დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეა

ქართველი პოეტი ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში. ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს(1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. „ბედი ქართლისა” ბარათაშვილმა 22 წლისამ (1839) დაწერა. სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური, ისტორიული მოვლენა – აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს თბილისის აღება, რამაც ფაქტობრივად, საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ „ბედი ქართლისა”, როგორც რომანტიკული პოემა, შორს დგას ისტორიზმის მყარი პრინციპებისაგან. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე II-ის სახე და მოქმედება ბარათაშვილისთვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა. ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლურ (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მისი მიზეზი სულიერი ტკივილის ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული. ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 ჟურნალ „ცისკარში” გამოქვეყნდა. ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიღუპა 1845 წლის 21 ოქტომბერს. 1893 წელს განჯიდან თბილისში ბარათაშვილის გადმოსვენებამ, ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938 წლიდან პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები