“თავგადასავალი იწყება…ნავთობის სახელმწიფოების დრო დასრულდა” – ქართველი ჟურნალისტი 5G-სა და ილონ მასკის პროექტზე

ქართველი ჟურნალისტი, ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელ Facebook–ის პირად გვერდზე 5G–სა და ილონ მასკის პროექტის შესახებ წერს. ჟურნალისტის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: 

“5G-სა და ილონ მასკის კოსმოსურ ოდისეაზე მეც დავწერ ჩემს მოკრძალებულ აზრს.

გაითვალისწინეთ, რომ არც ფიზიკოსობაზე ვდებ თავს, არც -მედიკობაზე და არც ეს კონსპირაციული ბოდვები მაინტერესებს, რომლებმაც წალეკა სოციალური სივრცე. რადგან თავი მაინც ინფორმაციის სპეციალისტი მგონია, ერთს კი ვიტყვი – საკმაოდ ძლიერი საინფორმაციო მანქანაა ამუშავებული, რომლის მიზანიც ხალხის დაზაფვრა და დაფეთებაა. ეს კამპანია დღეს არ დაწყებულა, უკვე წელიწადია, მიმდინარეობს, ჩემი დაკვირვებით, მთელს მსოფლიოში, საქართველოში კი სადღაც მარტიდან ამოიქოქა. რას წერენ, რაზე დაყრდნობით, ვინ წერს და რა არგუმენტაციით, ამაზე აქ საერთოდ არ ვაპირებ წერას. იმაზე მინდა, დავწერო, რაზეც თითქმის არავინ აკეთებს აქცენტს.
– ჩათვალეთ, რომ სულ მალე წარმოუდგენლად მძლავრი ტექნოლიგიური ინფრასტრუქტურა ამოქმედდება მსოფლიოში, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გახსნის. ეს, დაახლოებით, იმ ტექნოლოგიური რევოლუციის ტოლფასია, როგორიც – ინტერნეტი იყო, მანამდე კი პერსონალური კომპიუტერი. – იქნებ, მეტიც კი!
წარმოუდგენელი თავგადასავალი იწყება იმ ადამიანებისთვის, ვინც მზადაა, გახსნილი გონებით, უშიშრად მიიღოს ეს თავგადასავალი – ახალი ბიზნესების უსაზღვრო შესაძლებლობები, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისათვის, “გარაჟების სტარტაპერებისათვის”, რომლებმაც თავის დროზე GOOGLE, YOUTUBE და მსგავსი გიგანტური პროექტები შექმნეს და გვაჩუქეს კაცობრიობას.
ერთი ფაქტია და უნდა დავეთანხმო გავრცელებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობის სახელმწიფოების დრო დასრულდა – თან, მგონი, სამუდამოდაც. მსოფლიო კაპიტალი ახლა უკვე სხვა მიმართულებით აიღებს გეზს.
უბრალოდ, ეს ძალიან მოკლედ ვთქვი  იმიტომ, რომ მინდოდა, ცოტა მეტი თქმულიყო ამ ყველაფრის შესახებ, ახლა რომ “აპოკალიფსად” ნათლავენ.
ციციკორე მახსენდება – რკინიგზის გაყვანას რომ აპროტესტებდა და მატარებელს ეშმაკის მანქანას ეძახდა, რომელიც გარყვნილებას, ავადმყოფობას, გადაჯიშებასა და ათას უბედურებას მოიტანდა სოფელში, სადაც მარიტას ტალახს ესროდნენ და კლავდნენ!
ჰო, მოკლედ, ამ უსაგნო კამათს მიკროტალღებსა და რადიაციაზე, მიკროჩიპებსა და ბავშვიჭამია კანიბალებზე ძალიან ტრივიალური ამბავი უდევს საფუძვლად – როცა ზოგიერთი დერჟავა ვერაფერს უპირისპირებს პროგრესს, მას ხან “ეშმაკისეულს” ეძახის, ხან – “აპოკალიფსურს”, ხანაც – “მასონურს”. არა და, საქმე მანდაც მარტივადაა – ღმერთს რა უნდა, მაგას ვერავინ გავიგებთ, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება!
ამიტომ, ალბათ, ღმერთის ნებაა, ადამიანებმა ახალი სივრცეები გახსნან და აღმოაჩინონ – წინ შესანიშნავი შესაძლებლობები იხსნება, მათ შორის, ბიზნესების თვალსაზრისითაც და შიშით და ფეთებით სადღაც სოროში შეძრომას, ისევ იმაზე ჯობს, ვიფიქროთ, სად შეიძლება, ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ამ ახალ შესაძლებლობებში – ქვეყანასაც ვგულისხმობ და თითოეულ ჩვენგანსაც.
განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებისა მშურს ახლა, რომლებსაც ამხელა თავგადასავალი ელით წინ – წარმოუდგენელი, საოცარი და არაჩვეულებრივი შესაძლებლობების ახალი სამყარო!”, – წერს ლელა კურდღელაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები