ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში შეიძლება კრიზისული პერიოდი დადგეს, რა დროსაც მათ ერთმანეთის აღარ ესმით და არც საერთო ინტერესები რჩებათ. ზოგ შემთხვევაში ეს განქორწინების მიზეზი ხდება, ზოგჯერ კი არსებული ბზარის გასამთელებლად კიდევ ერთი შვილის გაჩენას გადაწყვეტენ ხოლმე. თუმცა, არსებობს წყვილთა თერაპია, სადაც კრიზისულ პერიოდში მყოფი წყვილი პრობლემას განიხილავს და ამ ფორმით ცდილობს, ურთიერთობის აღდგენას. რაში ეხმარება წყვილებს თერაპია და ძირითადად რა პრობლემები აქვთ ხოლმე მათ, თემაზე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დავითიანის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კერესელიძე გვესაუბრება:
– წყვილთა თერაპია ეს არის თერაპიის ის მიმდინარეობა, როდესაც მუშაობისას ორივე პარტნიორი აზრი თანაბრადაა განხილული. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეულ მათგანს შესაძლებლობა აქვს, ისაუბრონ იმ თემებზე, რაც ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად, აწუხებთ. საუბრის დროს შესაძლოა ისეთი საკითხები წამოიჭრას, რაც ერთი ადამიანისათვისაა მნიშვნელოვანი, მეორე კი ამას აქამდე ვერ ხედავდა. ამიტომ, როდესაც წყვილს რაიმე პრობლემა აქვს, ცალ-ცალკე თუ ერთობლივად, წყვილთა თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. განიხილება თემები, რომლებიც შესაძლოა ფსიქოლოგის გარეშე მათთვის ისე ღია და გახსნილი არ იყო, ამაზე ვერ საუბრობდნენ და ვერ უზიარებდნენ თავიანთ დამოკიდებულებას. ხშირად თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის აღმოსაჩენად და გასაცნობად.
– რა პრობლემებით მოდიან თქვენთან ძირითადად წყვილები?
– ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად გააქტიურებული თემა კონფლიქტებია, როდესაც არ ხდება ერთმანეთის მოსმენა და გათვალისწინება. ეს
არის ყველაზე ხშირი მომართვიანობის მიზეზი. გარდა ამისა, ბავშვთან, კონკრეტულად, მის აღზრდასთან დაკავშირებული თემები, რაც ასევე ძალიან აქტუალურია. პანდემიის პერიოდს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა წყვილმა ახლა დაიწყო ერთმანეთის გაცნობა. შესაბამისად, ისეთ საკითხებზეც კი გვიწევს მუშაობა, როგორებიცაა ინტერესების სფერო, ჰობი და ასე შემდეგ.
– რამდენად ხშირია წყვილებს შორის ღალატის პრობლემა?
– მომართვიანობიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ძირითადად მამაკაცების მხრიდან ღალატი უფრო ხშირად მაქვს სამუშაო საკითხად, ვიდრე ქალბატონების. შეიძლება ისიც აღინიშნოს, რომ ქალები ემპათიის გამოჩენასა და ოჯახის შენარჩუნებას უფრო მეტად ცდილობენ, ვიდრე მამაკაცები.
– წყვილების ურთიერთობაში რამდენად ხშირად არიან მშობლები ჩარეულნი და ეს ფაქტორი რამდენად ეხმარება ან პირიქით, ხელს უშლის მათ?
-საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 70 %-ში ჩარეულები არიან. ხდება ან პირდაპირი, ან ირიბი ჩარევა. წყვილის შემთხვევაში ორი ადამიანი სხვადასხვა კულტურიდან, სხვადასხვა გამოცდილებიდან მოდის და ცდილობენ, რაღაც ახალი შექმნან. ასეთ დროს, ძირითად შემთხვევაში, თითოეული ჩარევა ნეგატიური გავლენას ახდენს ხოლმე. ეს ხშირად გამოიხატება როგორც მითითებასა და სწავლებაში, ასევე, წინა გამოცდილების მიცემით, მაგალითად: “ჩვენ ხომ ასე ვაკეთებდით,” “ჩვენ ხომ ასე ვცხოვრობდით.” ეს, ერთი მხრივ, მანიპულაციის საგანია და ამ მოტივით უფროსები ხშირად ცდილობენ ჩარევას, საკუთარი გამოცდილების ჩართვას, რაც, როგორც ვთქვი, ბევრ შემთხვევაში ნეგატიური შედეგის მომტანია.
– ახალგაზრდა წყვილების ცალკე ცხოვრება რამდენად შველის ამ პრობლემას?
– ეს არის აუცილებელი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულ ადამიანს საკუთარი სივრცე, გარემო ჰქონდეს, სადაც კომფორტულად იქნება. ახალდაქორწინებულებს ისედაც რთული პერიოდი აქვთ და ასეთ შეთხვევაში ერთმანეთთან ადაპტაციის პროცესი გაუმარტივდებათ. ხოლო, როცა წყვილი დიდ ოჯახში ცხოვრობს, ერთი ადამიანის ნაცვლად, ბევრთან უწევს ადაპტაცია, რაც პირველ ეტაპზე, რთულია.
– ხშირად ქალები მეუღლესთან კრიზისული ურთიერთობის მოსაგვარებლად კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას ცდილობენ. რამდენად სწორია ეს მიდგომა და რეალურად, შველის თუ არა პრობლემას?
– სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკის სახე მიეცა ფაქტს, რომ ბავშვი ოჯახის შესანარჩუნებლად გამოსავალია. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. როდესაც წყვილთა თერაპიაზე მოდიან, ყოველთვის ვუხსნით და ვეუბნებით, რომ ბავშვის გაჩენა არ არის გამოსავალი. თუ შვილს იმ კოდით ვაჩენთ, რომ მან ოჯახი უნდა შეარიგოს, ჩათვალეთ, რომ მთელი ცხოვრება ამ სტატუსის ქვეშ ყოფნისთვის ვწირავთ. შესაბამისად, ეს ფსიქოლოგიურად მიუღებელი ქმედებაა და ვიტყოდი, რომ არასწორი და არასამართლიანია ბავშვის მიმართ. წყვილის შემთხვევაში ის ვერანაირ კონფლიქტს ვერ მოაგვარებს. ჩათვალეთ, რომ ურთიერთობაში მას დროებითი “გამაყუჩებლის” ეფექტი ექნება.
– როგორ ფიქრობთ, რა შეცდომები მოსდით ყველაზე ხშირად ახალგაზრდებს, რაც მათ ურთიერთობას აფუჭებს?
– წინა გამოცდილების მოტანა ახალ ურთიერთობაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა. როდესაც საოჯახო ან პარტნიორულ გამოცდილებაზე გვაქვს საუბარი. ახალი ურთიერთობა ახალი გამოცდილებაა, შესაბამისად, ის არ ჰგავს და ვერ იქნება წინა გამოცდილების მსგავსი. ამიტომ, ამ შეცდომას ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს.
– არის შემთხვევები, როცა წყვილებს ურჩევთ, რომ ერთად ცხოვრება მხოლოდ ვნებს მათ და ჯობს დაშორდნენ?
-ზოგადად, ფსიქოლოგები ასეთი ტიპის რეკომენდაციებს არ ვიძლევით, შესაბამისად, ამას არც მე ვაკეთებ. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც საქმე ფიზიკურ ძალადობას ეხება და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ასეთ დროს შესაძლებელია წყვილს ვურჩიოთ, რომ რაღაც პერიოდი ერთმანეთის გარეშე ცხოვრება მოსინჯონ, ნახონ, რამდენად კომფორტულად არიან და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. ეს შეიძლება ექსპერიმენტის სახით იყოს შეთავაზებული, მაგრამ, პირდაპირ მითითება და რეკომენდაციის მიცემა, რა თქმა უნდა, არ ხდება.
– გარდა ჩამოთვლილი პრობლემებისა, არის კიდევ რამე, რაც წყვილებს ურთიერთობაში უშლის ხელს?
-წყვილების შემთხვევაში სექსუალური შეთავსება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც თერაპიის დროს ვმუშაობთ, რადგან თუ წყვილს ამ მხრივ აქვს პრობლემა, მაშინ ყველა მიმართულებით ექნება არასასიამოვნო გამოცდილება. ვცდილობთ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ჩავრთოთ სექსოპათოლოგი, კონკრეტული მიმართულების ფსიქოლოგი. მსგავსი გამოცდილება საკმაოდ ხშირია ჩვენს რეალობაში.
წყარო:https://www.mshoblebi.ge