ცნობილი ამერიკული ჟურნალის, Variety-ის ინფორმაციით, კევინ სპეისის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ სერიალი House of cards დაიხურა. სერიალის მაყურებლები მეექვსე სეზონის ნახვას 2018 წელს შეძლებენ, თუმცა ამის შემდეგ House of Cards აღარ გაგრძელდება.
როგორც ჟურნალი წერს, ამის შესახებ გადაწყვეტილება სერიალის შემქმნელებმა ბალტიმორში შეხვედრის დროს მიიღეს. ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელდა Netflix-ისა და Media Rights Capital-ის განცხადებაც, რომელიც კევინ სპეისს ეხებოდა:
“Netflix და Media Rights Capital-ის გუნდი ძალიან შეწუხებულები ვართ მას შემდეგ, რაც კევინ სპეისის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მოვისმინეთ. ამის შემდეგ, ბალტიმორში შევხვდით ჩვენი გუნდის წევრებს, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და ჩვენი მხარდაჭერის იმედი აქვთ. ამ შეხვედრას კევინ სპეისი არ ესწრებოდა” – ნათქვამია სერიალის შემქმნელების განცხადებაში.
ამავდროულად, The Guardian-ს Netflix-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა დაუდასტურა, რომ სერიალის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს და ეს არ არის სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და მუსიკოსმა ენტონი რეპმა კევინ სპეისის მის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მსახიობის თქმით, ეს შემთხვევა 1986 წელს მოხდა, როცა ის 14, ხოლო კევინ სპეისი კი 26 წლის იყო. ბრალდების შემდეგ ოსკაროსანმა მსახიობმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი ახსოვს, თუმცა ბოდიში მაინც მოიხადა. ამავე განცხადებაში სპეისმა ქამინგ აუთი გააკეთა და თქვა, რომ გეია.
წყარო:on.ge