“ერთია ის გასაჭირი და უბედურება, როგორც ეს ქალი ცხოვრობდა და მეორე, სიუჟეტის ავტორის სიუხეშე და არაპროფესიონალიზმი”

ჟურნალისტი თაკო სონღულაშვილი გაზეთ “თბილისის” ყოფილი ჟურნალისტის, ნანა ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და წერს, რომ ავტორი თემის გაშუქებისას არაპროფესიონალიზმს ამჟღავნებს, რადგან, მისივე თქმით, “არ შეიძლება, ასე მოექცე შენს გმირს, მით უმეტეს, გარდაცვლილს”.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, თუნდაც ეს საძულველი ხელისუფლების უუნარობის წარმოჩენას ემსახურებოდეს, საკუთარი გმირის ისედაც გათელილი ღირსება უფრო მეტად არ უნდა შელახო.
“ახლა ვნახე “რუსთავი 2-ის” სიუჟეტი ყოფილი ჟურნალისტის უკიდურეს სიღარიბეში გარდაცვალების შესახებ.

ერთია  ის გასაჭირი და უბედურება, რასაც ეს ქალი ცხოვრობდა და მეორე, სიუჟეტის ავტორის სიუხეშე და არაპროფესიონალიზმი.
როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა არ იცის, ან არ უნდა, იცოდეს, როგორ გააშუქოს პრობლემა/ტრაგედია და როგორ წარმოაჩინოს თავისი საძულველი ხელისუფლების უუნარობა, უნიჭობა და არაპროფესიონალიზმი ისე, რომ საკუთარ გმირს ღირსება არ შეულახოს, ხელისუფლების მიერ უკვე და ისედაც შელახული.
არ შეიძლება, ასე იმუშაო თემაზე; არ შეიძლება, ასე მოექცე შენს გმირს, მით უმეტეს, გარდაცვლილს; არ შეიძლება, ასეთი კადრები გადაიღო და არ შეიძლება, ასე მოჰყვე ამბავს. ეს არის სამარცხვინო საქციელი”, – წერს თაკო სონღულაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები