დასახელდა თუ არა მსოფლიოს სამ საუკეთესო კომპოზიტორს შორის გია ყანჩელი – “ვერც მე მივაგენი ამ წყაროს”

ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის წყაროს, რომ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა, ვერავინ ადასტურებს, მათ შორის, ვერც კულტურის სამინისტროში.
„ძველი ამბავია, „იმედმა“ ამოაგდო და ახლა მრავალი წლის მერე რატომ გახდა აქტუალური, ვერ გეტყვით“… – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

იმაზე, რომ გია ყანჩელი თანამედროვეობის  ერთ-ერთი დიდი კომპოზიტორია,  ორი აზრი არ არსებობს და მას ხშირად მოიხსენიებენ კიდეც მსოფლიოს დიდებულ კომპოზიტორებს, ანდა მსოფლიოს საუკეთესო ფილმების კომპოზიტორების შორის. მაგრამ რამდენად მართებულია,  წყაროს მიუთითებლად, რაიმე აფიშის მიხედვით, ვინმემ კომპოზიტორს (თუნდაც რომელიმე მასმედიამ) დაუდგინოს რეიტინგი და, მაინცდამაინც, ვინმეს გვერდით მოახვედროს?

„კვირა“ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ არც მან იცის რამე: „თქვენ პირველი არ ხართ, ვინც მირეკავს. უამრავმა თქვენმა კოლეგამ დამირეკა და ვერც მე მივაგენი ამ წყაროს.  მეც ვეძებ“… 

ხოლო კომპოზიტორის ოჯახის ახლობელმა გვითხრა, რომ არც მას გაუგია რაიმე კონკურსის თაობაზე.

„აფიშა არის ძალიან დიდი ხნის წინანდელი, დაახლოებით, 10 წლის წინანდელი პოსტერია. ეტყობა, მერე ვიღაცამ დადო… გაურკვეველი რაღაცაა.   ვფიქრობ, არ უნდა ჰქონდეს საინფორმაციო საფუძველი. კომპოზიტორებს შორის კონკურსი არ ჩატარებულა. რაღაც ხომ უნდა ხდებოდეს, რომ მერე დაასახელო რჩეულები“, – აცხადებს “კვირასთან” ოჯახის ახლობელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები