ედემის ბაღი ვარკეთილში იყო გაშენებული – სახალისო “თეორია” სოცქსელიდან

მწერალი ივა გრუზინსკი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო, არასოდეს მითქვამს და ახლა გეტყვით, რომ მე-7 დიპლომით თეოლოგი გახლავართ.
ვინც თეოლოგიის განმარტება არ იცით, გეტყვით რომ ღმერთოლოგს ნიშნავს.ჰო და ჩემი, ლამის 42-წლიანი დაკვირვება მაძლევს უფლებას, თამამად განვაცხადო, რომ ედემის ბაღი დღევანდელი ვარკეთილის ტერიტორიაზე იყო გაშენებული. ამას, უბრალოდ კი არ ვამბობ, თავად მოვესწარი.
1982 წელში, როდესაც საცხოვრებლად, ყოფილ ედემის ბაღში გადავედით, ჩემი კორპუსიდან ზღვამდე, ისევ იყო შემორჩენილი ხეხილი. ბალი, ალუბალი, ნუში, ტყემალი, ქლიავი, პანტა და ის, ავად სახსენებელი ვაშლის ხეც, რომლის გარშემო, მკრთალად, მაგრამ ჯერ კიდევ ეტყობოდა 2 ადამიანის შიშველი ფეხის ნაფეხურები.
ნუ, შემდეგ ეს ტერიტორია გამიზნულად გაჩეხეს, ნივთმტკიცება აღგავეს მიწისაგან პირისა და გააშენეს დასახლება, რომელსაც უწოდეს ვარკეთილი – 3.
რატომ მაინცდამაინც – 3? და არა 2 ან 1?
იმიტომ რომ ღმერთი, სამობითაა!!!
სახელი ვარკეთილი უკვე ცხადყობს, ჩემი კვლევის შედეგის სისწორეს, რამეთუ კეთილი არის მხოლოდ ღმერთი… ვარ კეთილიო – ანუ, აი აქ, ამ ადგილზე მიწა იყი კეთილიო, ანუ ედემის (კეთილი) ბაღი აქ იყოო. მაგრამ რად გინდა? შეირთო ამ ვარკეთილელმა კაცმა ცოლად გლდანელი და რაც დაგვემართა, ყველამ კი იცით…
ჰო და, თუ დედამიწაზე, არსებობს სამოთხე, სად გააშენებდა ღმერთი მას, თუ არა ვარკეთილში დაუკვირდით, მეგობრებო: მზე ჯერ ვარკეთილში ამოდის და მხოლოდ ამის შემდეგ მოეფინება ის, ვარდსაც და ნეხვსაც, ერთნაირად. მაგრამ, სანამ სხვებს მოეფინება, თავის უბიწობას ვარკეთილს ჩუქნის.
ამ კვლევამ, კიდევ ერთ ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა. თუ დედამიწაზე არსებობს სამოთხე და უკვე ვნახეთ, რომ ეს ვარკეთილია, ე.ი. სადღაც აქვე ჯოჯოხეთიც უნდა არსებობდეს!
ჯერ ვერ მივაკვლიე მას, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, სამოთხეში უფრო ცოტა ადამიანი ხვდება, ვიდრე ჯოჯოხეთში. შესაბამისად, იმ ტერიტორიის მცხოვრებნი, 3-4 ჯერ მაინც უნდა აჭარბებდნენ სამოთხის მოსახლეობის რაოდენობას.
რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვები მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მათი გაზიარებისგან.
ვაგრძელებ, კვლევებს. შედეგებს შეგატყობინებთ”, – წერს პოსტის ავტორი.
სახალისო პოსტს სოციალურ ქსელებში მრავალი გამოხმაურება მოჰყვა, მას ასობით მოწონება, კომენტარი და გაზიარება აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები