ექსკლუზივი: “მამასთან საშინელი ურთიერთობა მქონდა!” – რას ყვება ქართველი გოგონა, რომელსაც ბელგიაში საკუთარმა მამამ თვალწინ დედა მოუკლა (ფოტოკოლაჟი)
ბელგიაში მცხოვრები ქართველი გოგონა, 17 წლის ეკა გამბარაშვილი, რომელსაც საკუთარმა მამამ ბრიუსელში გუშინ დედა მოუკლა, “კვირა+”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მამასთან მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
“მამასთან საშინელი ურთიერთობა მქონდა. მეორედ სიტყვა “მამა” აღარ მიხსენოთ! ის მკვლელია და მკვლელებთან არანაირი კავშირი არ მინდა მქონდეს. რისი თქმაც შემიძლია, მარტო ისაა, რომ დედა ხელებში ჩამაკვდა და რასაც ვისურვებდი, ეს იმ მკვლელის დასჯაა”,- აცხადებს “კვირა+”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბრიუსელში მოკლული ქართველი ქალის შვილი.
ეკა გამბარაშვილი ამბობს, რომ დედის გვამს საქართველოში არ ჩამოასვენებენ, შესაბამისად გარდაცვლილ ხათუნა ტუღუშს ბრიუსელშივე დაკრძალავენ.
“საქართველოში ოჯახი არ მყავს. აქ ვაპირებ დარჩენას და ბელგიის მოქალაქეობის მიღებას. აქვე ვაპირებთ დედის დაკრძალვასაც, სადაც მე ვიქნები, დედაც იქ იქნება. ამაში ბელგიის სახელმწიფო დაგვეხმარება,”- განმარტავს 17 წლის გოგონა.
37 წლის ხათუნა ტუღუში საკუთარმა მეუღლემ პაატა გამბარაშვილმა, შვილების თვალწინ ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით მან გულის არეში მიაყენა. საზარელი შემთხვევა ბრიუსელში 21 ოქტომბერს მოხდა. სახლში მყოფი ბავშვების მიერ გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის გარდაიცვალა. ბრიუსელში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია, გუშინ “მოამბის” ევროპის ბიუროს კორესპონდენტმა – ქეთევან ქარდავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ტუღუშს სამი შვილი დარჩა. ყველაზე პატარა 2 წლისაა. მკვლელობაში ბრალდებული კი ბრიუსელის სამართალდამცავებს იმ დღესვე თავად ჩაბარდა. როგორც “კვირას” ექსკლუზიურ ინტერვიუში მოკლულის დამ განუცხადა, ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა ისინი რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ ერთად წავიდნენ. მისივე თქმით, მისი სიძე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ცუდი ხასიათიც ჰქონდა, თუმცა მისი და ოჯახის დანგრევისგან თავს შვილების გამო იკავებდა.
“ჩემი და და ჩემი სიძე ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ და ის ამას ვერ შეეგუა. ეჭვიანობდა, რაზე ან ვისზე თვითონაც არ იცის. მე სულ ვეუნებოდი ჩემს დას, გაშორდი – მეთქი, მაგრამ შვილების გამო თავს იკავებდა. ჩემი და, ბავშვები რომ ერჩინა, სამ ადგილას მუშაობდა. ჩემს სიძეს შვილებთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მათაც ემუქრებოდა. შვილებს ეზიზღებოდათ. ბავშვებმა რა დაუშავეს?! ნარკომანი იყო. ყველაფერს იკეთებდა. ჩემი და მოიტაცა და ისე მოიყვანა ცოლად. ჩემს შვილებსაც ემუქრებოდა მკვლელობით”, – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას მაკა ტუღუშმა.
ცნობილია, რომ მოკლულის შვილები ბრიუსელის ხელისუფლებამ თავშესაფარში გაგზავნა და გარკვეული პროცედურების შემდეგ სახლში დააბრუნებენ. ბავშვებს ამჟამად ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უტარდებათ. 17 წლის ეკა გამბარაშვილმა, დედასთან გამოსათხოვარი წერილიც გამოაქვეყნა:
“დედა, ჩემი ყველაზე უსაყვარლესი დედიკო, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენ აზრზე არ იყავი და ხარ როგორ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. შენ ჩემი ყველაფერი ხარ. მთელი გული ამომაგლიჯე და თან წაიღე. შენ ჩემთვის ყოველთვის ნომერი პირველი იყავი, ხარ და მუდამ იქნები. მინდოდა, რომ გცოდნოდა, რომ შენს გამო გულს, სულს, ყველაფერს მივცემდი და რომ ვიცოდე რომ შენი დაბრუნება შემეძლოს, შეუძლებელს შევძლებდი. მიყვარხარ დე, სიგიჟემდე მიყვარხარ ყველაზე, ყველაზე ძალიან… რაც დამტოვე, ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ, საერთოდ ვერაფერს. ყველაფერი თან წაიღე, მარტო ტანი დარჩა აქ ჩემი და ეგეც მინდა, რომ შენთან იყოს. ჩემი ულამაზესი ხარ და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენით ვსუნთქავდი, შენ კიდე უშენოდ დამტოვე… ჩემი ყველაზე ლამაზი, კეთილი და სამართლიანი იყავი. მინდა, რომ შენ გგავდე, მარა სამწუხაროდ, შენნაირი კარგი და იდეალური ვერასდროს ვერ ვიქნები. თუ გესმის ჩემი, მინდა რომ იცოდე, რომ შენთვის სიცოცხლეს მივცემდი და ყოველთვის მინდოდა შენზე ადრე წავსულიყავი ამ ცხოვრებიდან, რომ შენ მენახე ყოველთვის ცოცხალი… გეხვეწები, ერთხელ მაინც მოდი ჩემთან. ისე მენატრები, სიტყვები აღარ მაქვს, გული აღარ მაქვს, არც სული, აღარაფერი აღარ მაქვს უშენოდ. შენ იყავი ჩემთვის ეს ყველაფერი. მინდა, რომ იცოდე, რომ შენზე მეტად ამ ქვეყნად არავინ მყვარებია არასდროს და მინდა, რომ შენს ადგილზე მე ვიყო. შენ კიდევ, ჩემს ადგილზე… ისევ ისეთი ლამაზი, ცოცხალი მიყვარხარ სიცოცხლზე მეტად, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და შენი წასვლით მთელი გული გაიყინა გაქრობამდე…” – წერს არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მამამ დედა თვალწინ მოუკლა.