კარანტინში მყოფი ქართველი ექიმის პროტესტი – “გვითხრეს, რომ კარანტინში უნდა წავსულიყავით, ვინაიდან რომის ჰაერი ჩავისუნთქეთ”
იტალიიდან დაბრუნებული ექიმი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ის სავალდებულო კარანტინს ეწინააღმდეგება და აპროტესტებს.
ჯამბულ მაკარძემ სტატუსი ასე დაასათაური – “სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე”
„ამჟამად ვიმყოფები საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში, სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ უკიდურესად გაბრაზებული იმ ტრაგი-კომიკური სიტუაციის გამო, რაშიც აღმოვჩნდი.
მოკლედ, 1-ელ მარტს გავემგზავრე კოლეგებთან ერთად ხმელთაშუა ზღვის კრუიზზე. 1-წლიანი უშვებულებო შრომის შემდეგ ჩემთვის ეს იყო საუკეთესო შანსი დასვენებისთვის. თბილისი-კიევი-რომის რეისით ჩავფრინდით რომის აეროპორტში, სადაც მხოლოდ ჩვენთვის შეკვეთილი ავტობუსით პირდაპირ მივადექით საკრუიზო სუპერთანამედროვე გემს “გრანდიოზა”, რითაც 1 კვირის განმავლობაში შევედით ესპანეთისა და საფრანგეთის რამდენიმე პორტში. კორონას გამო გემზე იყო ყველაფერი ისე ორგანიზებული, რომ ეპიდსაშიშროების რისკი თითქმის არ არსებობდა. 8 მარტს დილით დასრულდა დაუვიწყარი კრუიზი და ჩვენ იგივე ავტობუსით გავემგზავრეთ რომის აეროპორტში, საიდანაც 2 საათში გავფრინდით კიევში. რომის და კიევის აეროპორტებში იშვიათად ნახავდით ნიღბიანს, თუმცა მრავლად იყო სადეზინფექციო ყუთები და ჩვენც ხშირად ვიმუშავებდით ხელებს.
9-ში ღამის 2 სთ-ზე დავეშვით მშობლიურ თბილისის აეროპორტში და…
ახლა იწყება არდავიწყება.
სასაზღვრო კონტროლის ქალბატონმა მარჯვენა საჩვენებელი თითი 90°-ით მიატრიალა მარჯვნივ და მითხრა იქეთ წადიო. მივხვდი, რატომაც, მაგრამ მე, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს ზედმეტი კითხვა არ დამისვამს და გავეშურე იქ, სადაც უკვე დამხვდნენ ასევე კანონმორჩილი ჩემი კოლეგა-მეგობრები, უკვე შეწუხებული სახეებით.
თერმოკონტროლის შემდეგ იქ მყოფმა ე.წ. ეპიდსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ჩვენ კარანტინში უნდა წავსულიყავით, ვინაიდან რომის აეროპორტის ჰაერი ჩავისუნთქეთ. არანაირი ეპიდანამნეზი მათ არ შეუკრებიათ, ჩვენი არგუმენტაცია არც კი გაუაზრებიათ. იძულებული გავხდით გაგვემართა კამათი და მოვითხოვეთ პასუხისმგებელ პირთან (ეპიდემიოლოგთან) შეხვედრა, რაზედაც გვითხრეს, რომ ძინავსო!
ჩვენს ნათქვამზე, რომ არსად ევროპაში და არც რომში ასეთი პანიკა და შეფერხება არ არისო, გვიპასუხეს, რომ მაგათ რომ არ იციან ეს რა ვირუსია, იმიტომ ჭირთო იქვე იყო სადეზინფექციო ბოთლი, ხელის დასამუშავებლად რომ მივედი ცარიელი აღმოჩნდა!!
საქმეში ჩაერთო 1-2 თოფიან-ფორმიანი დოქსოპულო, თუმცა ჩვენი წინააღმდეგობის მერე გვთხოვეს აეროპორტის ეზოში არსებულ კარავში გადავსულიყავით და დავლოდებოდით დილას, როცა ეპიდემიოლოგი გაიღვიძებდა და შესაძლო იქნებოდა სახლებში თვითიზოლაციის შეთანხმებაზე საუბარი. გადავედით კარვებში.
ჩვენ ვიყავით 13, მათგან 12 -ექიმი. კიდევ დაგვემატა 3 ადამიანი, რომლებიც ასევე იტალიიდან მოდიოდნენ. ერთმა მათგანმა უთხრა, რომ ყელი მტკივაო და გამოსაკვლევად წამიყვანეთო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ზემოდან სხვა დავალება გვაქვსო, თან დააყოლეს, რას მიდიოდი იტალიაშიო!..
ჩვენს მოთხოვნაზე, რომ ჩვენი თანხით ჩავიტარებდით ანალიზს და მერე მაინც გადავიდოდით სახლის თვითიზოლაციაზე, ასევე უარი მივიღეთ!
ჩემთვის უკვე ცხადი იყო, რომ “ზემოთ” იმპერატიულად გადაწყვიტეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის იზოლირება საავადმყოფოებში ან სასტუმროებში. თუ რატომ, ერთად ვიფიქროთ (მე ვიცი)..
12 საათის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით კარავში და მიმდებარედ, არანაირი კომუნიკაცია ე.წ. ეპიდსამსახურს ჩვენთან არ ჰქონია, მხოლოდ პატრული და დაცვის სამსახური იდგა შორიახლოს. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჩვენი ფულით საკვები მოეტანათ, ვინაიდან 1 ადამიანი იყო დიაბეტიანი, რაზეც 12 ექიმს გვიპასუხეს, ექიმს მოგიყვანთო.
ბოლოს მოვიდა ერთერთი თეთრხალათიანი და მოიტანა ხელშეკრულებები, სადაც ჩვენივე ხელით ჩავწერეთ, რომ თანახმა ვიყავით 2 კვირიან თვითიზოლაციაზე საკუთარ სახლებში. მეც გავიმზადე ბინა, სადაც ამჟამად უმცროსი ვაჟი ცხოვრობს (შეშინებულმა სასწრაფოდ დატოვა იქაურობა).
მოვიდა 2 ა/მანქანა და გვითხრეს, 1-2 საათით დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაგსინჯავენ და მერე გადახვალთო სახლში. უკვე საეჭვო იყო, მაგრამ კარავი აღარ გვინდოდა…
ბარგი-ბარხანით 2 მინივენი გაეშურა ასათიანზე, წინ მიდის პოლიცია, კატასტროფული სიჩქარით და სირენებით, თითქოს ატომური მუხტი გადაადგილდება, რამდენიმე საავარიო სიტუაციაც შეიქმნა, მაგრამ გადავრჩით. ასე ამოვყავით თავი იმ შენობაში. პირობები 0, მაგრამ კარავს ჯობდა.
2 საათის შემდეგ, ჩემთან შემოვარდა ეკიპირებული დოქსოპულო და მეუბნება, სასწრაფოდ საჩხერეში მივდივართო.. ჩემს ყვირილზე, რომ გიჟები ხართ-მეთქი, მიპასუხა: პრემიერის ბრძანებააო.. ანუ დაადასტურა მათი შეურაცხადობა და მთხოვა გავყოლოდი.
ქვემოთ რომ ჩავედი, კამონმორჩილი ჩემიანები უკვე ისხდნენ ფორდის ტიპის “რაფში”. ყველას სახეზე ეწერა დაბნეულობა და სასოწარკვეთა, გამოწვეული ასეთი მანქურთული შეურაცხყოფით!..
მიქრის “კანარეიკა” შუა თბილისში, უწყვეტი სირენით, დაუშვებელი სიჩქარით და დარღვევებით, კუდზე აზის “ატომით” დამძიმებული ფორდის რაფი. მძღოლი ეკიპირებულია, უსწორო გზაზე ისე გვანჯღრევს, რომ იძულებული ვარ შენიშვნა მივცე.. მანქანის ფანჯრებს იზოლაცია არა აქვს, მაღალ სიჩქარეზე ცივი ქარი ქრის და პოლუპატიმრებმა ქურთუკები მოვიხურეთ მხრებზე.
ჩავედით საჩხერეში, სასტუმროს ეზოში შემხვედრი ეკიპირებული მამაკაცის პირველი სიტყვებია: არ ჩამოხვიდეთ!!!
ჯერ წყვილები (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი) ჩავიდნენ, მერე კენტები..
აქ კარგი ადამიანები ჩანან, მაგრამ ეტყობათ, რომ ისინიც პანიკაში და გაუგებრობაში არიან.
ამრიგად, “ჯანმრთელი პაციენტები” ვიმყოფებით საჩხერეში.
მთავარი კითხვა:
1) რატომ არ შეიძლება საკუთარი ხარჯით საეჭვო დაავადების კვლევა?
2) რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი გადაყვანა სახლის პირობებში თვითიზოლაციაში?
3) ტყუილები გენეტიკაში გაქვთ თუ მართლა პრემიერმა დაგავალათ?!
4) რა დონის ეპიდსამსახური გყავთ აეროპორტში? ჩლუნგები და მონები, ეპიდანამნეზის ნორმალურად შეკრება არ იციან..
5) თუკი მართლა ზრუნავთ კორონას პრევენციაზე, რატომ არ გაესაუბრეთ კიევი-თბილისის დანარჩენ მგზავრებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იყვნენ? იქნებ გადავდეთ ინფექცია?!
6) რატომ ატარებთ იმ 3 ადამიანს ჩვენთან ერთად, მათ ხომ სხვა ეპიდანამნეზი აქვთ? პირიქით, იქნებ ჩვენ (13 ადამიანი) ვართ მათთვის საფრთხე?
7) ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ამგვარ ტრანსპორტში ან სასტუმროში არ დაავვადდებით?
8) რატომ ავალებთ პატრულს ასეთი დემონსტრაციული “ჯირითით” ატარონ ადამიანები?! ამით უკვე წამხდარ ავტორიტეტს აღუდგენთ?!
9) ვინ აგვინაზღაურებს 2-კვირიანი იძულებითი უმუშევრობით მოყენებულ ფინანსურ ზარალს?
10) რატომ უნდა წყვეტდეთ თქვენ (“ზემოთ”) იმ ადამიანების ბედს და ცხოვრების წესს, რომლებიც კარავში ყოფნისასაც ტელეფონით უამრავ პაციენტს უწევდნენ კონსულტაციას?
11) თქვენ ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ და კორონას დაინახავთ?!
თქვენი ჯანდაცვის სისტემაზე აქ აღარ შევჩერდები, მკითხველი მეცოდება, ბევრია სათქმელი!.. გამიგრძელდა მონოლოგი..
და ბოლოს, ყოველგვარი სენტიმენტის გარეშე: დღეს 10 მარტია, ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან 16 წლისთავი. პირველად ვერ შევძელი საფლავზე მისვლა..
ამის გამო მე თქვენი დედები მომიკითხია ახლოდან! (მაპატიოს წესიერმა მკითხველმა)“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.