რა არის სასარგებლო კვება და რატომ არის ეს საჭირო? – ბავშვისთვის ამის ახსნა რთულია. კიდევ უფრო რთულია, რომ დაარწმუნო ამაში. ამიტომ ჯობია, ჩვევების სახით გამოუმუშავოთ მიდრეკილება ჯანსაღი საკვებისადმი. ეს ჩვევები მომავალში მას დიდ სამსახურს გაუწევს. გთავაზობთ კვების 10 წესს, რომელსაც თითქმის ყველა ევროპელი იცავს, მითუმეტეს – ბავშვები.
1. ჭამეთ დღეში 3-ჯერ
როცა ბავშვი დღეში 3-4-ჯერ მიირთმევს, თან ჭამათა შორის შუალედებში არ იცმუცნება, ყოველთვის მადიანად და უპრობლემოდ ჭამს. კვების პროცესი სასურველი და სასიამოვნო მომენტია, თუნდაც კერძი დიდად არ მოეწონოს.
2. მიირთვით ძირითადად ნატურალური პროდუქტი
ბავშვის კვებისთვის ყოველთვის ნატურალური საკვები შეარჩიეთ. ნაკლები კონსერვანტები, რაფინირებული ცხიმითა და შაქრით გაჯერებული ნაწარმი. თითო ტრაპეზი პირველი და მეორე თავის კერძისგან უნდა შედგებოდეს. ამას დესერტიც ემატება.
3. დალიეთ ბევრი წყალი
ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის წყალი აუცილებელია. ამაში არ იგულისხმება წვენები და გაზიანი სასმელები. ჭამათა შორის შუალედებში ბავშვმა საკმაო რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს.
4. ჭამეთ აუცილებლად მაგიდასთან
არავითარი სიარულით ჭამა, სიჩქარე, ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ კვება. მიაჩვიეთ ბავშვი მადიდასთან ჯდომას, რომლის დროსაც მხოლოდ საკვებზე იქნება კონცენტრირებული. ესაუბრეთ საკვების მნიშვნელობაზე და ასწავლეთ, რომ იგრძნოს საკუთარი სხეულის მოთხოვნილებები.
5. ვახშამი მსუბუქი უნდა იყოს
ძირითადი საკვები სადილად უნდა მიირთვათ, ვახშამი კი წახემსებას უნდა ჰგავდეს. ბოსტნეულის კერძები, მაკარონი, უხორცო სუპი, ხილი. მსუბუქად ნავახშმევი ბავშვი უკეთ იძინებს.
6. ჭამის შემდეგ სამზარეულოს კარი გამოხურეთ
მიაჩვიეთ, რომ ჭამათა შორის შუალედებში კვებით დაკავებული არ იყოს. წარამარა მაცივრის გამოღება აკრძალულია. ბავშვი, რომელიც მიჩვეულია, რომ მთელი დღე სასუსნავებით ჰქონდეს პირი გამოტენილი, მოზრდილ ასაკში გასუქებისთვისაა განწირული.
7. ისწავლეთ დროზე შეჩერება
ბავშვმა ზომიერება უნდა იცოდეს. დედამაც – არ არის საჭირო პირამდე სავსე თეფშის დაცლამდე მიძალება. ამით კუჭის კედლები განიერდება. აუხსენით ეს ბავშვსაც.
8. დატკბით გემოთი
კარგია, როცა საკვებს კმაყოფილება მოაქვს. მოუმზადეთ არა მარტო სასარგებლო, გემრიელი საკვებიც.
9. ასწავლეთ მომზადება
ასწავლეთ ბავშვს საჭმლის კეთება – თავისი ხელით მომზადებულს უფრო სიამოვნებით შეჭამს. უამრავი მარტივი კერძი არსებობს, რომლებსაც ადვილად ისწავლის. საკვებთან უშუალო შეხება კვებასთან დაკავშირებულ სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
10. საკვები დანაშაულის გრძნობას არ უნდა იწვევდეს
არასოდეს გალანძღოთ ბავშვი იმის გამო, რომ თქვენი სურვილის წინააღმდეგ შეჭამა ან არ შეჭამა რაღაც. ეს ბულემიისა და ანორექსიის ერთ-ერთი ბიძგის მიმცემი ფაქტორია. არასოდეს გამოიყენოთ საკვები დასჯის ან წახალისების მიზნით.
სხვა სიახლეები