ბათუმში მამამ 11 წლის შვილი სცემა. მან არც ათი წლის გოგონა დაინდო, როცა დამ ძმაზე ძალადობის გამო ყვირილი ატეხა და თავში წიგნი ჩაარტყა.
ინტერნეტ გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 18 ოქტომბერს მოხდა.
ბავშვის დედის თქმით, მან 11 და 10 წლის შვილები მამასთან ერთი საათით დატოვა. მშობლები უკვე დაშორებულები არიან და ბავშვებს მამა მხოლოდ შაბათ-კვირას ნახულობდა.
„საღამოს ცხრა საათზე დავტოვე და თერთმეტ საათზე ბიჭმა დამირეკა, დედიკო სასწრაფოდ მომაკითხეო. რომ მივედი, ჭიშკართან ფეხშიშველი გამოვიდა, ფეხსაცმელი ხელში ეჭირა. იქ არაფერი უთქვამს. როცა სახლში მივედით და ტანზე გაიხადა, მაშინ შევნიშნე, რომ სასტიკი ნაცემი იყო. ორივე ბეჭი დალურჯებული ჰქონდა, გაწითლებული ჰქონდა შუბლიც. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. მამაჩემმა იმის გამო მცემა, სკოლა რატომ გააცდინე და აქ რატომ მოხვედიო.
ლუკა წინა დღით რაჭაში იყო ექსკურსიაზე, სადაც გაცივდა. დიდი სიცხე ჰქონდა და მე არ გავუშვი. ბავშვს თავი ტკიოდა საშინლად, როცა მამამისს დაურტყამს, წაქცეულა და თავი კედელზე მიუხეთქებია. ასე სასტიკად ნაცემი რომ ვნახე, სასწრაფო გამოვიძახე, სასწრაფომ კი საპატრულო გამოიძახა. ექიმმა დაწერა, რომ ბავშვი ნაცემია. პოლიციელიც გაგიჟდა, ასეთი ნაცემი რომ ნახა ბავშვი“, – გვიყვება დედა. 11 წლის შვილზე მოძალადე მამას, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. წყარო: Batumelebi.ge
სხვა სიახლეები