ვინ არის ლედი გაგას, რიანას, კაილი მინოუგის, ჯენიფერ ლოპესის… ქართველი დიზაინერი დავიდ კომა (ფოტოკოლაჟი)
რიანა, ლედი გაგა, ბიონსე, მირანდა კერი ემილი ბლანტი, მეგანი ფოქსი, კაილი მინოუგი, რიზ უიზერსპუნი,ჯესიკა ალბა, ჯენიფერ ლოპესი, ევა ლონგორია… – ეს იმ ვარსკვლავების მცირედი ჩამონათვალია, რომელთაც ქართველი დიზაინერი აცმევს.
დავიდ კომას საქართველოში, ბავშვობაშივე ეწვია შთაგონება და მას მოგვიანებით ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ლონდონში შეასხა ფრთები. ყველაფერი კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ის სულ რაღაც 8 წლის იყო.
დავიდ კომა, იგივე დავით კომახიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. ბავშვობა საქართველოში გაატარა. 8 წლისამ ქალის ტანსაცმლის ესკიზების ხატვა დაიწყო. როცა დავითი 10 წლისა გახდა, ოჯახთან ერთად ის სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც მან კუსტოდიევის სახელობის სამხატვრო სკოლა წითელ დიპლომზე დაამთავრა. ამის შემდეგ სწავლა სანქტ-პეტერბურგის შტიგლიცის სახელობის სამხატვრო-სამრეწველო აკადემიაში განაგრძო. დიზაინერი, რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში მოწყობილი სადებიუტო ჩვენების მომენტისთვის 15 წლის გახლდათ.
„ჩემი შთაგონების მთავარი წყარო ქალის სხეულია. ვცდილობ, მისი ლამაზი ფორმები უკეთესად წარმოვაჩინო“,- აცხადებდა ახალგაზრდა დიზაინერი.
რუსეთში წარმატებების მიუხედავად, დავიდ კომამ ოცნება ლონდონში გადასვლის შემდეგ აისრულა და სასწავლებლად წმიდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში შევიდა. მისი გამოსაშვები ნამუშევარი კურსზე საუკეთესო გამოდგა და დავიდმა სწავლა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად განაგრძო. 2013 წლის დეკემბერში დავიდ კომა მოდის სახლ Thierry Mugler-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა.