ვისი დნმ-ია ქართველების დნმ-სთან ყველაზე ახლოს?

(ენ პი ეი) ბაგრატიონების დნმ-თან დაკავშირებით საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე – ამ უიშვიათესი ჰაპლოჯგუფის მსგავსი თუ მონათესავე დღევანდელ კაცობრიობაში არ მოიპოვება. მათ “უახლოეს” გენეტიკურ ნათესავებთან (ჩეხი, ინდოელი,ინგლისელი) დაახლოებით 5000 წელი აშორებთ”
ადამიანი კვდება და სიცოცხლეს ამთავრებს ყველა ხილული ორგანო, მაგრამ ათასწლეულების მანძილზე სიცოცხლეს აგრძელებს ყველაზე უხილავი და ალბათ ყველაზე მთავარი – დნმ, გენეტიკური კოდი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და პირველი წინაპრის გენეტიკას მარადიულობაში აგრძელებს. ვინ ვართ, ვისი მემკვიდრეები, საიდან მოვდივართ, სწორედ დნმ-ის­ გამოკვლევა ხდის საცნაურს.
კატალონიაში მოღვაწე ენათმეცნიერი კახი სახლთუხუცესი ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა ჯერ საკუთარი დნმ-ის და მერე საკუთარი ერის გამოკვლევით და დნმ-ის კვლევის ამერიკულ ლაბორატორიას დაუკავშირდა. შემდეგ პროექტში ასევე უცხოეთში მოღვაწე ორი ქართველი ჩაერთო. ასე შეიქმნა ქართულ-ამერიკული კვლევები, რომელმაც ქართველი ერის წარმომავლობა და გენეტიკა მამაკაცის დნმ-ის მიხედვით შეისწავლა… გამოკვლევები იმდენად სულისშემძვრელია, დარწმუნებული ვართ, ბევრს დააინტერესებს.
– საკუთარი დნმ-ის გამოკვლევა 2005 წელს გადავწყვიტე. მაშინ ჰოლანდიაში ვსწავლობდი. ტელევიზორთან რაღაც გადა­ცემამ შემაჩერა – დნმ-ის შემსწავლელი ამერიკული ლაბორატორიის მეცნიერები უძველესი ხალხების გენეტიკაზე საუბრობდნენ და მათ მემკვიდრეებს ეძებდნენ. ამ ხალხს დავუკავშირდი და საკუთარი დნმ-ის გამოკვლევა ვთხოვე. 6 კვირაში პასუხი მომწერეს, რაც იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, არ დავიჯერე და ახლა სხვა ლაბორატორიას მივმართე. იგივე პასუხი რომ მომწერეს, ურწმუნობის საფუძველიც აღარ მქონდა. ასე შევეგუე იმას, რომ მე, ქართველი კაცი, ქართველი წინაპრების მემკვიდრე, ფრიგიელების შთამომავალი ვყოფილვარ მამისეული ხაზით. ჩემი დნმ აბსოლუტურად იდენტური აღმოჩნდა ანატოლიურ სამარხში ნაპოვნი ფრიგიელების დნმ-ისა! გავოცდი.
– ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ფრიგიელები იყვნენ იგივე მუშქები (მესხები). მუშქებმა ძვ.წ. 800 წლისთვის­ გადმო­ინაცვლეს საქართველოში ანატოლიიდან და ერთ-ერთი პირველი ქართული პოლიტიკური გაერთიანებაც დააარსეს.
– დნმ-მა კი დაადასტურა – მუშქი სხვაა, ფრიგიელი – სხვა! მაგრამ ფრიგიელი ზუსტად ისეთივე ორგანული ნაწილი გახდა ქართული ეთნოსისა, როგორც მესხი. მაგრამ, ცხადია, მუშქები პოლიტიკურად უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ მათში ფრიგიელი­ ცოტა იყო. დღესაც ასეა, ფრიგიელების გენეტიკური მემკვიდრეები საქართველოში მხოლოდ 5%-ია. შემიძლია მათი გვარებიც დავასახელო – ციციშვილები, არაბულები, ვაჩნაძეები, ჯაბუშანურები, გვათუები, გუჯეჯიანები და ა.შ.
– გამაოგნებელი სიახლეების წინაშე დავუყენებივართ გენეტიკურ კვლევებს.
– დიახ. საკუთარი დნმ-ის კვლევის შემ­დეგ ამერიკულ ლაბორატორიას კავკასიური დნმ-ის კვლევებში თანამშრომლობა­ ვთხოვეთ. კავკასიის კვლევებმა ჩვენი გენეტიკისთვისაც დიდად საინტერესო მასალა წარმოაჩინა. მაგალითისთვის ვიტყვი: მთელ კავკასიაში ქართველების დნმ-თან ყველაზე ახლოს და თითქმის იდენტური აფხაზების დნმ-ია, რაც უნდა იძახონ, სხვები ვართო. 2011 წლიდან უკვე ქართველთა დნმ-ის კვლევა დავიწყეთ. პასუხებს, რასაკვირველია, სხვადასხვა ხალხის დნმ-თანაც ვადარებდით, მაგრამ უპირველესად საქართველოს უძველეს ნაშთებში მოპოვებულ დნმ-თან – ჭიათურაში, კოტიას მღვიმეში და თერჯოლაში, საწურბლიას მღვიმეში, დაახლოებით 13 000 წლის წინანდელი ადამიანების ნაშთებია მოპოვებული, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და სწორედ მათი დნმ-ის შედარება იყო ყველაზე საინტერესო.
– ამ ხალხიდან 150 საუკუნე მაინც გვაშორებს. მათი დნმ ცოცხალი იყო?
– დიახ. უფრო საკვირველი კი კვლევ­ებმა დაადასტურა: მართალია, საწურბ­ლიას მღვიმის დნმ წაიშალა, მაგრამ დღეს ქართველობის საკმაო ნაწილს ზუსტად ის დნმ აქვს მამაკაცის ხაზით, რომელიც 10 000 წლის წინ კოტიას გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდა. აქაც შემიძლია გვარები დავასახელო: მხეიძეები, ანდრიაძეები თუ ნაკაიძეები კოტიას გამოქვაბულის მკვიდრის დნმ-ის შეუცვლელად აგრძელებენ! ანუ, ლოგიკით, ამ დროს ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული ეს ხალხი აქვე უწყვეტად დარჩა და დღემდე აქ არის.
– სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ჩვენი გენეტიკური კოდი 150 საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა.
– თუმცა, ერთიანი ეთნოსის ჩამოყალიბებაში მათთან ერთად კიდევ რამდენიმე, სხვადასხვა მხრიდან შემოსულმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა.
ჩვენი კვლევებით, ქართველების ჩამოყალიბებაში დაახლოებით ცხრა ჰაპლოჯუფი მონაწილეობს, ზოგიერთის დნმ-ში არის სკვითური თუ შუამდინარეთის ხალხების ნიშნები.
ახლა კიდევ ერთ საკვირველ ამბავს დავამატებ: ქართული ეთნოსის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ ქართველების დნმ სრულიად ხელშეუხებელი და შეურეველია! ქართული ეთნოსი კი დაახლოებით 2000-1500 წლების წინ ჩამოყალიბდა!
– საქართველოში ათასი ჯურის მტერი საუკუნეების მანძილზე ბატონობდა. ნუთუ ქართველთა დნმ-ში არ არის მონგოლური, სპარსული, არაბული ან თუნდაც ყივჩაღური სისხლი?
– ჩვენ საკმაოდ ბევრი ადამიანის დნმ გამოვიკვლიეთ საქართველოს სხვადასხვა­ კუთხიდან. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ქართველების დნმ-ს არანაირი ყივჩაღის, სპარსელის და მონგოლის დნმ არ შერევია! არადა, მსოფლიოში შეურეველი გენეტიკის მქონე სხვა არც ერთი ერი არ არის. ჩვენი მეზობელი, სულ “ორი ფეხის ნაბიჯზე” მცხოვრები აზერბაიჯანელების დნმ-ში არის მონგოლების და სპარსელების დნმ-ის მინარევები, სომხებში – აისორებისა და შუამდინარეთის სემიტური ხალხებისა. ასე რომ, თავადაც გაკვირვებული ვარ, როგორ მოვახერხეთ ქართველებმა, დღემდე ასე გვეცხოვრა.
– ამასთან დაკავშირებით გერმანელი რასოლოგის და ანთროპოლოგის იოჰან-ფრიდრიხ ბლუმენბახის გახსენებაც შეიძლება. ის წერდა: “საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით­ ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ. ხშირად მეკითხებიან, რამ გამოიწვია მათი სახის ნაკვთების­ ასეთი სილამაზე. პასუხი ცხადია, – რასაც მე ვხედავდი და გავარ­კვიე, ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას; ქართველი ქალები კი იშვიათად მიჰყვებიან უცხოელებს, არა მარტო ჯიშის შესანარჩუნებლად, არამედ მათ მოსწონთ ერთმანეთი”. არადა, მიიჩნევა, რომ ჯიშთა აღრევით ლამაზი თაობა იბადება.
– გააჩნია, რა შემთხვევაში. ზოგჯერ შერევა ანგრევს, თუმცა ყოველთვის ასე როდია…
– ერთი რამ მინდა გკითხოთ, ბევრჯერ იყო დავა ბაგრატიონების გენეტიკაზე. დავით სოსლანი ოვსთა უფლისწული იყო. ჩვენი მეზობელი სომხების თქმით კი, ბაგრატუნი სომხური გვარია.
– ბაგრატიონების დნმ-თან დაკავშირებით საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე – ამ უიშვიათესი ჰაპლოჯგუფის მსგავსი თუ მონათესავე დღევანდელ კაცობრიობაში არ მოიპოვება. მათ “უახლოეს” გენეტიკურ ნათესავებთან (ჩეხი, ინდოელი, ინგლისელი) დაახლოებით 5000 წელი Aაშორებთ.
– საკუთარი დნმ-ის კვლევა სად შეიძლ­ება? ამ წერილის შემდეგ აუცილებლად დაინტერესდება მკითხველი.
– სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველ­ოში დნმ-ს არ იკვლევენ. შეგიძლიათ ჩვენი პროექტის ნახვა, სადაც ყველაფერია განმარტებული. მსო­ფლიოში კი იკვლევენ საკუთარ დნმ-ს. ამასთან დაკავშირებითაც მაქვს საოცარი ამბები: ჩვენ შეგვეხმიანა ინგლისელი კაცი, რომელსაც ჯორჯაძეების გენეტიკა აქვს და გაოგნებულმა გვკითხა, – ვინ არიან ესენიო. ყველაფერ კარგს რომ ვეტყოდი, ცხადია. ასევე საინტერესო იყო პორტუგალიელი “ბაგრატიონის” შეხმიანებაც – ამ კაცს იშვიათი სიახლოვე აქვს ბაგრატიონების გენეტიკასთან. გვკითხა, – გამაგებინეთ, ეს ხალხი ვინ იყოო. რომ ავუხსენით, გაოცებული დარჩა. თავად კი მხოლოდ ის იცოდა, რომ რომელიღაც მისი წინაპარი ბიზანტიიდან პორტუგალიაში გაჰქცევია რაღაც საფრთხეს. ბიზანტიაში ბაგრატიონების ყოფნა კი რა გასაკვირია – ჩვენი მეფეები პოლიტიკური მიზნით ხშირად აქორწინებდნენ ბერძენ იმპერატორებთან შვილებს.

წყარო:http://npa.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები