თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა – მერია მოსახლეობას აფრთხილებს

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქინძმარაულის №45-ში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

„ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინე ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ.

მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები