ინგა გრიგოლიამ ნინო გიორგობიანის გამოწვევა მიიღო

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა.

მან აქციაში ჩართვასთან დაკავშირებით გამოწვევა შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანისგან მიიღო.

ინგა გრიგოლია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს კონტროლი იმ დაწესებულებებზე, საიდანაც C ჰეპატიტით დაინფიცირების ყველაზე დიდი რისკი მოდის.

“მივიღე nino giorgobianis გამოწვევა, ჩავერთო c ჰეპატიტის წინააღმდეგ აქციაში. პირველ რიგში, მადლობა ნინოს და დიდი მადლობა იდეის ავტორს. ეს პრობლემა ჩემ გარშემო ბევრ ადამიანს აქვს და ვიცი,რა მძიმეა მასთან ბრძოლა ფინანსურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია c ჰეპატიტის პრევენციაზე და მასთან ბრძოლის გზებსა და სახელმწიფო პოლიტიკაზე. მე, როგორც ჟურნალისტი, მზად ვარ, ჩავერთო ამ თემის საინფორმაციო უზრუნველყოფაში… პირველ რიგში, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაამკაცროს კონტროლი (და უკიდურესად გაამკაცროს!) იმ დაწესებულებებზე, საიდანაც მოდის ყველაზე დიდი რისკი (სალონურ და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე)… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჰეპატიტის მკურნალობა, რადგან ესაა უძვირესი და ვინაიდან ჩემს თაობას ეს თემა განსაკუთრებით ახლოს შეეხო, უნდა მიეცეთ პაციენტებს განკურნების შანსი ისე, რომ არ მოუხდეთ უზარმაზარი ვალების აღება და მთელი ქონების გაყიდვა, ან ქვეყნის დატოვება და იმ ქვეყანაში ემიგრაცია, სადაც მკურნალობის იაფი გზები არსებობს… მე ვიცი სერგეენკოს გეგმები იბუპრომის შემოტანაზე და სახელწიფო პოლიტიკაზე და მზად ვარ, გადაცემებით მოვახდინო ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მაყურებლისთვის.
აქციაში კი, ჩემი მხრიდან, ვიწვევ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ხელეწიფებათ მაყურებელს მიაწოდონ ამ აქციის მნიშვნელობა“, – წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

როგორც ცნობილია, 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მისწერონ სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. აქციაში ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.
2015 წელი საქართველოს მთავრობამ C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები