ბინი ცოცხალია – ძაღლი, რომელსაც მანქანით გადაუარეს, გამოჩნდა

გაუჩინარებული ძაღლი, სახელად ბინი გამოჩნდა. ბინი საყვარელ ქუჩას და ადგილს თვითონ დაუბრუნდა. თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ჯგუფმა ბინი აგრარულ უნივერსიტეტთან არსებულ კლინიკაში რენტგენის გადასაღებად გადაიყვანა. ძაღლს გაუჩინარებამდე მანქანით გადაუარეს. შემთხვევა თამარაშვილის 13 ნომერში მდებარე ყავის სახლ ,,COFFEE BEAN”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველი ბარბარე გოცაძე ჰყვება, ტროტუარზე თეთრი ჯიპით მომხმარებელი შევიდა, რაღაცები შეიძინა, გასვლისას კი დაძინებულ ძაღლს გადაუარა. „ამ ყავის სახლის მუდმივი მომხმარებელი ვარ. საღამოხანს, 6 საათი სრულდებოდა, ზუსტად მახსოვს, ჩემს ძაღლთან ერთად ვიჯექი კაფეში. ბინი, როგორც ყოველთვის, იქ იწვა. უცებ თეთრი ჯიპით მომხმარებელი შემოვიდა ტროტუარზე, რაღაცები შეიძინა, გასვლისას გადაუარა დაძინებულ ბინის. ძაღლის განწირული ხმა ახლაც ყურებში მაქვს. ყველანი გამოვცვივდით, მძღოლმა არც კი გააჩერა მანქანა, უკანმოუხედავად გაიქცა. შეშინებული და დამფრთხალი ბინი ხან თავის თავს სუნავდა, ხან იმ ადგილს, სადაც იწვა, ადგილს ვერ პოულობდა. მერე თვალსა და ხელს შუა გაქრა. ყველანი დაბნეულები ვიყავით, ვერც მანქანის ნომერი დავიმახსოვრეთ, მაგრამ იქ არის კამერები. ის ძაღლთმოძულე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, – ამბობს ბარბარე გოცაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები