“ვერაფერში შევძელი, ბოლომდე პირნათელი ვყოფილიყავი, ვერც ამქვეყნიურში და ვერც – სულიერში” – დეკანოზი სერაფიმე დანელია

დეკანოზი სერაფიმე დანელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სასულიერო პირი ახლობლებისა და მრევლისგან შენდობას ითხოვს.

„მოახლოვდა ჩემი დაბადების დღე და ვიცი, ალბათ, ბევრი მომილოცავთ აქ, მე კი ისე ვარ, ამ დღის აღნიშვნა კი არა, სადმე გაქცევა მინდა…

ის, რაც ჩემს სულში ხდება, არანაირად  მაძლევს საზეიმო განწყობის საბაბს…

საკუთარი თავი გამხდარა ჩემთვის ყველაზე მძიმე ტვირთი, ამიტომ მინდა, ყველას შენდობა ვთხოვო…

პირველად ღმერთს, რადგან, ჩემი მღვდლობის მიუხედავად, ჯერაც ვერ შევძელი, ოდნავ მაინც დავმსგავსებოდი მას;

შემდეგ მშობლებს, განსაკუთრებით, დედას, რადგან ვერ შევძელი, სათანადოდ მეპასუხა მათ თავგანწირულ სიყვარულზე და ეს წუხილი მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება თან…

შენდობას ვთხოვ მეუღლეს, რადგან უთვალავჯერ გავხდი მიზეზი მისი გულისტკენისა, მას კი მაინც ვუყვარვარ…

შენდობას ვთხოვ შვილებს, რადგან ვერ შევძელი, მისაბაძი მაგალითი ვყოფილიყავი მათთვის;

ეკლესიის სულიერ შვილებს, რადგან ხშირად ვერ ვახერხებდი, გადავფარვოდი მათ და მეტი ყურადღება გამომეჩინა მათი სატკივარის მიმართ…

რომ ვიხსენებ, ყველა ჩემს მოვალეობაში შემიცოდავს და, სურვილის მიუხედავად, სათანადოდ ვერ შემისრულებია… ვერაფერში ვერ შევძელი ბოლომდე პირნათელი ვყოფილიყავი, ვერც შვილობაში და ვერც – მამულიშვილობაში, ვერც მოძღვრობაში და ვერც – მამობაში, ვერც მეუღლეობაში, ვერც დაძმობაში, ვერც მეგობრობაში, ვერც ამქვეყნიურში და ვერც – სულიერში…  ვერც ცოცხლების და ვერც – გარდაცვლილთა წინაშე…

ამიტომ, მთელს სამყაროს ვთხოვ შენდობას…

და კიდევ, ვისარგებლებ თქვენი კეთილგანწყობით და გეტყვით, ვისაც გსურთ ჩემი გახარება, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, თუნდაც ერთი ლარით დაეხმარეთ სულიწმიდის ტაძარს GE78TB7547936080100007 და ეს იქნება თქვენი დიდი საჩუქარი ჩემთვის..

სულიწმიდამ გაგახაროთ ყველა კეთილ განზრახვაში!“, – წერს მოძღვარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები