ინტერვიუ “აქცენტის” დირექტორთან – გვანცა ფიფია “უკან, ბავშვობაში”

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია მედიაპორტალ “აქცენტის” დირექტორი, გვანცა ფიფია: 

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

– ველოსიპედი დღემდე ძალიან მიყვარს. მახსოვს,მამამ რომ ორბორბლიანი ველოსიპედები მოგვიყვანა, მე და ჩემიდა უბედნიერესები ვიყავით.  ტარება დედაჩემმა გვასწავლა.

– ცურვა თუ იცით, და როდის და სად ისწავლეთ?

– კი, ცურვაც ძალიან მიყვარს. სამეგრელოში, წალენჯიხაში არის მდინარე ჭანისწყალი, ცურვა იქ ვისწავლე. არავის უსწავლებია, თავიდან „კამერით“ დავიწყეთ, მერე პატარა წყალში „უკამეროდ“ ვცდილობდით გაცურვას. დღემდე მახსოვს ის ემოცია, როცა პირველად „კამერის“ გარეშე გავცურე. ძალიან ბედნიერი ვიყავი.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი?

– დენდი იყო პირველი კომპიუტერი, რომელსაც ვერაფრით ვშორდებოდით.

– მუსიკას რითი უსმენდით?

– მაგნიტოფონით, მახსოვს კასეტები, რომლითაც აღფრთოვანებულები ვიყავით მე და ჩემი და.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– გამორჩეულად მიყვარდა ერთი სათამაშო, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩვილს. დღემდე შენახული მაქვს და ზუკა (ჩემი შვილი) თამაშობს ხოლმე.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ?

– სიმართლე გითხრათ, ასეთი კერძი არ მახსენდება.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს, მაგალითად, გუბეებში ტყაპუნ, კედლებზე ხატვა და ა.შ?

– ასეთი აკრძალვა არაფერი მახსენდება, მეც ვცდილობ, ჩემს შვილს აკრძალვები არ დავუწესო.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

– ძალიან მიყვარდა პეპი. მეც წითური, ჭორფლიანი ვარ, სულ ვცდილობდი საკუთარ თავთან რაღაც პარალელების გავლებას.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

– ტომ სოიერის თავგადასავალი.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

– მეფე ლომი.

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

– არ მქონია პლაკატები.

– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

– საკუთარი თავი დაახლოებით 5-6 წლიდანმახსოვს. ჩემი ბავშვობის თითქმის ყველა მოგონება ჩემს მეგობარს, სოფოსუკავშირდება, რომელთან ერთადაც გავატარე მთელი ბავშვობა. ყველგან ერთად ვიყავით – ცეკვაზე, სკოლაში, შატალოზე, დასასვენებლად (ოჯახებით დავდიოდით),  მასწავლებლებთან.

ძალიან მწარედ დამამახსოვრდა ერთი მოგონება, რომელიც ჩემი და სოფოს ორგანიზებულ ერთ-ერთ შატალოს მოჰყვა. ამ დროსმე-6 კლასში ვიყავით. სასწავლო ნაწილის გამგე დედაჩემთან მივიდა სამსახურში და თურმე ბუნტისთავი მეძახა დედაჩემის თანამშრომლების თანდასწრებით. სახლში რომ მივედი და ატირებული დედა დამხვდა [დღიურში მინაწერიც ნახა დამრიგებლის, ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ კრიტიკული იყო], ძალიან განვიცადე. ალბათ, ამიტომ დამამახსოვრდა გამორჩეულად ეს დღე.

ერთხელ კიდევ, მასწავლებელმა მე და სოფოს ცინიკოსები გვეძახა, ორივე ბებიაჩემთან გავიქეცით და დიდხანს ვტიროდით. მახსოვს, ზღვაზე სოფომ ძალით შემიყვანა სიღრმეში, ზღვამ ღელვა დაიწყო, ვეღარ გამოვდიოდით, სოფოს დავეკიდე. მახსოვს, როგორ გამომათრია იქიდან თმებით. ძალიან ტკბილად მახსენდება ჩემი ბავშვობის, ასევე, განუყრელი მეგობრები, ლევანი და სოფო (ეს მეორე სოფოა). დენის გაყვანილობებს ვაკეთებდით, შტაბი გვქონდა, ხან რას ვიგონებით და ხან – რას.

– მე და სოფო

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

– წრეშიბურთი.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?

– კი, სკოლა ძალიან მიყვარდა. თერმომეტრს ვაცხელებდი ხოლმე და ვამბობდი, სიცხე მაქვს-მეთქი.

– ყველაზე ეფექტური ტყუილი, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

– მსგავს შემთხვევაში საერთოდ არ მივდიოდი ხოლმე სკოლაში.

– ამოჩემებული კაბა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– არა, არ მქონია გამორჩეული კაბა, არც შარვალი.

– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?

– არა, არ მიყვარდა კოსმეტიკა, კაბები და სამკაულები.

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

– მიყვარდა თავის გამოჩენა. ზოგჯერ ლექსებს ვამბობდი, ზოგჯერ ვმღეროდი კიდეც.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

– ცეკვაზეც დავდიოდი და მუსიკაზეც. თუმცა სიმღერაზე – არა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ვოკალური მონაცემები მქონდა.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

– ალბათ, სადღაც შუაში. ბუნტისთავსაც მეძახდნენ მასწავლებლები, შატალოებისორგანიზატორი ხშირად ვყოფილვარ. უსამართლო კრიტიკა არ მიყვარდა და მასწავლებლის შეპასუხებასაც (თუ მიმაჩნდა, რომ უსამართლოდ მაკრიტიკებდნენ) არ ვერიდებოდი.

კომენტარები

სხვა სიახლეები