„კარგი სიმთვრალე”, “არა ღიპი” – როგორია ჟურნალისტის თვალით დანახული იდეალური ქმარი

ჟურნალისტი ცირა შერგელაშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე, ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რას ფიქრობს იდეალური ქმრების შესახებ.
აღნიშნული შეფასებით, ის “კვირა +“ -ზე განთავსებულ სტატიას სათაურით: “როგორი უნდა იყოს იდეალური ცოლი“, – ეხმაურება. “მოკლედ იმდენმა ადამიანმა გააზიარეთ სტატია იდეალური ცოლის შესახებ, რომ არ შემიძლია ამის საპირწონედ არ დავწერო, რას ვფიქრობ ქმრების შესახებ და როგორ მესახება იდეალური ქმარი. მაშ ასე:
1. იდეალური ქმარი აუცილებლად უნდა იყოს ჭკვიანი, სასურველია იყოს ინტელექტუალური, რადგან საინტერესო იქნება მასთან ურთიერთობა და ასეთ მამაკაცთან ფიზიკური სიახლოვეც უფრო მიიზიდავს ქალს.
2. ის აუცილებლად უნდა იყოს ერთგული და შეყვარებული თავის ცოლზე. ცოლი უნდა იყოს მისთვის საუკეთესო მეგობარი ქალიც, შეყვარებულიც და საყვარელიც.
3. ქმარი უნდა ანებივრებდეს ცოლს. არ ენანებოდეს ფული მისი მეასე ჩანთის და მეასე ფეხსაცმლის საყიდლად. მერე რა, რომ შეიძლება სულაც არ საჭიროებდეს ამდენს.
4. ქმარს არასდროს უნდა ავიწყდებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი თარიღები, როგორიცაა – გაცნობის დღე, დაქორწინების დღე, ცოლის დაბადების დღე და სხვა თარიღები, რომელიც ცოლისთვის მნიშვნელოვანია. ასეთ დღეებს და უფრო მეტად კი საღამოებს, მამაკაცი ცოლს განსაკუთრებით უნდა ულამაზებდეს.
5. ქმარს არ უნდა სჭირდებოდეს მიზეზი იმისთვის, რომ ცოლს სიურპრიზები მოუწყოს. სიურპრიზი, სასურველია არ იყოს ბანალური და ცოტა ტვინს ძალა დაატანოს.
6. იდეალურ ქმარს უნდა ჰქონდეს კარგი სიმთვრალე. ამ დროს არ უნდა იყოს აგრესიული, უნდა იყოს თბილი და ბევრს არ უნდა ლაპარაკობდეს.
7. არ უნდა იყოს ჭორიკანა და უბნის ჭორიკანა ქალივით არ უნდა განიხილავდეს სხვის ცოლებს და სხვის ცხოვრებას.
8. იდეალური ქმარი უნდა იყოს ენამოსწრებული და მხიარული, რომ არ მოიწყინო მასთან და საუბრის დროს არ ფიქრობდე ფარდაზე, გუშინ, მაღაზიაში რომ წააწყდი და მოგეწონა.
9. იდეალურ ქმარს უყვარს ან მინიმუმ პატივისცემით არის განწყობილი შენი ოჯახის და სამეგობროს მიმართ. არ ავიწყდება შეძლებისდაგვარად ყურადღება გამოხატოს მათ მიმართ.
10. იდეალური ქმარი არ არის დამოკიდებული ცოლის შემოსავალზე. ის თავად იღებს საკუთარ თავზე ოჯახის მატერიალური შენახვის ხარჯებს, ცოლი კი თავის ბიუჯეტს ანაწილებს ისეთ მნიშვნელოვან რამეებზე, როგორიცაა თმისა და ფრჩხილის მოვლა. კოსმეტიკური პროცედურები, აერობიკა და ფიტნესი…
11. იდეალური ქმარი ცოლს ფულის საჭიროებისას არ ეკითხება “რად გინდა?” რადგან გთხოვათ, ესე იგი საჭიროა.
12. იდეალური ქმარი ცოლს არ ახვევს თავზე თავისი წინაპრების სახელებს და სთავაზობს ერთად გადაწყვიტონ, რას დაარქმევენ პატარას.
13. იდეალური ქმარი არის ხელმარჯვე. სახლში ყველა წვრილმანზე ხელოსნის მოყვანას არ საჭიროებს და თავად შეუძლია შეაკეთოს ჩამრთველი, ონკანი და ასე შემდეგ.
14. იდეალური მამაკაცი ორიგინალურია და საჩუქარს არჩევს იმის მიხედვით, რაც მის ცოლს უყვარს და არა იმის მიხედვით, რა მოსწონთ, ზოგადად, ქალებს.
15. იდეალური ქმრის გვერდით, ქალი თავს დაცულად და დედოფლად უნდა გრძნობდეს.
16. იდეალური ქმრისთვის არ არსებობს არც სექსის, არც სითბოს და არც ფლირტის ობიექტი სხვა ქალი, რადგან ღირსეული მამაკაცი არასდროს დაუშვებს იყოს მოღალატე, ვირთხა ან ინტერნეტში მყოფი სილიკონის ტუჩებიანი ქალის ხამი. მას უბრალოდ არ უღირს ხორციელი სიამოვნება საყვარელი ადამიანის გულის ტკენის ან მოტყუების ფასად.
17. იდეალური მამაკაცი თამამია, მაგრამ არა თავხედი.
18. იდეალური ქმარი ცოლს არ ატირებს, არ აგინებს და არასდროს ადრის ვინმე სხვა ქალს სამყაროში. მით უმეტეს, თავის ყოფილ შეყვარებულებს თუ საყვარლებს.
19. იდეალური ქმარი არ გეკითხება ზაფხულში ზღვაზე წავიდეთ თუ მთაში? რადგან ორივე მათგანი საჭიროა და უზრუნველყოფს ორივეგან დასვენებას.
20. იდეალური ქმარი ცოლის საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.
21. ის არის მსუბუქად ეჭვიანი და არასდროს გადადის მისი ეჭვი შენი ღირსების შელახვასა და უნდობლობაში.
22. იდეალური ქმარი ცოლს ეხმარება პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში, რადგან ძლიერ მამაკაცს არასდროს თრგუნავს წარმატებული ცოლი. პირიქით ეხმარება მას, რომ ცოლი კიდევ უფრო მეტად თავდაჯერებული იყოს, მუდამ მაღალი თვითშეფასება ჰქონდეს და საუკეთესო წლები მხოლოდ გაზქურასთან არ დახარჯოს.
23. იდეალური ქმარი ყოველთვის ანებივრებს ცოლს გულწრფელი კომპლიმენტებით.
24. იდეალური ქმარი ცოლს კარგად იცნობს, მან ყველაზე უკეთ იცის ცოლის ჰობის შესახებ. იცის რომელი ფილმი, წიგნი, სიმღერა, საჭმელი ან რომელი აქსესუარი უყვარს.
25. იდეალურ ქმარს შეუძლია წაიკითხოს ცოლის თვალებში მისი განწყობა და ხშირად უთქმელადაც მიუხვდეს სათქმელს.
26. იდეალურმა ქმარმა იცის, რომ ცოლს სექსამდე პრელუდია სჭირდება და პირდაპირ “საქმეზე” არ გადადის.
27. იდეალური ქმარი არის მზრუნველი, თბილი და თავდაჯერებული. მომღიმარი, სიმპათიური, საიმედო .
28. იდეალური ქმარი შვილების საუკეთესო მრჩეველი და ძმაკაცია.
29. იდეალური ქმარი არ არის ღიპიანი.
30. იდეალური ქმარი დაბადების დღეებზე, ქელეხებზე, ქორწილებსა თუ ნათლობებში გასკდომამდე არ ჭამს და არ ღრეობს.
მოკლედ, სიის გაგრძელება კიდევ ბევრი პუნქტით შეიძლება.
მამაკაცებო, ნუ მოსთხოვთ ცოლს იყოს იდეალური, რადგან ისიც იგივეს მოითხოვს თქვენგან და თან ქალის ფანტაზიის წყალობით, მოთხოვნების სია მეტისმეტად გრძელი იქნება. ამ ყველა პუნქტს ალბათ ვერ შეასრულებთ, მაგრამ უბრალოდ იყავით შეყვარებულები, ერთგულები და მზრუნველები, თუ გინდათ თქვენი ცოლი მუდამ ლამაზი, მომღიმარი და ბედნიერი იყოს. გახსოვდეთ ღირსეული მამაკაცის ცოლი მუდამ ლამაზი და ღიმილიანია, რადგან ცოლი მამაკაცის მთავარი სავიზიტო ბარათი და მისი სახეა“, -წერს ცირა შერგელაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები