დავით ოქიტაშვილი კულტურის მინისტრს მიმართავს და იმ პირებს ასახელებს, ვინც მიშას დაბრუნებას ელოდება

დავით ოქიტაშვილის განცხადებით, კულტურის სამინისტროში დღესაც მუშაობს ის ხალხი, რომლების წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ და მომღერლების ე.წ. შავ სიებს ადგენდნენ. ამის შესახებ ის “ვერსიასთან” საუბრობს.

ოქიტაშვილი კულტურის მინისტრს მიმართავს და ურჩევს კარგად გადახედოს სამინისტროს კადრებს და დაინახავს, რომ იქ ისევაა „ნაცბანდა“, რომელიც მისი თქმით, სააკაშვილის დაბრუნებას ელოდებიან:

„…ხალხი, რომელიც მაშინ ბლოკავდა მომღერლებს, შავ სიებსაც ადგენდა, დღესაც მუშაობს კულტურის სამინისტროში. როგორ შეიძლება, სოფო აბულაძე კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყოს, როცა მან წამართვა ვარსკვლავები და ამით ერთობოდა?! ეს ადამიანი დღემდე “ნაციონლური მოძრაობის” მომხრეა, მათ ყველა ყრილობასა თუ აქციას ესწრება და მოუთმენლად ელის, მიშა როდის დაბრუნდება ხელისუფლებაში თეთრ ცხენზე ამხედრებული. მითხარით, როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი ნორმალურად ემსახუროს ქართულ კულტურასა და სამინისტროს. მათ ფონზე, ნინა წკრიალაშვილს მეტად ვაფასებ.

-რა მოგსვლიათ, ნინა წკრიალაშვილის ღირსებებზე ალაპარკდით?

-ნაციონალების მომღერლებში იგი ყველაზე ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ კლუტურის სამინისტროდან არავის გაუგდია. თქვა, ეს ხელისუფლება ჩემთვის მიუღებელიაო, დაწერა განცხადება და წამოვიდა. ესაა ღირსეული დამოკიდებულება, თორემ ნინა წკრიალაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს და ვისზე რას ამბობს, სხვა საკითხია. სოფო აბულაძე და მისნაირები კი სხედან თბილად და ახლაც წყვეტენ, ვინ იმღეროს, ვინ არა. მიშა გიორგაძე ჩემი მეგობარია, არ მინდა, გაზეთიდან ველაპარაკო. უბრალოდ სათქმელი უნდა ითქვას! ამას პირველად ვაცხადებ – როგორ შეიძლება, კულტურის სამინისტროში მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დაბრუნებას ელოდებიან და ამბობენ, თქვე უბედურებო, ჩვენი დროც მოვაო. მივმართავ კულტურის მინისტრს, კარგად გადახედოს კადრებს და დაინახავს, რომ სამინისტროში ნაცბანდაა, რომელიც ანგრევს ქართულ კულტურას და ეს მისთვისაა ცუდი, თორემ მე არავის ვებრძვი“, – განუცხადა ოქიტაშვილმა გაზეთ „ვერსიას“.

კომენტარები

სხვა სიახლეები