ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული დათრგუნული ცხოვრება – სტუდენტი გოგონას წერილი თანატოლებს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტი გოგონა ნინუცა დარბაიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს და საკუთარ ჯგუფელებს მიმართავს.

“Attention..!! ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ და ოდნავ მაინც მიიტანოთ გულთან… დდ დნნ დმმმ (დაძაბული მელოდია ჩართეთ თან).. Break down barriers!!! და აი დადგა წელი, როდესაც თქვენ უნივერსიტეტში გამოჩნდა ახალი მოვლენა, რომელსაც ქვია შეზღუდული შესაძლებლობა, და აი უმოქმედო პანდუსმა წელს შეიძინა მომხმარებელი, congratulations.. ჰო, ახლა ვიცინი, მაგრამ მოდით სიმართლეს პირდაპირ გაჯახებთ და გეტყვით, რომ ძალიან ვნერვიულობ, სამწუხაროდ მე არ გამხარებია სტუდენტობა, გარშემომყოფებისგან განსხვავებით, რადგან ვიცოდი რომ სექტემბრამდე ვერ შევძლებდი ფეხზე დადგომას და ეტლით მომიწევდა მოსვლა, ვერ გავხდებოდი ისევ ისეთი როგორიც ადრე ვიყავი და როგორიც ახლა თქვენ ხართ.. მაგრამ მე მაინც ვეცადე არ დავმსგავსებულიყავი სხვა ეტლიანებს და ჩემი მიზნის მისაღწევად გამეკეთებინა ყველაფერი, ვაღიარებ ძალიან მეშინია ეტლით გამოჩენა საზოგადოებაში (მე მხოლოდ 1 თვე ვემზადებოდი 5 საგანში და მაინც მოვახერხე სტუდენტი გავმხდარიყავი)… თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რამდენი ეტლით მოსარგებლე ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, ხალხი რომელსაც სურს იცხოვრონ ისე როგორც თქვენ ცხოვრობთ და ამაში ხელს საზოგაოება უშლის.. x_x ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ხალხი, აი ის ბრბო რომელიც გამუდმებით მიყურებს, აკვირდება ჩემს თითებს, რომლებსაც ვერ ვამოძრავებ, აშტერდება ფეხებს რომელიც უმოქმედოდ დევს და თავის ფუნქციას ჯერჯერობით ვერ ასრულებს.. ძალიან მეშინია თქვენი, ვერ წარმოიდგენთ ისე ძალიან… არ მინდა დავინახო როგორ ჩურჩულებთ ჩემზე, არ მინდა დავინახო ისეთი სახე, რომელიც მეტყვის “შე საწყალო გვეცოდები”, გელოტოფობია მაქვს, არ მინდა დამცინოთ ხელში პასტას თუ ვერ დავიჭერ, ის ფაქტი რომ ჩემთან შეიძლება არავინ იმეგობროს ეს არ გამიკვირდება, გაგიგებთ, გეფიცებით გაგიგებთ, არ ვიფიქრებ რომ ცუდები ხართ, ვიცი ალბათ არავის ჭირდება ეტლიანი მეგობარი…  ძალიან ბევრი ეტლიანი დგას ჩემს უკან, რომლებსაც მართლა უნდათ სწავლა, მაგრამ პირობების არქონის და ხალხისადმი შიშის გამო ისინი გამოკეტილები არიან სახლში და აკეთებენ ააარრაფფეერსს!!! და მერე ეწყებათ : დეპრესია, შიშები, პანიკა, ქვეყნიდან გაქცევა, ღმერთის გმობა, სიკვდილის წყურვილი, ოჯახის დანერვოზება, თვითმკვლელობა და ა.შ. ….
ჩემი ამ ნაბიჯით მინდა მათ გავაგებინო რომ ცხოვრება გრძელდება..!! მინდა შემდეგ წელს ვთქვა რომ “ამ უნივერსიტეტში სწავლობენ ნამდვილი ადამიანები”!!! გთხოვთ, მთელი გულით გთხოვთ ამომიდექით მხარში, არ მიყუროთ დამცინავი მზერით თუ ყავის ჭიქას ვერ დავიჭერ კარგად ხელში და გადავისხამ, უბრალოდ მოდით და დამეხმარეთ.. მეგობრებს ხელების და ფეხების მიხედვით ხომ არ ირჩევთ. ეს ხომ შეიძლება ყველას მოგსვლოდათ.. აივნიდან გადმოვარდი 25 მეტრიდან და მადლობა ღმერთს მე ცოცხალი ვარ, რა მაქვს საწუწუნო, ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ვიცი რომ გავივლი და გავხდები ისევ ისეთი როგორიც ვიყავი. ძალიან ძალიან მთელი გულით გთხოვთ არ დამთრგუნოთ, არ მაგრძნობინოთ რომ რამით განვსხვავდები თქვენგან, რომ ბევრ რაღაცაში შეზღუდული ვარ, რომ კიდურები არ მემორჩილება, გთხოვთ ამას ნუ მაგრძნობინებთ, ეს მე ისედაც ვიცი.. მეშინია პირველი დღის, მეშინია სახლში აცრემლებული არ დავბრუნდე და არ ვთქვა “აღარასდროს წავალ”. გადამდები არაფერი მჭირს, მოდით, გამეცანით, ვიმეგობროთ, მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ ჩემი ნერვები დროებით ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას, მალე აღდგება და მეც ვიხტუნავებ. ფაკულტეტი ფსიქოლოგიური ავირჩიე, რადგან მინდა ძლიერი ფსიქიკა მქონდეს, რომ ჩემმა მდგომარეობამ არ მაჯობოს და არ გამაგიჟოს..
ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე წაიკითხეთ, კარგი იქნება თუ გაიაზრებთ.. წარმატებულ პირველ დღეს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ მე ყველაზე ადვილად მიცნობთ. P.s ბანკეტის კაბით არ მოვდივარ, შავი ეტლით ვიქნები”, – წერს ნინუცა დარბაიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები