“არ დაგიმალავთ და დღეს რომ ვფიქრობ, კი მაგრამ რამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება მაშინ, 2010 წლის მაისში, როცა ოპოზიციას უბრალოდ სუნთქვის საშუალებაც კი არ ჰქონდა და ეს იყო საფრთხესთან დაკავშირებული, ცოტა არ იყოს მიკვირს, მაგრამ არ ვნანობ…” – აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “აიპრესთან” ინტერვიუში.
– გამოიცვალეთ ორი პრეზიდენტი, ორი პრემიერი, ორი პარლამენტი და ვინ მოთვლის რამდენი მინისტრთა კაბინეტი… იუსტიციის სამინისტროს 6 წელია ერთი მინისტრი ჰყავს და თან ქალი. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ გენდერულ ბალანსზე, ქალს ყოველთვის მეტი რაღაც სჭირდება ხოლმე ამ ყველაფრისთვის, ვიდრე მამაკაცს. როგორ მოახერხეთ მინისტრთა კაბინეტის ამდენ ცვლილებაში, თქვენი პოზიციის ასე მყარად შენარჩუნება?
– დაგეთანხმებით, რომ საქართველოში ქალისთვის დღეს პოლიტიკაში ყოფნა გაცილებით უფრო პრობლემასთანაა დაკავშირებული, ვიდრე კაცისთვის. ამაზე ნურცერთი პოლიტიკოსი მამაკაცი ნუ შემეკამათება იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ასეა და ამას მემგონი მტკიცებაც არ სჭირდება ბევრი მიზეზის გამო.
იმიტომ, რომ ქალი ქალია, იმიტომ, რომ ტრადიციულად ყველა ქვეყანაში პოლიტიკა იყო კაცების სფერო. ჩვენ, ამ მხრივ, კვლავ გვაქვს გამოწვევები და სირთულეები. ეს სირთულეები მე ჩემს ტყავზე გამოვცადე, ყოფილა ძალიან რთული პერიოდებიც, პოლიტიკურად, პიროვნულად და ურთულესი დღეებიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით იყო წარმოდგენილი, მაინც ყოველთვის იყოს ხოლმე გუნდი, სადაც სირთულეების თუ დაძაბულობის მიუხედავად, მაინც მიდიოდა ხოლმე ჯანსაღი მსჯელობა. ეს იყო ის, რამაც მე შემაძლებინა, არ დამეყარა საქმე და არ მეთქვა, რომ წავედი სახლშითქო.
ხშირად მითქვამს, განსაკუთრებით მას მერე ვამბობ, რაც 42 წლის ასაკში ბავშვი შემეძინა, რომ ამ პოზიციაზე და პოლიტიკაში დარჩენა ჩემთვის არის ყოველდღიური არჩევანი. შესაბამისად, მანამ სანამ ვხედავ, რომ რაღაცის შეცვლა შემიძლია, რაც ქვეყანას წაადგება ამ არჩევანს ვაკეთებ ხოლმე იმის სასარგებლოდ, რომ საქმეც ვაკეთო და თან შევეცადო, ბავშვმა არ დაკარგოს დედა. იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკოს ქალს აქვს ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში მისულს ხანდახან ლაპარაკიც კი მიჭირს ხოლმე, ისეთი დაღლილი ვარ, ვთვლი, რომ მაინც მთავარი პირი ვარ დღეს ჩემი შვილისთვის და ეს არის ჩემი მიზანი. როგორც კი შევატყობ, რომ მე მისთვის მთავარი პირი და ორიენტირი აღარ ვარ, იმ დღეს ალბათ სხვანაირ არჩევანს გავაკეთებ.
– თქვენ თქვით, რომ პოლიტიკაში ყოფნისას საკუთარ თავზე იწვნიეთ ბევრი ქარტეხილი, იყო ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომლის გამკლავებაც ხშირან ნერვების ფასად ჯდებოდა. ამ გადასახედიდან როცა ფიქრობთ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდით როგორიც 2011 წელს მიიღეთ, როცა დატოვეთ კარგი, დაწყობილი ქვეყანა და წამოხვედით საქართველოში, სადაც აბსოლუტურად გაურკვეველი იყო თქვენი მომავალიც და პერსპექტივაც.
მაინც დატოვებდით სტრასბურგს და ახალგაზრდა ქალისთვის საკმაოდ შთამბეჭდავ კარიერას?
– ამ გადაწყვეტილებას მე არ ვნანობ, პირიქით მეამაყება და ვთვლი, რომ იმ პერიოდში მართალია გიჟური გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ კარგია, რომ ასე გავაკეთე. მაგრამ, არ დაგიმალავთ და დღეს რომ ვფიქრობ, კი მაგრამ რამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა 2010 წლის მაისში ოპოზიციას უბრალოდ სუნთქვის საშუალებაც კი არ ჰქონდა და ეს იყო საფრთხესთან დაკავშირებული, ცოტა არ იყოს მიკვირს, მაგრამ არ ვნანობ.
პირიქით, მგონია, რომ ძალიან გამიმართლა იმ გაგებით, რომ ღმერთმა მომცა საშულება საკუთარი ყოველდღიური სიამოვნების ხარჯზე, ამის ნაცვლად ვაკეთო ის საქმე, რაზეც ბევრი წლის შემდეგ ვიტყვი, რომ რაღაცა გავაკეთე. მე მთელი ცხოვრება მაწუხებდა და სულ ვფიქრობდი, არ ჩაიაროს ცხოვრებამ, რომ რაღაც კარგი ვერ გავაკეთო თქო. შეცდომები ყველას აქვს, მაგრამ ვთვლი, რო რაღაცეების გაკეთება შეიძლება.
წყარო: “აიპრესი”