„აცრა არის ერთადერთი გამოსავალი“- ვატო ნაცვლიშვილი

ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი და მომავალი თაობის სწორი განვითარება – ეს ის საკითხებია, რომლებსაც კორონავირუსულმა პანდემიამ განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა.
ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებულ შეზღუდვებს განსაკუთრებით სპორტსმენები განიცდიან, რადგან სტაბილური ვარჯიში და ჩვეული გარემო მათთვის უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვატო ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პროცესები და კოვიდპანდემიის მიერ სპორტისადმი მიყენებული ზიანი სამომავლოდ აუცილებლად იჩენს თავს, და ეს მხოლოდ სპორტული სამყაროს პრობლემა არ არის. ვეტერანი სპორტსმენი მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და დაიცვან საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.
„რაც თავი მახსოვს, გეგმური აცრების გარდა, ყოველთვის ვიტარებდი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრებსაც. როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდა საქართველოში, არ დამიწყია არცერთი პროპაგანდისტული მოსაზრების მოსმენა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა გავიკეთე. ავიცერი ზაფხულში, მიუხედავად იმისა, რომ აპრილში, სანამ ვაქცინა გამოჩნდებოდა, ვირუსი უკვე გადატანილი მქონდა.
აუცილებლად მინდა მოვუწოდო ყველას აცრისკენ, განსაკუთრებით – სპორტსმენებს. მართალია ახალგაზრდები არიან, ჯანსაღად ცხოვრობენ და შედარებით ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ვაქცინაცია მაინც აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მარტივად გადაიტანონ ვირუსი. ამ ვირუსთან ბრძოლისას მხოლოდ ძლიერი იმუნიტეტი არ არის საკმარისი, საჭიროა დამატებითი დახმარება ვაქცინის მეშვეობით, რომელიც გვიცავს.
კორონავირუსის პანდემიამ ყველა სფერო დააზარალა, განსაკუთრებით კი – სპორტი. პროფესიონალი სპორტსმენების გარდა, ზიანი მიადგა ახალგაზრდა თაობას – ბავშვებს, მოზარდებს, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ წრეზე დადიან, ვარჯიშობენ. ფაქტობრივად, ისინი უახლოესი 2 წლის განმავლობაში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარების პერიოდია, ჩვეული სპორტული პროცესებიდან ამოვარდნილები აღმოჩნდნენ, რაც სამომავლოდ თავს აუცილებლად იჩენს. ეს მარტო სპორტის პრობლემა არ არის, ყველას პრობლემა იქნება მომავალში, რადგან პანდემიამ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიაყენა დარტყმა. ამის თავიდან ასაცილებლად გვაქვს აცრა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე მედიკამენტოზური მკურნალობა არ დაინერგება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, აცრა ერთდერთი გამოსავალია, რომ ადამიანებმა დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა, გარშემომყოფები და ვირუსის გავრცელებას შეუშალონ ხელი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი არ დაგვიცავს ვირუსისგან, ვირუსისგან თავი რომ დავიცვათ, ე.წ. ვირუსის გავრცელების ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ. ამის ერთადერთი პრევენცია კი ვაქცინირებაა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას. გადავხედოთ სხვა ქვეყნებს, სადაც მეტი ადამიანია აცრილი, იქ ვირუსის გავრცელებაც ნაკლებია“,- ამბობს ვატო ნაცვლიშვილი.

პირადად, ჩემს ოჯახში ყველა აცრილი და დაცული ვართ – ჩემი მშობლები, შვილები. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი გადავიტანეთ და ანტისხეულები გვაქვს, მაინც პრევენციის მიზნით ავიცერით.

კომენტარები

სხვა სიახლეები