ბილ გეითსმა გლობალური პანდემია, მასობრივი სიკვდილიანობა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 2015 წელს იწინასწარმეტყველა (ვიდეო)
“მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა 2015 წელს იწინასწარმეტყველა, რომ გლობალური პანდემია უამრავ ადამიანს მოკლავს და მსოფლიო ეკონომიკას შეაჩერებს.
მაშინ, როცა მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა კორონავირუსთან გამკლავებას ცდილობს, გეითსმა ისინი რამდენიმე წლის წინ გააფრთხილა, რომ კაცობრიობა ცუდად არის მომზადებული ისეთ ვირუსთან საბრძოლველად, რომელიც სწრაფად ვრცელდება.
2015 წელს გეითსმა განაცხადა, რომ თუ ყველაზე მდიდარი ქვეყნები იმავე წარმატებით მოემზადებიან პანდემიისთვის, როგორც ატომური ომისთვის, პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.
„ის, რაც მომავალი ათწლეულის განმავლობაში 10 მილიონ ადამიანს მოკლავს, არა ომი, არამედ ინფექცია იქნება, არა რაკეტები, არამედ მიკრობები“, – განაცხადა მან.
ასევე, დასძინა, რომ მსოფლიომ ვერ გაითავისა პანდემიის საშიშროება ებოლას რამდენიმე ლოკალური აფეთქების შემდეგაც კი.
2013–2016 წლებში ამ ვირუსით დასავლეთ აფრიკაში 11 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. გეითსის თქმით, მსოფლიოს გაუმართლა, რომ ებოლას ეპიდემიური აფეთქება მხოლოდ დასავლეთ აფრიკით შემოიფარგლა.
„მომდევნო ჯერზე შესაძლოა ასე არ გაგვიმართლოს“ – აღნიშნა მულტიმილიარდერმა.
მან გააფრთხილა დასავლეთი პანდემია ისევე განეხილათ, როგორც ომის საშიშროება. მან მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს სხვადასხვა სიმულაციების ჩატარებისკენ მოუწოდა, რათა მომზადებულნი ყოფილიყვნენ.
„ჩვენ უდიდეს სახსრებსა და ძალისხმევას ვდებთ ატომურ საკითხებში, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ პანდემიის საშიშროებას, შემდგომი პანდემიისთვის მზად არ ვიქნებით“, – აღნიშნა 2015 წელს მან.