ვინჩესტერის იდუმალი სახლი – სტუმრად მოჩვენებებთან
კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ჰოსეში მდებარე ვინჩესტერის იდუმალი სახლიოდესღაც იარაღის მაგნატის უილიამ ვ. ვინჩესტერის (ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი კონვეიერული მწარმოებლის ოლივერ ვინჩესტერის ვაჟი) ქვრივს სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა. დედოფალ ანას სტილის ეს ვიქტორიანული სასახლე განთქმულია თავისი ზომით, არქიტექტურული ახირებულობითა და შენების ერთიანი გეგმის სრული არარსებობით. ის კალიფორნიის ისტორიული ღირშესანიშნაობაა და ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრშიც ირიცხება. ვინჩესტერის სახლი დღეისთვის კერძო საკუთრებაშია და ტურისტული ობიექტის სახით ფუნქციონირებს.
1881 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სარა ვინჩესტერმა მემკვიდრეობით დაახლოებით 20,5 მლნ დოლარი მიიღო. ამას ემატებოდა ვინჩესტერის იარაღის კომპანიისWinchester Repeating Arms Companyაქციების 50%, რაც მას დღეში 1000$ შემოსავალს აძლევდა (ეს თანხა დღეისთვის დაახლოებით 30,000 დოლარია). მთელი ეს შთამბეჭდავი მემკვიდრეობა სარამ 38 წლიან განუწყვეტელ მშენებლობას მოახმარა, რომელიც 1884 წელს დაიწყო და არ შეწყვეტილა 1922 წლამდე, როდესაც სარაც თავისი სახლის “ბინადარ” მოჩვენებებს შეუერთდა.
მეუღლის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ სარა ბოსტონელ მედიუმს ესტუმრა, რომელმაც, თითქოსდა მის ქმართან საუბრის შემდეგ, სარას გადასცა, რომ ქვრივს უნდა დაეტოვებინა ნიუ ჰეივენი და წასულიყო დასავლეთით, სადაც ააშენებდა სახლს საკუთარი თავისა და იმ ადამიანთა სულებისათვის, ვინც ვინჩესტერის მარკის იარაღს ემსხვერპლა. სარა ვინჩესტერმაც “დაუჯერა” მედიუმს და კალიფორნიაში გადასახლდა. შესაძლოა, სარას უბრალოდ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და ღრმა დეპრესიისგან თავდასაღწევადჰობის შეძენა სურდა, თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მდიდარ ქვრივს სჯეროდა, თითქოსდა მისი ოჯახი დაწყევლილი იყო სულებისგან და ეს უკანასკნელნი სიმშვიდეს მხოლოდ დასავლეთში გადასახლებით და მათთვის სახლის აგებით მოიპოვებდნენ.
1884 წელს ვინჩესტერის ქვრივმა შეიძინა ფერმერის დაუსრულებელი სახლი და საკუთარ მშენებლობას შეუდგა. სარას დაქირავებული დურგლები და სხვა ოსტატები დღე და ღამე მუშაობდნენ. მას პროფესიონალი არქიტექტორებისთვის არ მიუმართავს, ამიტომაც სახლი სრულიად უსისტემოდაა აშენებული. იქ არის უამრავი კარი და კიბე, რომლებიც არსად მიდის, სხვა ოთახში გამავალი ფანჯრები, კიბეები, რომელთა ბაქნები პირდაპირ კედელში შედის.
სარა ვინჩესტერის გარდაცვალების შემდეგ ბევრმა მისი ეს უცნაურობა სულების არსებობის რწმენით ახსნა. ერთ-ერთი ვერსიით სარას სჯეროდა, რომ მისი ოჯახი ვინჩესტერის იარაღით დაღუპულთა მიერ იყო დაწყევლილი და მის თავს დამტყდარ უბედურებებს, ჯერ 2 კვირის ქალიშვილისა და 3 წელიწადში მეუღლის გარდაცვალებას ამ წყევლას აბრალებდა. ამიტომაც სახლი თითქოსდა სულებისგან სარას თავდაცვითი ნაგებობა იყო. მეორე მხრივ,სულების ნაწილთან სარას თბილი “ურთიერთობა” ჰქონდა.
1906 წლის მიწისძვრამდე სახლი 7 სართულიანი იყო. იმის წყალობით, რომ სახლის საფუძველი ე.წ. “მოტივტივე საძირკვლის” პრინციპით იყო ჩაყრილი, მიწისძვრას მთელი 4 სართული გადაურჩა და სარა ვინჩესტერს სახლზე სართულები აღარ დაუმატებია. მისი რწმენით, სულები უკმაყოფილონი იყვნენ სახლის ფასადით, ამიტომ მიწისძვრისას დაზიანებული ოთახების უმრავლესობა 1906 წელსვე დაიკეტა და სარას სიცოცხლეში აღარც გაღებულა. თავიდან სახლის დეკორის უმეტესი ნაწილი წითელი ხის იყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ სარას ეს მასალა აღარ მოეწონა და სახლის შესაღებად დაახლოებით 25,500 გალონი (დაახლ. 78.000 ლიტრი) საღებავი დაიხარჯა.
სახლში არის დაახლოებით 160 ოთახი, მათ შორის 40 საძინებელი, 2 საცეკვაო დარბაზი (ერთი დასრულებული, მეორე დაუმთავრებელი), ასევე 47 ბუხარი, დაახლოებით 10,000 ფანჯარა, 17 საკვამური (საკვამურების ნაწილი ისე ჩაიკარგა კედლებში, რომ დღის სინათლე არასდროს უხილავს – სახლში სულები არ შემოსულიყვნენ), ორი სარდაფი , 40 კიბე (აქედან ერთს გარდა ყველას 13 საფეხური აქვს) და სამი ლიფტი. სახლში არის ოქროსა და ვერცხლის ჭაღები და იატაკის ხელითინკრუსტირებული ფიცრები და სხვა დეტალები. უამრავი კარი, რომლებიც კედელში “შედის”. მისის ვინჩესტერს სიბერეში ართრიტის მძიმე ფორმა აწუხებდა, შესაბამისად სახლში კიბეების უმეტესობაზე ძალიან დაბალი საფეხურებია, რაც უკვე მოხუცებულ სარას მთელ შენობაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდა. დერეფნებიც ძალიან ვიწროა, რადგან ვინჩესტერის ქვრივი მინიატურული ქალბატონი იყო და სახლი მხოლოდ მასზე მორგებული გახლდათ.
მისის ვინჩესტერს არასდროს დაუნანებია ფული მორთულობებისთვის, რომლებიც, მისი აზრით, სახლს არქიტექტურულ სილამაზეს მატებდა. სახლის ვიტრაჟული ფანჯრების დიდი ნაწილი Tiffany Company-ს ნახელავია. ზოგიერთი სპეციალურად სარასთვისაა დამზადებული, მაგალითად, როგორც “ობობას ქსელი”, რომელშიც მდიდარი ქვრივის კიდევ ერთი ახირება, რიცხვი 13 ფიგურირებს. კიდევ ერთი ფანჯარაში, რომელიც თავად Tiffany-მ დაამზადა, როდესაც მზის სხივი პრიზმულ კრისტალში ტყდება, ოთახში ცისარტყელა წარმოიქმნება.
რიცხვს “13” ვინჩესტერის სახლში განსაკუთრებული როლი ეკავა. ძვირფასი ჭაღი, რომელიც 12 კანდელაბრისთვის იყო განკუთვნილი, სარას ბრძანებით შეცვალეს და მასზე 13 კანდელი ინთებოდა. შადრევნის აუზს 13 ნახვრეტი ჰქონდა. ასევე, ობობას ქსელის მსგავს ვიტრაჟულ ფანჯარაში 13 ფერის ფერადი ქვა იყო ჩასმული. საკიდებზე 13-13 კაუჭი იყო დამაგრებული.
სარა ვინჩესტერის გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონება, სახლის გარდა, ანდერძის მიხედვით მის ფავორიტ დისწულსა და პირად მდივანს მარიან ი. მარიოთს ერგო. ამ უკანასკნელმა სახლიდან წაიღო ყველაფერი, რაც უნდოდა, დანარჩენი კიკერძო აუქციონზე გაყიდა. სახლიდან მთელი ავეჯის გამოსაზიდად 6 სატვირთო მანქანა ექვსი კვირის განმავლობაში დღეში 8 საათი მუშაობდა. ვინაიდან მისის სარა ვინჩესტერს ანდერძში სასახლე არ უხსენებია და შემფასებლებაც ის მიწისძვრისგან მიყენებული ზიანის, დაუსრულებელი დიზაინისა და არაპრაქტიკული კონსტრუქციის გამო დაბალ ფასად შეაფასეს, შენობა ადგილობრივი ინვესტორებისთვის მოწყობილ აუქციონზე 135,000 დოლარად გაიყიდა. ვინჩესტერის სახლი 10 წლიანი არენდით აიღეს ჯონ და მეიმი ბრაუნმა, რომელმაც საბოლოოდ შეისყიდა კიდეც შენობა. გაყიდვიდან ხუთი თვის შემდეგ ვინჩესტერის იდუმალი სასახლე პირველად გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის და მისი პირველი გიდიც მეიმი ბრაუნი იყო.
დღეს სასახლეს ჯონ და მეიმი ბრაუნის შთამომავალთა ინტერესების წარმომადგენელი Winchester Investments LLC ფლობს. ახალმა მფლობელებმა სარას პატივსაცემად ბაღში გადაჭრილი ხეებისგან რიცხვი 13 გამოიყვანეს, ასევე ყოველ პარასკევს, რომელსაც 13 რიცხვი დაემთხვევა, სასახლის დიდი საათი 13:00 საათზე (ღამის 1 საათი) 13-ჯერ რეკავს. სხვა მხრივ, სახლი დღემდე ისეთივეა, როგორიც სარას სიცოცხლეში იყო – მასში ასახულია დიასახლისის ცრურწმენები და შიშები.