ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ხელოვნების წარმომადგენლების გარდაცვალების შესახებ.
ამჯერად, საზოგადოების შეშფოთება მსახიობ გივი ბერიკაშვილის თითქოს და, გარდაცვალებამ გამოიწვია.
როგორც „კვირას“ ლეგენდარულმა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა განუცხადა, მსგავსი ცნობა მსახიობზე უკვე მესამედ გავრცელდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია, მსახიობი აცხადებს, რომ „ალბათ მოცლილი კაცია და აჟიოტაჟის შექმნა უნდა“.
„შვილო… ეს უკვე მესამედ მომკლეს. მე ნიძლავი მოვიგე, დიდი ნიძლავი, – ქუჩაში გავიდეთ და ერთი კაცი მიპოვეთ, რომელსაც რამე ვაწყენინე-მეთქი, – და არავინ დამენიძლავა. 82 წლისა ვარ და ცოტა დაიცადონ. მე იმის იმედი მაქვს, რომ დამიტირებენ და აი მაგას ვინც წერს, იმას, როგორც ძაღლს, ისე დამარხავენ. ჯერჯერობით პენსიაზე არ გავსულვარ, ვმუშაობ მარჯანიშვილის თეატრში. ახალი სეზონი იწყება. ახლა ქუჩაში ვარ და სახლისაკენ მივდივარ. ჩემს გარდაცვალებას ხან რას უკავშირებენ ხან – რას. მოცლილი კაცია, ეტყობა აჟიოტაჟის შექმნა უნდა, რომ ცნობილი სახეა და ა.შ “,- განაცხადა „კვირასთან“ გივი ბერიკაშვილმა.
მარიამ ლომინაძე