კარლოს კასტანედა – მექსიკელ შამანთა გზა სამყაროში

კარლოს კასტანედაზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას მხოლოდ ის რომ, არის ავტორი ათი საკულტო წიგნის, სადაც აღწერილია სოციალური არაცნობიერიდან ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბების გზა. ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი სადიპლომო თემას ამზადებდა ჰალუცინოგენური თვისებების მქონე მცენარეების შესახებ, როდესაც არიზონის ავტოსადგურში სრულიად შემთხვევით შეხვდა ,,იაკის’’ ტომის ინდიელს, სახელად დონ ხუან მატუსს, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა როგორც მისი, ასევე ათასობით მისი მკითხველის მსოფლმხედველობა.
სულ თავიდან, კარლოს კასტანედას აზრით, მისი და დონ ხუანის ურთიერთობა მხოლოდ იმ მცენარეებზე ინფორმაციის მიღებით უნდა შემოფარგლულიყო, რომლითაც ის იყო დაინტერესებული, თუმცა დონ ხუანის მოთხოვნით ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდებოდა, თუ იგი ტოლტეკების იმ მაგიურ ტრადიციებს ბოლომდე გაითავისებდა, რომლის მემკვიდრეც თავად მექსიკელი ინდიელი გახლდათ. ეს წინადადება კასტანედას თავდაპირველად წარმოუდგენლად მიაჩნდა, რადგან მისი ინტერესი პირველ რიგში მეცნიერული იყო, ხოლო იმ სფეროს, საითაც დონ ხუანს მიჰყავდა, თანამედროვე ადამიანისთვის დამახასათებელი სტერეოტიპებისა და ,,რეალობის’’ აღქმისთვის სრულიად უცხო და გაუგებარი ელფერი დაჰკრავდა.
მიუხედავად ამ შინაგანი წინააღმდეგობებისა, დონ ხუანის ფიგურა მასზე იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ გადაწყვიტა დამორჩილებოდა მის ამ უცნაურ ახირებას და მცენარეებზე მხოლოდ თეორიული ინფორმაციის მიღების ნაცვლად ინდიელ შამანთა ფილოსოფიის ბოლომდე შესწავლა სცადა. ასე გარდაიქმნა ანთროპოლოგი კასტანედა, მაგის შეგირდად, რასაც მალევე მოჰყვა მისი პირველი წიგნის (,,დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა’’) გამოსვლა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი დონ ხუანის მიერ მისთვის დანახული ახლებური სამყარო და ყველა ის პრაქტიკა, რომელსაც ის მასთან ერთად ყოფნისას გადიოდა.
დიდ ინტერესთან ერთად, კარლოს კასტანედას ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოს ის მის წიგნებში ჰალუცინოგენური მცენარეების პროპაგანდას ახდენდა და მისი სულიერი გამოცდილება არაფერი იყო, გარდა ნარკოტიკული ზემოქმედების მდგომარეობაში ყოფნის დროს სხვადასხვა ილუზორული ზმანებისა, თუმცა ეს წარმოდგენები ძალიან ზედაპირული და შამანური ტრადიციების ყოველგვარი გააზრების გარეშე გამოტანილი დასკვნებია. ინდიელი შამანები ჰალუციონგენურ საშუალებებს ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იყენებდნენ და ამის მიზანი ადამიანის სტერეოტიპული ცნობიერებიდან ამოვარდნა და რეალობის შეცვლილი აღქმის დროს საკუთარ თავზე და გარემოზე დაკვირვება და კონტროლი იყო.
კასტანედას წიგნებში მთავარი აქცენტი არა ნარკოტიკულ თრობაზე, არამედ იმ ადამიანის გზაზეა, რომელიც მთელი არსებით მიისწრაფის შემეცნებისკენ, დონ ხუანის სიტყვებით: ,,სამყაროს მაგიურ შემეცნების გზაზე, ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს ცოდნისკენ, ისევე როგორც მიდიან საომრად – სრულიად ფხიზელი, აღვსილი სიფრთხილით, მოკრძალებით და ამასთანავე შეუქცევადი გადაწყვეტილებით. ნებისმიერი გადაცდომა ამ წესისგან არის ფატალური შეცდომა, რომლის ჩამდენიც აუცილებლად მწარედ ინანებს ამას”.
შამანური ტრადიციების მიხედვით, დონ ხუანის მიერ შეთავაზებული სამყაროს ალტერნატიული გააზრება მუდმივ წინააღმდეგობაში მოდიოდა თანამედროვე ,,ქალაქში’’ მცხოვრები ადამიანისთვის დამახასიათებელ ჩვეულ რეალობის აღქმასთან და ამის სრული გამოხატულება იყო კასტანედა. დონ ხუანი: ,,ძალიან მკვეთრი კონცენტრირება საკუთარ თავზე, ადამიანში აყალიბებს საშინელი დაღლილობის შეგრძნებას. ამ მდგომარეობაში მყოფს კი აღარც ესმის და ვეღარც ამჩნევს სხვას, მისთვის ჩვეული სამყაროს მიღმა. ეს შინაგანი დაღლილობის და განსაზღვრულობის შეგრძნება სრულიად უხშობს საშუალებას შეამჩნიოს ის საოცრებებიც, რომლებიც მრავლადაა მის ირგვლივ. უცვლელი და ადამიანში გამჯდარი წარმოდგენა რაიმე ფაქტზე, ისევე როგორც მთელ სამყაროზე, ყოველთვის კლავს მასში რაიმე ახლის აღმოჩენის უნარს. ასე რჩება ის პირისპირ მხოლოდ ერთ, მისთვის ნაცნობ სამყაროსთან და ჰგონია, რომ ირგვლივ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მიჩვეულია რომ უნდა იყოს’’
ზუსტად ამ ჩვეული ,,რეალობის სურათის’’ დაკარგვა იყო კარლოს კასტანედას პირველი ნაბიჯები მაგიური ცოდნის გზაზე. დონ ხუანიც მას ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლიდა როგორც სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშს, ასევე საწყის ეტაპზე ჰალუცინოგენური მცენარეების სწორ გამოყენებას. საბოლოო მიზანი კი ცნობიერების სრული შეცვლა და რიგითი ადამიანის განსაზღვრული ცხოვრების გზიდან განსხვავებით, როგორც ტოლტეკების მაგიურ ტრადიციაში უწოდებდნენ ,,მეომრის გზით’’ სვლა იყო.
კარლოს კასტანედას აზრით, ძველ ეპოქაში, ხალხის ცოდნა კოსმიური წესრიგის შესახებ გაცილებით უფრო ღრმა იყო და სწორედ ამ ცოდნით ცხოვრებას უწოდებდნენ – ,,მეომრის გზით’’ სვლას. ,,მეომრის გზა’’ – ეს არის ცხოვრების წესი, ორიენტირებული სამყაროს იმ სიგნალების დაჭერაზე და ცნობიერ აღქმაზე, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანი ვერ აღიქვამს, რის გარეშეც შეუძლებელი ხდება ერთი კონკრეტული რეალობის ნაცვლად მრავალგანზომილებებიანი სამყაროს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.
კარლოს კასტანედა – მექსიკელ შამანთა გზა სამყაროშიდონ ხუანი: ,,ეს გზა რთულია და მასზე მყოფს მოუწევს ბევრი დაბრკოლების გადალახვა, ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. აქ ყოველგვარი შიშის და საკუთარი თავის შეცოდების გარეშე ადამიანი უნდა იყოს უმწიკვლო, მასზე არ უნდა აისახოს არაფერი, რაც ირგვლივ ხდება. ის არ იხრის ქედს არავის წინაშე და არც არავისზე ბატონობს. აქ წარმატება დამოკიდებულია მხოლოდ მის პირად ძალაზე, ხოლო ძალა იმაზე, თუ რამდენად უმწიკვლოა ის მოქმედებაში’’.
მთავარი ფასეულობა შამანთა ფილოსოფიაში თავისუფლებაა. აქ არ იგულისხმება თავისუფლება მხოლოდ სოციუმისგან, თავისუფლება საკუთარი თავისგანაც. ,,მეომრის გზა’’ – ეს არის მსხვერპლად გაღებული შენი წარმოდგენები და ფიქსირებული აზრები მუდმივი ცვლილებების სანაცვლოდ. მხოლოდ მაშინ, როდესაც არ გაქვს რაიმეზე უცვლელი განწყობა, შენ მზად ხარ ყველაფრისთვის.
საინტერესოა ასევე ტოლტეკების მაგიური ტრადიციის დამოკიდებულება სიკვდილის შესახებ. სიკვდილი – ეს ერთადერთია, რაშიც მებრძოლი შეიძლება დარწმუნებული იყოს. ,,მეომრის გზა’’ ნიშნავს, რომ გააცნობიერო შენი როგორც ფორმის მოკვდავობა და დააფასო ცხოვრება ნებისმიერი მისი გამოვლინებებით. Aამ გზაზე მაგი ნელ-ნელა თავისუფლდება ,,საკუთარი განსაკუთრებულობის’’ შეგრძნებისგან, სიკვდილი ხომ ყველას ერთმანეთთან ათანაბრებს.
ტოლტეკების ტრადიცია არ აღიქვამს სიკვდილს როგორც უკანასკნელ წერტილს, ის მათთვის უფრო ახლის დასაწყისია და მთავარ აქცენტს მასთან სწორ, ანუ მიჯაჭულობების გარეშე შეხვედრაზე აკეთებს. მექსიკელ შამანთა აზრით, ადამიანი ჰგავს აბრეშუმის პარკს, საიდანაც რაღაც ახალი უნდა დაიბადოს და სანამ ეს პროცესი ბოლომდე არ მივა, მის მიერ სამყაროს აღქმა ყოველთვის შეზღუდული იქნება.
სამყაროს აღქმის არაერთი ფიქსირებული მდგომარეობა არამედ, მისი მაქსიმალურად გაფართოება ,,მეომრის გზის’’ მთავარი ამოცანაა დაEეს შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მრავალწლიანი ეზოთერული პრაქტიკების შედეგად, რომელსაც მუდმივად შეუშლიან ხელს სიკვდილის შიში, ადამიანის ეგო და ის, რასაც დონ ხუანი ,,საკუთარი თავის შეცოდებას’’ ეძახდა.
კარლოს კასტანედას წიგნებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია სხვადასხვა ეზოთერულ მიმდინარეობაზე, როგორიცაა, მაგალითად გაცნობიერებული სიზმართხილვა (ლუციდური სიზმრები) და ა.შ. მის მიერ არის შექმნილი ენერგეტიკული სავარჯიშოები – ,,მაგიური პასები’,’ რომელიც აერთიანებს ფიზიკურ მოძრაობებს და სუნთქვის რიტმს. კასტანედას წიგნების პოპულარობა იმითაც აიხსნება, რომ ეს არ არის მშრალი ანთროპოლოგიური ნაშრომი. ჩვენ შეგვიძლია ცოცხლად აღვიქვათ ყველა ის სულიერი თავგადასავალი, რომელიც მას დონ ხუანთან, ძველ ინდიელთა ტრადიციების შესწავლისას გადახდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი წიგნების მეშვეობით კარლოს კასტანედას შესახებ უამრავმა ადამიანმა გაიგო და დაინტერესდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ის თავის პირად ისტორიას მალავდა. დღესაც კი, ინტერნეტში მასზე ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება. მთავარი მიზანი აქ მარტო მომაბეზრებელი აჟიოტაჟისთვის თავის არიდება არ ყოფილა. ამას ის დონ ხუანთან ურთიერთობისას ჩამოყალიბებული მსოფმხედველობით აკეთებდა. მექსიკელი მაგების ცხოვრების ერთ-ერთი წესი ,,პირადი ისტორიის წაშლას’’ ეფუძნება. მათი აზრით, ,,მეომრის გზა’’ გულისხმობს ჩვენი ამ დროებითი ცხოვრების მანძილზე რაც შეიძლება შეუმჩნევლად და მიჯაჭულობების გარეშე გავლას. დონ ხუანი: ,,რადგან რაც უფრო მეტი იციან შენზე, ანუ რაც უფრო იდენტიფიცირებადი ხარ, მით უფრო ნაკლებია შენი თავისუფლება. თუ ხალხში ჩამოყალიბდა წარმოდგენა იმის შესახებ ვინ ხარ შენ და როგორი შეიძლება იყოს შენი მოქმედება, შეიძლება დაკარგო მოქმედების თავისუფლება.’’

ნიკოლოზ ჩიხლაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები