ირაკლი ალასანიას ოჯახური პორტრეტი

ქართული OK! საზოგადოებისთვის ცნობილ წყვილს – პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას და ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ოჯახში – მათ მყუდრო ბინაში ესტუმრა. სანამ ლაღი, მომხიბლავი და მუდამ განსაკუთრებული პოზიტივით აღსავსე ჩვენი დიასახლისი სურნელოვანი ყავითა და ნუგბარით გვიმასპინძლდებოდა, ოჯახის უფროსიც შემოგვიერთდა.

როგორ გაიცნეს ნათია ფანჯიკიძემ და ირაკლი ალასანიამ ერთმანეთი, სად ატარებს წყვილი თავისუფალ დროს და რა არის მათი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო – წაიკითხეთ მხოლოდ ქართულ OK!-ში.

ნათია, ირაკლი, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
(ირაკლი): ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით.
(ნათია): დიახ, ასეა, და პირველი პაემანი – ზოოპარკში გასეირნება გვქონდა, სადაც პირდაპირ უნივერსიტეტიდან წავედით. ეს ყველაფერი 23 წლის წინ იყო. საკმაოდ დიდი დრო გავიდა. სხვათა შორის, 14 იანვარს შესრულდა ჩვენი ქორწინების 23 წელი.


პირველი აზრი, რომელიც ერთმანეთის შესახებ გაიფიქრეთ… როგორი იყო შეხვედრის პირველი შთაბეჭდილება?
(ნათია): მისგან რომ ყურადღება ვიგრძენი, თავისთავად, მეც დავაკვირდი. გავიფიქრე: ნეტავ ვინ არის ეს სიმპათიური ბიჭი-მეთქი.
(ირაკლი): სხვათა შორის, უნივერსიტეტში გაცნობამდე დაახლოებით 6 თვით ადრე შევხვდი ერთ სანაყინეში და ძალიან მომეწონა. მე ცალკე ვიყავი მისული, ნათია კი თავის მეგობართან ერთად. სწორედ მისი მეგობრის კისკისითა და ღიმილით მიიპყრეს თავდაპირველად ჩემი ყურადღება. ცოტა ხნის შემდეგ უნივერსიტეტში შევამჩნიე და აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე კორპუსში ვსწავლობდით. შემდეგ ვესწრებოდით ერთმანეთის ლექციებს. შეიძლება ითქვას, 2 დიპლომი მაქვს – ნათიას ხელოვნებათმცოდნის და ჩემი – იურისტის.
(ნათია): ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლისას, უკვე აღარ დამყვებოდა.

როგორ იწყება თქვენი დილა? ვინ ფუსფუსებს შინ და ვინ ადუღებს დილის ყავას?
(ნათია): ხან ორომტრიალი გვაქვს – ყველა ვჩქარობთ, ერთი ყავას ასხამს, მეორე აბაზანაში შესწრებაზეა… ხან კი უფრო მშვიდად იწყება დილა. ტრადიციულად, დილაობით მე ვფუსფუსებ ხოლმე.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატებული თანაცხოვრების მთავარი ღერძი? რას ემყარება თქვენი ოჯახური ცხოვრების ბედნიერება?
(ნათია): მეგობრობას. ჩვენ ერთმანეთის უახლოესი მეგობრები ვართ.
(ირაკლი): ასეა. მე და ნათია ცხოვრებისეული თანამებრძოლები ვართ.

ხშირად კამათობთ? ვინ თმობს ხოლმე პირველი?
(ნათია): ბოლო დროს ნაკლებად ვკამათობთ, რაც სულაც არ მიხარია. ყოველთვის მე ვარ ხოლმე წამომწყებიც და დამთმობიც.


სიყვარული ეჭვიანობის გარეშე ალბათ არ არსებობს. რომელი უფრო ეჭვიანი ხართ?
(ნათია): მე – იმიტომ, რომ მიზეზი მეტი მაქვს.
(ირაკლი): ეჭვიანობა სიყვარულის განუყოფელი ნაწილია, ოღონდ ნორმისა და ადეკვატურობის ფარგლებში, თავისთავად. ცოტას მეც ვეჭვიანობ, ხანდახან. გადამეტებული ეჭვიანობა აზიანებს ურთიერთობას.

თქვენ გარშემო მუდმივადაა ჭორები, კრიტიკა, განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვა თქვენი ოჯახის მიმართ. როგორ ხვდებით ამ ყველაფერს? განიცდით? თუ შეეჩვიეთ?
(ნათია): ადრე უფრო ნორმალური და ჯანსაღი რეაქცია მქონდა ხოლმე, როცა უსამართლოდ რამეს გვაბრალებდნენ ან შეკვეთილი სტატიები იწერებოდა, მაგრამ ახლა გავუხეშდი, გამომიმუშავდა იმუნიტეტი, რომ აღარ ვინერვიულო უსამართლო ბრალდებებზე, და ეს არ არის კარგი. ალბათ მაინც სჯობს, ადამიანს დარჩეს ის შეგრძნება, რომ განიცდიდეს რას ლაპარაკობენ მასზე. გაუხეშებულმა შეიძლება შეკვეთილი, ხელოვნური კრიტიკისგან ვეღარც გაარჩიო ის, რაც მართლა არ მოსწონთ შენში. თუმცა, იმდენად არარეალურია, რასაც ჩვენ გვაბრალებენ ხოლმე, რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვეღარ ვნერვიულობ.
(ირაკლი): მუდმივად მომეტებული ყურადღების ცენტრში ყოფნა – ეს პოლიტიკაში ყოფნის ხარკია, რომელსაც პოლიტიკოსი იხდის. ჩვენ მოთმინების განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. თავიდან, ეს „თმენა“ ემოციურად რთული იყო, მაგრამ ახლა იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული. როცა კონკრეტულ მიზანზე ხარ ორიენტირებული, მსგავს წვრილმანებს არ აძლევ საშუალებას, რომელმაც შესაძლოა შენი ენერგია, ემოცია და ყურადღება წაიღოს.


ყველაზე სახალისო ჭორი, რაც მოგისმენიათ…
(ირაკლი): ყველაზე სასაცილო ალბათ ის იყო, ხან რუსეთის და ხან ამერიკის აგენტობას რომ მაბრალებდნენ. ამაზე კარგად ვხალისობდით ხოლმე პარტიაში. ახლა მხოლოდ ეს მახსენდება.

სად იმოსება ალასანიების წყვილი? დაგვისახელეთ თქვენი საყვარელი ბრენდები.
(ირაკლი): მე ძალიან უპრეტენზიო ვარ. რაც მომხვდება თვალში და რა თქმა უნდა, რაც ბიუჯეტს შეესაბამება, იმას ვყიდულობ. როგორც წესი, უფრო აკადემიურ სტილს ვირგებ.
(ნათია): მე მიყვარს დიზაინერები, რომლებსაც აქვთ იუმორის გრძნობა. ასეთები არიან Moschino, Betsey Johnson, Vivienne Westwood. მიყვარს ის დიზაინერები, რომლებიც მოდას და სტილს ირონიით და ხუმრობით უყურებენ. არ მიყვარს ისინი, ვინც ამ საქმეს სრული სერიოზულობით აღიქვამენ. საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველთვის იმ მაღაზიებს ვსტუმრობ, სადაც ვიცი, რომ გამეცინება.

სად განიტვირთებით ყოველდღიური ორომტრიალისგან? სად ისვენებთ?
(ნათია): ყველაზე მეტად შინ ყოფნა მიყვარს. მაშინაც კი, როცა სხვა არავინაა და ჩემს ყვავილებთან მარტო ვრჩები, ვუვლი. მიწის ჩიჩქნა და მცენარეების მოვლა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის.

საყვარელი ადგილი, სადაც სიამოვნებით ატარებთ თავისუფალ დროს?
(ორივე ერთხმად): კახეთში.
(ირაკლი): ლოპოტაზე დავდივართ ხშირად. მეგობარი გვპატიჟებს ხოლმე.
(ნათია): და კიდევ ისეთ ადგილებში, სადაც გემრიელი სამზარეულო აქვთ. გურმანი ოჯახი ვართ.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები