსტაგრამის გვერდზე – lashaguruli63.
მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გულისყურით გავცე პასუხი და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება”, – გვირჩევს სპორტსმენი.

ინფორმაციისთვის, ლაშა გურული შემდეგი ტიტულების მფლობელია:

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი;
ევროპის 2018 წლის ჩემპიონი;
ევროპის 2017 წლის ვერცხლის მედალოსანი;
ევროპის 2014 წლის ბრინჯაოს მედალოსანი;
საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი;
მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.

კომენტარები

სხვა სიახლეები