„თავშესაფარში მოსულს ჩუმად რამდენჯერ უტირია, რით დავიმსახურეთ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ?“ – ანიტას დედის ემოციური პოსტი
ანიტასთვის – პატარა ანიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება, რამდენიმე დღეა ქართველი ერი, ქართველი ემიგრანტები და არა მხოლოდ, ბავშვის გადარჩენას სხვადასხვა ოდენობის თანხის შეკრებით ცდილობს.
ანიტას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად, საზოგადოების ერთსულოვნებით აღფრთოვანებული დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„საქართველოს დროით დილის 4 საათია, მაგრამ მე ახლა დავაძინე ანიტა. ყოველდღე მე და ფაცო (გიორგი ჰქვია ანიტას მამას, მაგრამ ჩემთვის ფაცოა) ვეკითხებით ერთმანეთს, რით დავიმსახურეთ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ? მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ და ერთი ამბავი გაგიზიაროთ. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად ითხოვენ პატარებისთვის დახმარების გაწევას, ყოველთვის ძალიან განვიცდიდი ამას. ძალიან ბევრს ვტიროდი, თანხასაც საშუალებისამებრ ვრიცხავდი და დიდ უსამართლობად მიმაჩნდა პატარების ავადმყოფობა, მაგრამ იმას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც მეც იმ ადამიანების რიგში აღმოვჩნდებოდი, რომლებიც შვილის გამო საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ. ერთ დილას გავიღვიძე (მაშინ ანიტა ჯანმრთელი იყო) და შემხვდა ერთ-ერთი ბიჭუნას დედის პოსტი, სადაც ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. ძალიან განვიცადე, ბევრი ვიტირე და იმის შემდეგ 3 დღის განმავლობაში გულში ვიმეორებდი: “ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, რომ ჯანმრთელი შვილი მყავს… რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ჯანმრთელ შვილს ვეხუტები ყოველ ღამე. გევედრები ყველა დედას უმყოფე შვილი ჯანმრთელი…” რატომღაც 3 დღის მანძილზე მარტო ამ თემაზე ვფიქრობდი. ზუსტად მესამე დღეს ანიტას ღამით სუნთქვა გაუჭირდა. გვეგონა გაცივდა, დავიწყეთ გაციებაზე მკურნალობა, შემდეგ ჭამა შეწყვიტა… ვერ ამოვხსენით რა იყო. მივიყვანეთ ექიმთან, თავიდან მოწამლული ეგონათ და ბოლოს ეს დიაგნოზი დაისვა… მაშინ პირველად მითხრა ექიმმა, ზუსტად ჯერ ვერ გეტყვი, მაგრამ შეიძლება შენი შვილის დაავადება განუკურნებელი იყოსო. ის დღე არასდროს დამავიწყდება, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო. ახლა კი ვარ ასეთი რეალობის წინაშე, რასაც ხედავთ, მაგრამ ამდენი ერთად გაერთიანებული ადამიანის ლოცვა, სიკეთე, დადებითი ენერგეტიკა, ჩვენზე ძალიან მაგრად მოქმედებს. არ დაგიმალავთ, ცოტა გადავიწვი კიდეც ემოციურად. უკვე ყველას ვეღარც გპასუხობთ, არადა რამდენი თბილი სიტყვა მინდა გითხრათ. ჩემი პატარა ქალბატონი აზრზეც არაა, რა ხდება მის გამო. მისი მამიკო ჩუმად დარდობს, უბრალოდ ემოციებს ჩემსავით ვერ გამოხატავს და ალბათ ის უფრო იტანჯება ამის გამო, ვიდრე მე. ცდილობს ვაჟკაცურად დადგეს და შიში არ მანახოს, მაგრამ მე ხომ ვიცი, საავადმყოფოში დაგვტოვებდა ჩვენ და თავშესაფარში მოსულს ჩუმად რამდენჯერ უტირია. ტელეფონზე ცდილობდა ვერ მივხვდარიყავი მის ნამტირალევ ხმას, მაგრამ მე რას გამომაპარებს… რაც თქვენი თანადგომა ვიგრძენით, იმის მერე აბსულუტური გარდატეხა მოხდა ჩვენში. სიცილი დავიწყეთ, ერთმანეთს ვეხუმრებით, ვართობთ, “ვეღადავებით” კიდეც. ეს პოზიტივი ანიტაზეც კარგად მოქმედებს, მასაც არ უნდა მუდამ თვალცრემლიანი დედის და ნატანჯი მამის სახის ყურება, მაგრამ ახლა ტელეფონზე ეჭვიანობს. უნდა, რომ დედა მთლიანად მას ეკუთვნოდეს, ამიტომ დღეიდან გადავდე ტელეფონი გვერდით და ვცდილობ ყურადღება არ მოაკლდეს. თქვენ უფრო მაპატიებთ, თუკი მოგაკლდათ ჩემი ყურადღება და პასუხები, ვიდრე ეს გოგონა. ჯერ ძალიან პატარაა და ბევრი რამ გაუგებარია მისთვის… მიყვარხართ ყველა”.