საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში “დინამო არენაზე” სერბეთთთან 1:3 დამარცხდა და მუნდიალზე მოხვედრის ყველანაირი შანსი პრაქტიკულად დაკარგა, ხოლო სერბებმა მოპოვებული 3 ქულით რუსეთში გამგზავრებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი სერბეთის ნაკრების კაპიტანმა, ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა გააკეთა. მისი თქმით, ქართველები პირველ ტაიმში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს გატანილმა გოლმა სერბების თამაშში გარდატეხა შეიტანა.
“ქართველებზე მინდა ვთქვა, რომ პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს გატანილმა გოლმა რწმენა შეგვმატა. შეცდომები იყო, თუმცა მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილები ვართ. სერბეთის ნაკრების ყველა წევრმა ამ მატჩის პირველი ნახევარი უნდა დაივიწყოს, რადგან თუ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გვსურს, მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება”. – განაცხადა ივანოვიჩმა.
სხვა სიახლეები