თბილისის ზოოპარკს ნუკრი შეემატა. ახლად დაბადებული ნუკრის ფოტოებს და შესაბამის ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ.
“გახსოვთ, შარშან ჩვენს ხალებიან ირემს ერევნიდან ცოლი რომ ჩამოვუყვანეთ? ზოგმა მოიწონა რძალი, ზოგმაც დაიწუნა (როგორც ხდება ხოლმე), ბიჭი ჯობიაო. ხოდა აგერ, ბატონო, ერთწლიანმა ოჯახურმა თანაცხოვრებამ შედეგი გამოიღო და ქვეყანას უსაყვარლესი პატარა მოევლინა. ძალიან ლამაზი ნუკრია.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცასავით ქათიბი აქვს, გრძელი ფეხები და დაცქვეტილი ყურები. დედასაც ჰგავს და მამასაც (ახლა ვიღაც დაწერს, მთავარი ისაა, მეზობელ ჯიხვს რომ არ ჰგავსო… მოკლედ, დედაც და შვილიც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. პატარას ხან ვოლიერში მდებარე ხის სახლში სძინავს, ხანაც გარეთ გამოჰყავს დედიკოს სასეირნოდ. მამაც კარგადაა. ზის ამაყად და უხარია, რომ მისი საგაზაფხულო ყვირილი, იქით ხილიანის მოსახლეობას რომ აფრთხობდა და აქეთ – უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასეთი არაჩვეულებრივი შედეგით დასრულდა“,- აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის ფეისბუქის გევრდზე.
Next Post
სხვა სიახლეები